LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიო სტეფანო პიეტროდარკი: „სოლოკონცერტით პირველად წარვდგები ქართველი მსმენელის წინაშე… შეუძლებელია, საქართველოში ჩამოხვიდე და გია ყანჩელის ნამუშევრები არ შეასრულო…“

909
პიეტროდარკი

12 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აკორდი და SPARKS წარმოგიდგენთ
ასტორ პიაცოლას, ნინო როტას, რობერტო დი მარინოსა და ენიო მორიკონესადმი მიძღვნილ საღამოს.

საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო დონის იტალიელი ვარსკვლავი, ბანდონეონისტი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინსტრუმენტალისტია.

მაყურებლის წინაშე ასევე წარდგება პიანისტი დავით ალადაშვილი, კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი (პირველი ვიოლინო კონსტანტინე გოცირიძე) და კამერული ორკესტრი.

საღამოს პირველ განყოფილებაში მსმენელს მუსიკალური სიურპრიზები ელოდება, ხოლო მეორე განყოფილებაში ზემოხსენებული უკვდავი კომპოზიტორების ნამუშევრები შესრულდება.

ღონისძიებასთან დაკავშირებით თათა სადრაძის გადაცემაში არტ-FM მუსიკალური კომპანია „აკორდის“ დამფუძნებელმა, ნიკა ძმანაშვილმა ისაუბრა:

„მსოფლიო დონის ბანდონეონისტის მარიო სტეფანო პიეტროდარკის კონცერტი ეძღვნება მეოცე საუკუნის ბუმბერაზ კომპოზიტორებს. შესრულდება ასტრორ პიაცოლას, ნინო როტას, გია ყანჩელის კომპოზიციები. რადგან წელს გია ყანჩელის 90 წლის იუბილეა, გადავწყვიტეთ, მისი ნამუშევრებითაც გავანებივროთ მსმენელი. მარიო სტეფანო პიეტროდარკს ხუთი წელია, თბილისში არ გაუმართავს კონცერტი და მაყურებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მოგვეწვია…

მარიო სტეფანო პიეტროდარკი:

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოლოკონცერტით წარვდგები მსმენელის წინაშე. მიმუშავია შესანიშნავ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი და ლიზა ბაგრატიონი. რაც შეეხება პროგრამას, ფრედერიკო ფელინისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიციების სინთეზი ნიკოლოზ რაჭველის მიერაა არანჟირებული, რომელსაც ამ კონცერტზე შევასრულებ. წარმოუდგენელია, რომ საქართველოში ჩამოხვიდე და გია ყანჩელის კომპოზიციები არ შეასრულო, რომლებიც ასევე არანჟირებულია ნიკოლოზ რაჭველის მიერ. დავუკრავ რობერტო დი მარინოს ნამუშევრებს, რომელთა შესრულებაც ჩემთვისაც პირველი იქნება.

რატომ შეგიყვარდათ ასე ჩვენი ქვეყანა?

ყოველთვის მინდა ხოლმე საქართველოში დაბრუნება, რადგან ეს არის შესანიშნავი გრძნობა. ზოგადად, ქვეყანა ძალიან მომწონს, ისევე, როგორც თქვენი სამზარეულო. უკვე დიდი ოჯახი მყავს აქ, უამრავი მეგობარი… როგორც ოჯახში, ასე ვბრუნდები ხოლმე აქ…

რომელია ერთი კონკრეტული ნამუშევარი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკავშირდება?

რასაკვირველია, არსებობს ერთი ნაწარმოები, რომელიც დიდ სიძლიერეს მაძლევს და ამით ადამიანები მცნობენ, „იუთუბზე“ ვირუსულად გავრცელებულია პიაცოლას „ლიბერტანგო“ ჩემი შესრულებით. ამით მცნობენ ყველგან… „ტიკ-ტოკზე“ 56 მილიონი ნახვა ჰქონდა. კონცერტზეც ყველა ელოდება, როდის დავუკრავ პიაცოლას ამ ნამუშევარს. არასდროს მომბეზრდება ასტორ პიაცოლასთვის მადლობის გადახდა…

Posted by Tata Sadradze on Thursday, April 10, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g