LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი და ლელა წურწუმიას ბენდის ბექვოკალისტი საბა ჩაჩუა: „ლელას და მამულიჩას იმედი შეიძლება ნებისმიერ დროს გქონდეს… შეუძლებელია, მათ გვერდით ცუდად იგრძნო თავი, ან მოიწყინო…“

2860
საბა ჩაჩუა

საბა ჩაჩუა ქართველმა მაყურებელმა, როგორც პატარა ნიჭიერი მომღერალი, წლების წინ „ანა-ბანადან“ გაიცნო. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ კონკურსში მონაწილეობამ განაპირობა მისი მუსიკალური გზა და გეზი. ახლახან ლიკუნა თუთისანთან და ბენდთან ერთად მისი პირველი საღამო შედგა, არის ლელა წურწუმიას ბენდის წევრი, როგორც ბექვოკალისტი და სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში ბექვოკალისტად ხშირად იწვევენ. მისი მთავარი პროფესია მარკეტინგია, მაგრამ სიმღერას მის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია, თუმცა არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ბავშვობიდან ეფიქრება…

საბა, პირველ რიგში, შენი მუსიკალურობით დავიწყოთ, როდის ამღერდი და რა იყო შენი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში გადადგი?

ჩემი ამღერება დედაჩემს უკავშირდება, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა, 4 წლის. პატარ-პატარა კონკურსებშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი მუსიკალური გეზი, იყო „ანა-ბანა“. ეს იყო სივრცე, სადაც მართლა ავმღერდი, გულწრფელად შევხედე სიმღერას, როგორც პროფესიას და ეს ამბავი დავინახე. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც, „ანა-ბანა“ იყო. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც დავიწყე რაღაცების კეთება ამ სფეროში.

მუსიკალური ოჯახი გყავს, სადაც ფაქტობრივად, ყველა მღერის. ამანაც, ალბათ, ბევრი რამ განაპირობა შენს ცხოვრებაში...

ასეა. დედაჩემი მუსიკის პედაგოგია და დიდი გამოცდილება აქვს. მეც და ჩემს ძმებსაც სულ გვეხმარებოდა, რომ მუსიკალურ სამყაროში უფრო კარგად გავრკვეულიყავით, თითოეულ სიმღერაში აზრებისა და ემოციების სწორად გადანაწილებას გვასწავლიდა და გვასწავლის. მამაჩემს არ აქვს მუსიკალური განათლება, მაგრამ მუსიკისადმი სიყვარული მაინც აქვს, ძალიან უყვარს კარგი მუსიკა და შეძლებისდაგვარად, სიმღერაც. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ოჯახი ატარებს ამ სიყვარულს…

ახლახან შენ და ლიკუნა თუთისანს კონცერტი გქონდათ, სადაც უცხოური ჰიტების საინტერესო ვერსიები წარმოადგინეთ. მოგვიყევი, როგორ ჩაიარა ამ ღონისძიებამ?

ჩემი და ლიკუნას კონცერტს ვგეგმავდით ძალიან დიდი ხანია. გაცნობის დღიდან ვგეგმავდით, რომ ერთად რაღაცები გაგვეკეთებინა. მაშინ არ ვიცოდით, რომ ეს ოცნება ასრულდებოდა და საბოლოო სახე მიეცემოდა. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ჩვენ გვერდით, მათ შორის, ოჯახები სრული შემადგენლობით, რაც ჩემთვისაც და ლიკუნასთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდი ნაბიჯი გადავდგით. გვეგონა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით, უფრო მცირე წრეებისთვის იყო, როცა „ტიკ-ტოკზე“ ვდებდით ვიდეოებს, კი ჰქონდა მოწონება და კომენტარები, მაგრამ არ გვქონდა გააზრებული, რომ ამის უფრო დიდ მასშტაბზე გატანა შეიძლებოდა. ჩვენც და ბენდის წევრებმაც ყველაფერი კარგად დავალაგეთ. ყოველთვის, სადაც უნდა ვიყო, დიდ მადლობას ვეტყვი ბენდის წევრებს, ადამიანებმა დიდი სიყვარულით და მთელი გულით გააკეთეს ეს ყველაფერი, ჩვენი და მუსიკის სიყვარულითაც, ისევე, როგორც ჩვენ… საყვარელი საღამო გამოგვივიდა და ყველას ამას აღნიშნავდა, იგრძნობოდა ერთობა და ერთმანეთისადმი მეგობრული, თბილი და კარგი დამოკიდებულება. ეს, ჩემი აზრით, როგორც მუსიკოსისთვის, ძალიან დიდი გამარჯვებაა, როცა ასეთი საღამო შედგება…

როდესაც მუსიკოსობა გადაწყვიტე, რამდენად იდეალისტურად გეჩვენებოდა ეს პროფესია და რა სირთულეებს ხვდები საქართველოში, როგორც მომღერალი?

