LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე სპეტაკი შვილი მომიკლეს… მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან“ – რას ამბობს მოკლული მასწავლებლის დედა მოსამართლის განაჩენზე

349
ეკა კუპატაძე

„მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან“, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

ეკა კუპატაძემ აღნიშნული განცხადება მისი შვილის, გიგა ავალიანის საქმეზე მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღეს შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ.

ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები. მათ უფრო მეტის საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან იქნებიან დარჩენილი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე სპეტაკი შვილი მომიკლეს.

მადლობა რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან ღირსეულ პიროვნებას ღირსეულად გაუსვა ხაზი. პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, სასამართლომაც ყველაფერი ზუსტად შეისწავლა და გაიაზრა. წლებს ველოდებოდი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეორე ნაწილი, მე ღირსეული შვილი მომიკლეს“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

magti 5g