აუქციონის სახლი Broad Arrows იანვრის ბოლოს ღია აუქციონზე გამოიტანს ფორმულა 1-ის ბოლიდს, რომელსაც კოლექციონერებისა და „სამეფო რბოლების“ გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. საუბარია Benetton Ford-ის 1992 წლის სეზონის №05-ზე – სწორედ ამ მანქანით მოიპოვა მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი გამარჯვება ფორმულა 1-ის კარიერაში. სრულად რესტავრირებული და მოძრავი ბოლიდის გაყიდვის შემდეგ ორგანიზატორები 8,5 მილიონი ევროს ან მეტის მიღებას გეგმავენ.
Benetton Ford-ის გუნდმა ლოტი სეზონის დასაწყისიდან არ გამოიყენა, 1992 წლის პირველი რბოლები გუნდმა წინა მოდელით ჩაატარა. განახლებული ბოლიდი პირველად ექსპლუატაციაში სეზონის მეოთხე ეტაპზე შევიდა, ესპანეთის გრან-პრიზე, სადაც შუმახერმა მეორე ადგილი დაიკავა.

შუმახერის პირველი გამარჯვება მოგვიანებით შედგა – ბელგიის გრან-პრიზე, რომელიც ლეგენდარულ ტრასაზე, სპა-ფრანკორშამზე, გაიმართა. თავად „წითელი ბარონი“ ამ ტრასას მოგვიანებით ერთ-ერთ საყვარელ ავტოდრომად მოიხსენიებდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, წვიმიან რბოლაში წარმატება შუმახერს საბურავების სარისკო, თუმცა ზუსტმა არჩევანმა მოუტანა, თუმცა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასევე Williams-ის ორივე ბოლიდის ძრავებთან დაკავშირებულმა ტექნიკურმა პრობლემებმა, რომლებსაც ნაიჯელ მენსელი და რიკარდო პატრეზე მართავდნენ.

ეს საკულტო სპორტული მანქანა თავდაპირველად Benetton-ის შტაბ-ბინაში ინახებოდა, შემდეგ კი Renault Classic-ის კოლექციაში გადავიდა, სადაც 2015 წლამდე დარჩა. მოგვიანებით ბოლიდი შეიძინა კომპანია LRS Formula-მ, რომელმაც მას სრული რესტავრაცია ჩაუტარა. 2016 წელს ის დღევანდელი მფლობელის – კერძო კოლექციონერის საკუთრება გახდა. აუქციონზე მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ძალიან ცნობილი მრბოლელია. ამგვარად, ისტორიული ბოლიდი პირველად გამოჩნდება ღია აუქციონზე.
ამ დროისთვის აუქციონზე გაყიდული შუმახერის ყველაზე ძვირადღირებული ბოლიდი არის Ferrari F2001, რომლითაც მან 2001 წელს მოიგო როგორც მონაკოს გრან-პრი, ისე მთელი ჩემპიონატი. 2025 წლის მაისში ისტორიული ავტომობილი 15 980 000 ევროდ გაიყიდა.
