კოპენჰაგენის აკვატორიაში დაიწყეს მცირე ზომის მცურავი კუნძულების განთავსება, რომლებიც მინდვრის ყვავილებითაა დაფარული. ისინი თავშესაფარი გახდება ფუტკრებისთვის, პეპლებისთვის და ფრინველებისთვის, რომლებსაც ქალაქში საცხოვრებელი გარემოს პოვნა უჭირთ.
ბოლო წლებში მეგაპოლისებში მათი ბუნებრივი ჰაბიტატი თანდათან ქრება – ფუტკრებსა და ფრინველებს ანაცვლებს შენობები და გზები, ხოლო ქალაქის ცენტრში, მჭიდრო ისტორიული განაშენიანების გამო, მწვანე სივრცეებისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩება.
ამიტომ კოპენჰაგენში, რომელიც წყლის ქალაქია, გადაწყვიტეს პატარა ეკოსისტემების შესაქმნელად აკვატორია გამოიყენონ.
გარედან ეს კუნძულები ნელა მოძრავ ყვავილების ნარგავებს ჰგავს. თითოეული მათგანი წარმოადგენს პლატფორმას ნიადაგით, ბალახითა და ყვავილებით. აქ რგავენ მცენარეებს, რომლებიც იზიდავს ფუტკრებსა და პეპლებს, რომელთა რაოდენობა მსოფლიოში მცირდება. ფრინველებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, უსაფრთხო ადგილას დაისვენონ ან ბუდეც კი მოიწყონ.
კუნძულები მხოლოდ ზედაპირზე არ „მუშაობს“. მათი ქვედა ნაწილი იქცევა თავისებურ „რიფად“, სადაც შეიძლება მიეკრას მოლუსკები და წყალმცენარეები. დროთა განმავლობაში წყალმცენარეებში იწყებენ ცხოვრებას თევზებიც, რის შედეგადაც პლატფორმის ირგვლივ ახალი წყალქვეშა ეკოსისტემა ყალიბდება.

კუნძულები ეკოლოგიურად მდგრადი მასალებით მზადდება, ხოლო მათი კონსტრუქცია შთაგონებულია სკანდინავიური გემთმშენებლობის ტრადიციებით. ისინი მოძრავია, ამიტომ შესაძლებელია გადაადგილება ნავსადგურში სეზონისა და ქალაქის საჭიროებების მიხედვით.