LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართალია, ბევრს მკაცრი, ცივი და უხეში ვგონივარ, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა, ძალიან სენსიტიური, მგრძნობიარე ვარ და ყველაფერზე გული მიჩუყდება” – ეკა ჩხეიძე „არტ-FM“-ში

1316
ეკა-ჩხეიძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მსახიობი ეკა ჩხეიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებით და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

ყველაზე კომფორტული ადგილი

ყველაზე კომფორტული ჩემთვის თეატრი დაა სპექტაკლის თამაშია, როცა მოძებნილია პერსონაჟი და ზუსტად იცი, რას აკეთებ. ძალიან მომწონს მაყურებელთან კონტაქტი. ბოლო დროს ტელევიზიაც შემიყვარდა. ყოველთვის მინდოდა, შინაურული გადაცემის გაკეთება, რომელშიც ისე ლაღად და თავისუფლად იგრძნობდა ყველა რესპონდენტი თავს, თითქოს სახლში მსტუმრობდა. მიხარია, რომ ჩანაფიქრი განვახორციელე, არასდროს ვემზადები წინასწარ და არასდროს ვგეგმავ საუბრის თემას, რადგან იმპროვიზაციით მირჩევნია მუშაობა. ბევრ სტუმარს უთქვამს, რომ ჩემთან საუბარი და გულწრფელობა ენატრება, რაც ძალიან მახარებს. საერთოდ, ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს, რადგან შეუძლებლად მიმაჩნია იმის კეთება, რაც არ მომწონს.

თეატრი

თეატრი ჩემი ცხოვრება და ძირითადი საქმიანობაა. მემკვიდრეობით მივიღე მსახიობის პროფესია და ზოგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ აუცილებლად ოჯახური ტრადიცია უნდა გამეგრძელებინა.

როლები და პერსონაჟები

ყველაზე მეტად იმ პერსონაჟების განსახიერება მომწონს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ჩემგან, რადგან ძალიან საინტერესოა ძიების პროცესი. მართალია, ბევრს მკაცრი, ცივი და უხეში ვგონივარ, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა, ძალიან სენსიტიური, მგრძნობიარე ვარ და ყველაფერზე გული მიჩუყდება. ბავშვობაში ცოცხზე შემჯდარი ალქაჯის, ბოროტი ქალების განსახიერება მინდოდა, მაგრამ ჯერ სურვილი ვერ ავისრულე.

არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მქონდა როლი, რომელიც ძალიან არ მიყვარდა. საბედნიეროდ, დღეს ეს სპექტაკლი აღარ იდგმება. ბევრჯერ მითქვამს შეთავაზებაზე უარი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი არ იყო და ვერასდროს მოვირგებდი. როლის შერჩევისას ყოველთვის მირჩევნია, ვიყო კომფორტულად და საკუთარ თავში დარწმუნებული, ვიდრე შევეჭიდო და ისე ვერ შევასრულო როგორც მე მინდა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთიანად და რადიკალურად შეცვლა, მაგრამ ყველა როლს ინდივიდუალურ თვისებებს ვმატებ, რათა ერთმანეთს არ დაემსგავსოს. სხვათა შორის, რაც უფრო დიდხანს თამაშობ სპექტაკლს, მით უფრო მდიდრდება პერსონაჟი, რასაც მაყურებელიც კარგად ხვდება. ამასთანავე, ძალიან ცვლის პერსონაჟს ჩაცმულობა, თუნდაც მცირე დეტალის შეცვლა ჩვეულ კოსტიუმში ან გარეგნობაში.

სტილი

ძალიან მიყვარს ცვლილებები და სიახლეები. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მაქვს, რომელიც ერთხელ უკვე მეცვა და მეორედ ვეღარ ვიცვამ, რადგან მობეზრებულია და აღარ მაინტერესებს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ დეტალების ან წვრილმანების შეცვლას. თუმცა, ამოჩემებაც ვიცი, ძალიან მიყვარს ჯინსები, რომელთაც სხვადასხვა სამოსს, ფეხსაცმელს ვუხამებ და ყოველთვის განსხვავებულად ვატარებ.

ბავშვობა

ბავშვობაში ჯერ ბალერინობა და მოცეკვავეობა, მერე ექიმობა მინდოდა, თუმცა მამიდაჩემმა, მაკა მახარაძემ პირდაპირ მითხრა, რომ ბალეტისთვის შესაფერისი მონაცემები არ მქონდა, მოგვიანებით სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მსახიობი გავხდი და მხოლოდ მაშინ ვცეკვავ, როცა როლი მოითხოვს. ძალიან მომწონს ექიმის პროფესია, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ბიოლოგიას და ქიმიას ვერ ვისწავლიდი.

ტრადიცია

საახალწლო ტრადიცია მაქვს. დღესასწაულს აუცილებლად ოჯახთან და შვილებთან ერთად ვხვდები. მართალია, ბევრჯერ მომიწია ახალი წლის აღნიშვნა წამყვანის ამპლუაში, მაგრამ ჩემი ოჯახიც ყოველთვის ჩემთან იყო. ყოველთვის მე ვარ ოჯახის მეკვლე და ვერავინ ბედავს ჩემამდე სახლში შესვლას.

შვილები

უფროსი შვილი 10 წელია მილანში ცხოვრობს და ძალიან კარგ კომპანიაში მუშაობს, ცნობილ არქიტექტორ-დიზაინერთან ვინჩენცო დეკოტისთან. ძალიან აქტიური და მონდომებულია, მით უფრო, რომ სამუშაოც საინტერესო აქვს. მართალია, სულ სხვა პროფესია მიიღო საქართველოში, მაგრამ უცებ გადაწყვიტა, რომ დიზაინერობა უნდოდა და მონდომებით შეუდგა ამ პროფესიის შესწავლას. უმცროსი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მეორე კურსზე მანაც დიზაინერობა მოინდომა. ერთი წელია ხატვაზე დადის, კომპიუტერულ გრაფიკას სწავლობს და ისიც ძალიან მონდომებულია.

არასდროს არ მქონია სურვილი, რომ ჩემი შვილები მსახიობები ყოფილიყვნენ. გარეგნული სიმსუბუქის მიუხედავად, სინამდვილეში ძალიან რთული პროფესიაა, რადგან მუდმივად ფორმაში ყოფნას, მუშაობას და აქტიურობას მოითხოვს. ამასთანავე, ყოველთვის სხვაზე ხარ დამოკიდებული, რეჟისორები შენით უნდა დაინტერესდნენ, უნდა მოუნდეთ შენთან მუშაობა, მე კი, არ ვარ ის ადამიანი, ვინც იაქტიურებს, თავს გამოიჩენს და  ყოველთვის შეძლებს საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g