LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზი რამიშვილი: „ბაბუას ძალიან უნდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი… ძალიან დამაკლდა და მინდა, ჩემ გვერდით იყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრს ვისწავლიდი მისგან…“

448
ლიზი რამიშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“-ს ლიზი რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და 15 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

ლიზი რამიშვილი:

15 ივნისს, მე და თამარ ლიჩელი წარვდგებით პუბლიკის წინაშე კონსერვატორიის მცირე დარბაზში. კონცერტზე ბრამსის პირველი სონატა ჩელოსთვის და რახმანინოვის სონატა შესრულდება ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, თეონა ჯორბენაძეს, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას.

წელიწადზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი მანანა დოიჯაშვილის მუსიკალურ სემინარიაში. ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა და ჩემი მოსწავლეები, რომელთაც დღეს ჩააბარეს ბოლო გამოცდა. პედაგოგობა სერიოზულ გამოწვევად იქცა ჩემთვის, მართალია, ყოველთვის ძალიან მიყვარდა, როცა ვიღაცას რაღაცას ვასწავლიდი და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი, მაგრამ მანამდე მსგავსი შანსი არ მქონია. დიდი პასუხისმგებლობაა პატარა ბავშვების სწავლება და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი საშუალება მომეცა. ოთხი მოსწავლე მყავს და ძალიან მიხარია, რომ ბევრ ბავშვს უნდა ჩელოზე დაკვრის სწავლა.  

ბაბუას ძალიან უნდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი. სხვათა შორის, წელს ოთარ რამიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. 77 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. 14 წლამდე მასთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა, მუდმივად ვსაუბრობდით და ვიზიარებდით ერთმანეთს იდეებს. ძალიან დამაკლდა და ძალიან მინდა, ჩემ გვერდით იყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრს ვისწავლიდი მისგან. ვიცი, რომ იქ, სადაც არის, ძალიან უხარია ჩემი წარმატება. მუსიკალურ გარემოში გავიზარდე, რადგან ბიძა – ზურაბ რამიშვილიც მუსიკოსი, ჯაზპიანისტია, მამა ალტისტია და სიმღერებს ქმნის, დედა კი, მევიოლინეა და მუსიკისა და ბალეტის თეატრში მუშაობს. ძალიან მინდოდა ბაბუას საიუბილეო კონცერტის მოწყობა, მაგრამ არ გამომივიდა. იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ და  კარგ საღამოს გავაკეთებ.

ძალიან გამიხარდა, როცა ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებზე მიმიწვიეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამარ ლიჩელის, რომელმაც ეს ფესტივალი დააარსა, რადგან მართლაც ეროვნულ საქმეს აკეთებს. ფესტივალზე უამრავი ქართველი კომპოზიტორის ნამუშევარი სრულდება, რაც არა მხოლოდ მსმენელისთვის, არამედ ჩვენთვის – მუსიკოსებისთვისაც აღმოჩენად იქცა. წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა ფესტივალში და  ბედნიერი ვარ, რომ ჯერ ვაჟა აზარაშვილის კონცერტის დაკვრის საშუალება მომეცა, მერე ტრიო შევასრულეთ მე, თამარ ლიჩელმა და გიორგი ხაინდრავამ.

ყოველთვის ბევრი გატაცება მქონდა, მუდმივად ახალს ვსწავლობ, თუმცა ჩელოს – ჩემს საყვარელ ინსტრუმენტს მაინც ვერასდროს ვშორდები. ალბათ, მუსიკოსი რომ არ ვყოფილიყავი, საერთოდ არ მექნებოდა პროფესია, რადგან სხვა სფეროში ნამდვილად ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. მიხარია, რომ პუბლიკას მოსწონს ჩემი შესრულება. მართალია, კონცერტის დასრულების შემდეგ ზოგჯერ არც მესმის აპლოდისმენტები, რადგან იმაზე უფრო ვფიქრობ, როგორ დავუკარი, მაგრამ ჩანაწერების ნახვისას ძალიან მაბედნიერებს ამგვარი დაფასება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მოგზაურობა და ადგილობრივი მოზარდებისთვის მასტერკლასების ჩატარება. მით უფრო, რომ კონკურსში, რომელსაც ვალერი შიუკაშვილი აწყობს, უამრავი ახალგაზრდა მონაწილეობს რეგიონებიდან. ნამდვილად არ მეგონა, რომ კლასიკური მუსიკით ამდენი მოზარდი ინტერესდებოდა, ამიტომ აუცილებელია მათი დახმარება და ხელშეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g