LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთლის, პაატა გულიაშვილისა და გიორგი შოშიტაშვილის ჰიტების ავტორის ტრაგიკული ცხოვრება: „სამყარო ძალიან მკაცრად მომექცა…“

1298
ქეთი ხუციშვილი

ქეთი ხუციშვილის სიმღერებს ლოლა წერეთელი, პაატა გულიაშვილი, გიორგი შოშიტაშვილი და სხვა შემსრულებლები მღერიან. ჟურნალ „თბილისელებთან“ კომპოზიტორი ამბობს, რომ საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება გამოიარა, თუმცა მისი სიმღერები, ძირითადად, პოზიტიურია:

– ძალიან ლამაზი და ლაღი ბავშვობა მქონდა. ორივე მშობლისა და ნათესავების მხრიდან, განებივრებული ბავშვი ვიყავი. ის, რომ ცხოვრება ძალიან რთულია, საკმაოდ გვიან ასაკში გავაანალიზე. სამწუხაროდ, 16 წლის ასაკში და გარდამეცვალა. მის დარდს გადაჰყვა მამა. მაშინ 19 წლის ვიყავი. 13 წლის წინ კი, 38 წლის რომ ვიყავი, გარდამეცვალა ძმა, 33 წლის, ბერ-მონაზონი, რომელიც ჩემთვის იყო მეგობარიც, მშობელიც, საყრდენიც და მაშინ გავაცნობიერე, რომ ცხოვრება არ არის ვარდებით მოფენილი გზა და ძალიან დიდ სირთულესთან აღმოვჩნდი პირისპირ. ამ სამი ადამიანის გარდაცვალება ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემს ცხოვრებაში, მივხვდი, რომ სამყარო ძალიან მკაცრად მომექცა. დედა, მიუხედავად რთული ყოფისა, ყოველთვის ცდილობდა, ჩემთვის მამის, დისა და ძმის გარდაცვალების ტკივილი შეემსუბუქებინა.

ბავშვობიდან სულ ვწერდი ლექსებს, მუსიკას და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს დაწერილ სიმღერებს ცნობილი შემსრულებლები იმღერებდნენ და ამდენი ადამიანის გულს დაათბობდა…

ჩემს სიმღერებს ასრულებენ ნინო ჩხეიძე, ლოლა წერეთელი, გია სურამელაშვილი, შორენა იმნაძე, „ქსოვრელები“, გიორგი შოშიტაიშვილი, ინგა ხელაშვილი, პაატა გულიაშვილი და კიდევ ბევრი, რომლებსაც თავიანთი მსმენელი და აუდიტორია ჰყავთ. მე კი, როცა ჩემს სიმღერებს ვასრულებ, დღემდე მეუბნებიან, თვალებში სევდა ჩანსო. როგორ შეიძლება, ამხელა ტრაგედიები ჰქონდეს გავლილი ადამიანს და სევდა თვალებში არ ჩანდეს. ეს ხომ წარმოუდგენელია?! გულში დარდი არ ნელდება და არ შუშდება. დღეს ყველაზე დიდ იმედს და სტიმულს ჩემი შვილი, რძალი და შვილიშვილები მაძლევენ. ბევრს უკვირს, სამი შვილიშვილის ბებია რომ ვარ (იცინის). სასწაული განცდაა ადრეულ ასაკში ბებიობა. თამამად ვიტყვი, არაჩვეულებრივი ბიჭი მყავს, რომელიც 30 წლისაა და გადასარევი რძალი, რომელიც პირველ რიგში, ჩემი საყრდენი და მეგობარია, ვინც არასოდეს მომცემს წაქცევისა და მოწყენის საშუალებას.

magti 5g