ანრი ჯოხაძის ოჯახში დიდი სიახლეა. აღდგომა დღეს დაბადებულმა დანიელ დემირი-ხარაძემ ამ ოჯახში ბევრს შეუცვალა სტატუსი. მომღერლის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე ბებია დიდი ბებია გახადა, უმცროს დას, მომღერალ მაგდა ჯოხაძეს, ბებიას სტატუსი მიანიჭა, ხოლო თავად ანრის – ბაბუის და ოჯახის ტემპი და დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა.
ჟურნალ „სარკეს“ (21 მაისის ნომერი) მაგდა ჯოხაძე ემოციებს უზიარებს:
48 წლის ასაკში გავხდი ბებია და ეს საოცარი ემოციები ყოფილა. ჯერ ხომ ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ედა გახდეს, შემდეგ კი ბებიობა ემოციების დაგვირგვინებაა. ღმერთმა ყველა ქალი დაგვაბეროს ასე ბედნიერად. 17 წლის ვიყავი, დედა როცა გავხდი, ჩემმა შვილმა მარიამმა ძალიან დაიგვიანა, 31 წლის ასაკში გახდა დედა… პრინციპში, ეს ძალიან კარგი ასაკიცაა და დროულიც არის, შვილიშვილის დაბადებამ მთელი ოჯახი ჭკუიდან გადაგვიყვანა, ყველა მას დავფოფინებთ.
მთელი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ, ჩემი შვილებიც ანრის გაზრდილები არიან, ამიტომაც ის, პირდაპირი მნიშვნელობით, არის ნამდვილი ბაბუა ბავშვისთვის. წამოიტირებს თუ არა, პირველივე ნოტზე ოთახში შემორბის. რატომღაც ჰგონია, რომ ბავშვი ისე იზრდება, არ უნდა იტიროს. ის სრულიად არის მის მოვლა-პატრონობაში ჩართული.
სულ ვეუბნებოდი, დროზე გახდი მამა, თორემ ბაბუა გახდები და მერე როგორ იქნება საქმე-მეთქი. ფაქტია, ჯერ ბაბუა გახდა და წინ მამობა ელოდება. ისეთი კარგი ბიძა იყო, დარწმუნებული ვარ, რომ საოცარი მამა იქნება…