მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ, შესაძლოა, დააყენოს მორიგი შუამდგომლობა – მოსამართლემ გიორგი არევაძემ გადაწყვეტილების მიღებამდე, კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი პირადად მოინახულოს.
როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის სურვილია, „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ან სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი გამოჰკითხონ:
„არ გამოვრიცხავ შუამდგომლობა დავაყენო, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ გადაწყვეტილებას მიღებამდე კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს და პირადად ნახოს.
მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ სასამართლოს დარბაზში ზურაბ ჩხაიძე ან თამარ დავარაშვილი დაიკითხოს. იმიტომ, რომ მეორე მხარემ (პენიტენციურმა სამსახურმა) მთავარი მოწმეები მოხსნა.
საკითხზე იურიდიული ჯგუფი ვიმსჯელებთ – რამდენად შესაძლებელი იქნება ეს სამართლებრივად. ექიმი, რომელიც უნდა მოსულიყო და ესაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ჩვენი მხრიდან მტკიცებულებები, ექსპერტების დასკვნებია წარმოდგენილი და მეორე მხრიდან არავინ არ არის.
ნინო ნადირაძისთვის საქმის დეტალები – ავადმყოფობის ისტორიაში რა წერია, ცნობილი არ არის. სასამართლომ უნდა იცოდეს, რომ ადამიანის ბედი წყდება და არა მარტო ადამიანის, შეიძლება ითქვას, როგორ განვითარდება შემდეგში მოვლენები საქართველოში, ქვეყანა როგორ, ან საით წავა, ამის ბედი წყდება დღეს“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის თქმითვე, თუ სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, ციხეთა სისტემა რამდენიმე წუთში დატოვოს:
„პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით მოხდეს. პოლონეთი გამოაგზავნის თვითმფრინავს და შემდეგ გადაწყდება, რომელ ქვეყანაში შეიძლება მისი გადაყვანა. ვფიქრობ, ეს გერმანია იქნება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.