მსახიობი დათო დარჩია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმ რთული პერიოდების შესახებ, რომლებიც 90-იანი წლებიდან გამოიარა:
– რა პრობლემებიც მქონდა, ჩემით მოვაგვარე და გადავჭერი, ოჯახი არ გამირევია. 90-იანი წლების ამბები, რომელიც მძაფრად შემეხო – ნარკოტიკის თემა, გენეტიკა, ემოციურობა, პროფესიის გამო გულის გადაღლა და ასე შემდეგ, ალბათ, ყველაფერმა იმოქმედა. გულმა ვეღარ გაუძლო და ინფარქტი დამემართა. ჩემი თავი სუსტი ნებისყოფის ადამიანი მეგონა, მაგრამ, რადგან ყველაფერი დავძლიე ასე არ ყოფილა. და იმას, რაც გავიარე და დავამარცხე, აღარასოდეს დავუბრუნდები. დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი და ბიჭები მეხუმრებოდნენ: რა არის, ბიჭო, კაცი გყავს მოკლულიო. მე თუ სიგარეტს თავს დავანებებდი, არავის წარმოედგინა. საშინელ, ყველაზე ცუდ პერიოდში მომიწია ახალგაზრდა წლების გავლა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ იმ ცუდ პერიოდში და იმ ცუდ მდგომარეობებში, რაც მე ჩემს თავს დავმართე და მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს შემიწყვეტია მუშაობა, კინოშიც და თეატრშიც მქონდა როლები. ხალხმა რომ შემიყვარა და მაყურებელმა გამიცნო, აღარ მქონდა იმის უფლება, მე ჩემი რაღაცებით გზას ავცდენოდი. ამან დიდი როლი ითამაშა და მათ შორის, ოჯახმაც.