ჩემმა მეგობრებმა დაბადების დღეზეც მაჩუქეს ბასგიტარა და მინდა, ვცადო, ვუკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მუსიკოსი ვარ… სიმართლე გითხრათ, როგორც მომღერალს, არანაირი სირთულე არ მხვდება. შეიძლება, წავაწყდი კიდევაც სირთულეს, მაგრამ ვერ გავიგე, იმდენად მსიამოვნებს ეს პროცესი და იმდენად კარგ ხალხთან მიწევს არა მარტო სიმღერა, არამედ მუსიკის მოსმენაც, რომ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე პრობლემას შეიძლება უკავშირდებოდეს.

მომღერლობა ჩემი მთავარი პროფესია არ არის. სიმღერის გარდა, ჩემი მთავარი პროფესიაა მარკეტინგი, როგორც კონტენტ-კრეატორი, ჩემს საქმეს, საკმაოდ კარგად ვაკეთებ. ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ასე ვფიქრობ. ჩემი პროფესია მეხმარება იმაში, რომ მომღერლობა არ ასოცირდებოდეს სტრესთან, ან პრობლემებთან. არსებობს პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ ამას უფრო გულის წუხილსა და გულისტკივილს დავარქმევდი, რადგან მგონია, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს საკმარისი დაფასება არ აქვთ, ინსტრუმენტალისტებს თუ მომღერლებს, რომლებიც ახლა იწყებენ თუ დიდი ხანია, ამ საქმეს აკეთებენ… ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა, რომ ეს საქმე შემოსავლიანი გახდეს. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ვამბობ. როგორც მომღერალს, სიამოვნებასა და კარგი ემოციების მიღების მეტი, არაფერი მახსენდება…

საბა, მუსიკალურ პროექტებში, ძალიან ბევრ შემთხვევაში, სწორედ შენ ხარ ხოლმე ბექვოკალისტის ამპლუაში. ბექვოკალისტობა მომღერლისგან კარგ სმენასა და მუსიკალურობას მოითხოვს. რამდენად საინტერესოა შენთვის ბექვოკალში საკუთარი თავის გამოცდა?

ეს ამბავი ახალი ფერია, რაც ჩემს თავში გავხსენი და აღმოვაჩინე. რატომ არის საინტერესო ჩემთვის? ერთი ადამიანი დგახარ და კიდევ რამდენიმე გიდგას, ცდილობთ, რომ ერთად დააბალანსოთ რამდენიმე ხმა, პარალელურად კი, ის ერწყმის მთავარ ვოკალს… ფაქტობრივად, ბენდის წევრი და ინსტრუმენტი ხარ. პარალელურად, ბენდის წევრებსაც უნდა შეეწყო.

რაც შეეხება პროექტებს, გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან იშვიათად მიმიღია სიამოვნება, რადგან მუსიკალურ პროექტებში არ ისმის ისეთი სიმღერები, რომლითაც მე, როგორც ბექვოკალისტს, სიამოვნების მიღება შემიძლია. მიუხედავად ამისა, არსებობს პროექტები და გადაცემები, სადაც მიმღერია, როგორც ბექვოკალისტს და მიმიღია ძალიან დიდი სიამოვნება. რა თქმა უნდა, ბექვოკალისტობა მოითხოვს მუსიკალურობასა და კარგ სმენას და არის ძალიან საინტერესო.

ახლახან ლელა წურწუმიას ბენდის წევრი გახდი – მოგვიყევი, როგორია ლელასა და მამულიჩასთან მუშაობა. ალბათ, საინტერესო მომენტებიც გაკავშირებთ უკვე, სცენაზე თუ სცენის მიღმაც და გაიხსენე რაიმე მხიარული ეპიზოდები თქვენი საგასტროლო ცხოვრებიდან

ლელა წურწუმიას ბენდის წევრი რომ გავხდი, ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანია მომენტია. მინდა, აქცენტი გავაკეთო ჩვენს ბენდზე, კოლაბორაცია, რაც „ჩვენი ბენდისა“ და ბექვოკალისტებს შორის ხდება, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოდ შედგა. ბენდის წევრების პროფესიონალიზმი მაძლევს საშუალებას, რომ მე, როგორც ბექვოკალისტმა, კარგად გავაკეთო ჩემი საქმე. მადლობა მათ ამისთვის.

