ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები წაიკითხა და აღნიშნა, რომ თავდასხმაა, როცა ბრალდებები ისმის.
„კობახიძე: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 ევროპარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ – ეს არ არის თავდასხმა? ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა? ეს კრიტიკა არ არის, როცა ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან.
9 ივნისი, მდინარაძე: „ათზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, არ გვითქვამს არასდროს, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო.
ამას ხედავს ყველა ძალიან კარგად, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, დღესაც, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვს მოგონილია და ის რუსეთის რიტორიკას ემთხვევა.
„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო არც ევროპარლამენტთან, არც ცალ-ცალკე სხვადასხვა დედაქალაქებში, ასე რომ არ ვიცი, საიდან გაიგეს ესა. თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა მაღალ დონეზე ევროპელებს, მე ვარ.
თუ ვინმე იყო ჩასული ამერიკაში და შეხვდა მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრული მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ და ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან.