LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლასიკური ბებია არ ვარ… არ ვარ „დედამთილი“… ჩემი დღეები სხვადასხვანაირია, მაგრამ რაც ყოველდღე აუცილებლად არის ჩემს ცხოვრებაში, ეს არის მუსიკა…“ – რუსიკო მუმლაძე ოჯახურ იდილიასა და ახალ მუსიკალურ ნამუშევარზე

470
რუსიკო მუმლაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ რუსიკო მუმლაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის ოჯახზე, შემოქმედებაზე, საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი ნამუშევარი „ჯადოსნური სიმღერა“ გაუზიარა.

რუსიკო, როგორ შეაფასებდით 2025 წელს?

საერთო ჯამში, პოზიტიურად შევაფასებ, რადგან ჩემთვის ყველა მხრივ კარგი წელი იყო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2024 წლის მიწურულს, დეკემბერს, ბებიის საპატიო სტატუსი მომენიჭა.

როგორია ბებიობა?

ძალიან კარგი, ზღაპარი… მე შინაგანად უკვე მზად ვიყავი ამისთვის, უბრალოდ, კლასიკური ბებია არ ვარ.

ყოველდღიურად იღებთ მონაწილეობას შვილიშვილის აღზრდაში?

ზუსტად ამიტომ აღვნიშნე, რომ კლასიკური ბებია არ ვარ… მეც და მეორე ბებიაც ბავშვს მარტო ვეთამაშებით და ეს ჩემი რძლის დამსახურებაა, ყველაფერს თვითონ აკეთებს, ისეთი ყოჩაღი და განვითარებულია ამ მხრივ, აბსოლუტურად მზად აღმოჩნდა.

როგორი დედამთილი ხართ?

არ ვარ „დედამთილი“, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემს რძალთან, მარტო რძალთან არა, ჩემს შვილთანაც. ზედმეტად არაფერში ვიჭრები, სიმართლე რომ გითხრათ, არც მცალია ამისთვის, მერე, პატარებიც არ არიან ასაკით, უკვე დიდები არიან, ჩემი შვილი 33 წლისაა, მარიამი 30-ის და ზედმეტი კონტროლი არ სჭირდებათ.

როგორია თქვენი ერთი დღე?

საერთოდ, ძალიან „გეგმური“ ადამიანი ვარ და გეგმურად მივყვები ცხოვრებას და დღეებსაც ასე ვგეგმავ, თუმცა მიყვარს სპონტანურობაც, რაც ასაკში შევედი, სპონტანურობა მართობს.

ჩემი დღეები სხვადასხვანაირია, მაგრამ რაც ყოველდღე აუცილებლად არის ჩემს ცხოვრებაში, ეს არის მუსიკა. მე მუსიკით ვცხოვრობ.

სიმღერის ჩაწერისას ძირითადად რომელ სტუდიასთან თანამშრომლობთ?

სიმღერებს ჩემს საკუთარ სტუდიაში ვწერ. სახლში მაქვს სტუდია და ჩემი მეუღლე ხუმრობს ხოლმე, რა ენაღვლება, ხალათით შედის და წერს სიმღერებს, როცა უნდა, ფული აქვს გადასახდელი თუ რაო…

ახალი ნამუშევრის შექმნისას, რამდენად ითვალისწინებთ მეუღლის აზრს და რამდენად ჩართულია თქვენს შემოქმედებაში?

ჩვენი ერთობლივი ცხოვრება, შეხვედრა და ყველაფერი, მუსიკის დამსახურებაა.

ხანდახან, გვაქვს ხოლმე პროფესიული კამათი.

კამათის დროს, ვინ თმობს ხოლმე პირველი?

საერთოდ, მომღერალს ანგარიში უნდა გაუწიო, რადგან ის სხვანაირად აზროვნებს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, მივმხვდარვარ, რომ ის მართალს მეუბნებოდა. როცა კარგ რამეს მთავაზობს ადამიანი, ნებისმიერ სფეროში, მიყვარს კარგი იდეების მიღება.

განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?

საერთოდ, ვგიჟდები ახალ წელზე, პატარა ბავშვივით მიხარია. 1-ლი დეკემბრიდან უკვე ამაზე ვიწყებ ფიქრს. ხელები გავიფუჭე ნაძვის ხის მორთვით. წელს, სხვანაირად, სხვა ფერებში მოვრთე ნაძვის ხე. ნაძვის ხეს მარტო ვრთავ ხოლმე, არავინ მეხმარება ამაში და არც მინდა. ჩვენ ყველა ოთახში, ჭერში გვაქვს გამაძლიერებლები და „Happy new year“-ს ვრთავ და ვარ ხოლმე ერთ ამბავში, ძალიან სახალისოა.

თავად ამზადებთ ხოლმე საახალწლო სუფრას?

ტრადიცია მაქვს, არის რაღაც კერძები, რომლებიც აუცილებლად მე უნდა გავაკეთო და ეს არის გოზინაყი, საცივი.

გჯერათ თუ არა ბედობის და თუ ითვალისწინებთ სხვადასხვა რჩევებს, თუნდაც იმას, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე?

დიდად არა, რაც ღმერთის ნებაა, მაინც მოხდება, მე ღმერთს ვენდობი და ღმერთის მჯერა პირველ რიგში.

მოგვიყევით თქვენს ახალ ნამუშევარზე „ჯადოსნური სიმღერა“.

ეს არის ცნობილი სიმღერა, ზურა ლალიაშვილის „ჯადოსნურ ქალაქში მივფრინავთ“. შევცვალეთ ტექსტი, აბსოლუტურად ახალი ვერსიაა. ტექსტი ჩემს საყვარელ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. სიმღერა ერთი კვირის წინ ჩავწერე, სულ ცხელია.

როგორია სამომავლო გეგმები?

კონცერტს ვგეგმავ, ძალიან საინტერესო სოლო პროექტი მაქვს გამზადებული.

რუსიკო მუმლაძე – ჯადოსნური სიმღერა

გადაცემის აუდიოჩანაწერი


რუსიკო მუმლაძე – ოქროყანის აღმართი. Live


რუსიკო მუმლაძე. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები