ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამონახეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით ყველა რეგისტრირებული მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია მოწმდება და შედეგი შემოწმების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.
“ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამონახეს. ეცადნენ, გაეკეთებინათ ისე, რომ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში, რომელშიც ყველა ხარჯი უნდა იყოს ჩართული, არ მოხვედრილიყო, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნებოდა. ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ის ონლაინ-კომპანიებია, რომლებიც დაფიქსირდნენ, როგორც ონლაინ კომპანიები და რომლებიც არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენ ამ კომპანიებისგან მოვითხოვეთ ინფორმაცია. გავაანალიზეთ, ყველაფერს შევხედეთ. ახლა გვაქვს გასვლითი შემოწმება, ახლა ვიღებთ ხელშეკრულებებს. ვნახულობთ, ამ ხელშეკრულებებში ხომ არ არის რაიმე ისეთი, რომელშიც არ ჩადეს რაიმე ხარჯი, ხომ არ დაირღვა ეფექტური პროცენტის ლიმიტი – ზედა ზღვარი. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია ჯარიმები. როგორც კი დავასრულებთ, შედეგებს გამოვაქვეყნებთ, თუ როგორ ჩაიარა ამ შემოწმებამ და რა შედეგები გვაჩვენა. საუბარია იმ კომპანიებზე, რომელიც ჩვენთან რეგისტრირდებიან“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, არიან კომპანიები, რომლებიც არ რეგისტრირდებიან როგორც მიკრო- საფინანსო ორგანიზაციები. გვენეტაძის თქმით, ყველა იმ პირს, რომელსაც აღებული აქვს სესხი და ფიქრობს, რომ არ მოხდა კანონით დადგენილი პირობების დაცვა, უფლება აქვს ხელშეკრულება სასამართლოში გაასაჩივროს.