რაც შეეხება ლელასა და მამულიჩასთან ურთიერთობას, ეს ძალიან კომფორტულია ჩემთვის. საქმიანი გადაკვეთა არ გვიშლის ხელს, რომ ამის გარდა, ვიყოთ ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრები. ეს ახლო ურთიერთობა არის ყველაზე კომფორტული რამ, რაც შეიძლება, საქმეში მნიშვნელოვანი იყოს.

რა თქმა უნდა, ბევრი სახალისო მომენტი გვაკავშირებს ერთმანეთთან და ვცდილობ ამ ეპიზოდების დაგროვებას. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გვექნება. იუმორი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სერიოზული საქმე, სადაც აუცილებლად გვერდში დაგიდგებიან ლელა და მამულიჩა, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, ნებისმიერ დროს შეგიძლია გქონდეს მათი იმედი. პირადად მე ვგრძნობ, რომ ვარ სახლში და ოჯახში, რომელიც მიქმნის მაქსიმალურად დიდ კომფორტს და ყოველთვის ცდილობენ, ჩვენი ერთად მუშაობა იყოს საინტერესო და არარუტინული. ლელაც და მამულიჩაც იმდენად საინტერესო და არაერთფეროვანი ადამიანები არიან, რომ შეუძლებელია, მათ გვერდით ცუდად იგრძნო თავი, ან მოიწყინო. არიან პროფესიონალები და არაჩვეულებრივი ადამიანები, მზად არიან სიახლეებისთვის, რაც ერთად უნდა შევქმნათ. ვფიქრობ, ეს გამოგვდის და დიდი ბედნიერება და სიხარულია.

მამულიჩამ რომ დაბადების დღეზე სქროლი გაჩუქა, გაოგნებული სახე რომ გქონდა

მამულიჩამ რომ სქროლი მაჩუქა, ეს წინა კითხვის გაგრძელებაა. მართლა გენიალური საჩუქარი იყო და ძალიან დიდი მოულოდნელობა. რაც მთავარია და მინდა, ყველამ იცოდეს, არის ის, რაც ლელას და მამულიჩას ახასიათებთ – რომ შეიძლება, აბსოლუტურად არ ელოდებოდე და უცაბედად ისეთ დიდ სიხარულს მოგანიჭებენ, რომ გააზრება გაგიჭირდება. ეს უდიდესი ნიჭია. ძალიან მაგარია, როცა შეგიძლია, ადამიანს არსაიდან მიანიჭო ბედნიერება. იმ პერიოდში სულ ვფიქრობდი და ჩემს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, რომ ძალიან მინდოდა, მქონოდა სქროლი. რიგით შეხვედრაზე ვიყავით, რაღაცები უნდა გაგვევლო, მეგონა, სწორედ ასეთ შეხვედრაზე მივდიოდი იმ ლოკაციაზე. არც მიფიქრია, რომ მსგავსი ტიპის საჩუქარზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი. აღმოვჩნდი მაღაზიაში და იქიდან სქროლით წამოვედი. ძალიან ჩვეულებრივად მოხდა ასეთი არაჩვეულებრივი ამბავი. ეს იყო იმის მიზეზი, რატომაც მქონდა ასეთი გაოცებული სახე. ახლაც, როცა გიყვებით ამ ამბავს, მაინც არ მჯერა… ძალიან ბევრი ფიქრი მახასიათებს და თითქმის ყველა სცენარი გადაღეჭილი მაქვს ხოლმე, სულ მაქვს რაღაც მოლოდინები, სხვადასხვა სცენარი მაქვს თავში, მაგრამ მსგავს აზრს თავში არც გაუვლია. შოკი და გაოცება სწორედ ამან გამოიწვია.

ვისაც შენი ვიდეოები უნახავს სოციალურ ქსელში, მიხვდება, რომ კარგი იუმორი გაქვს და ასევე თეატრალური ნიჭით ხარ დაჯილდოებული. მსახიობობაზე არ გიფიქრია?

სანამ ჩავაბარებდი და ავირჩევდი ჩემს პროფესიას, ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. ასე ვხედავდი ჩემს თავს. იუმორი და თეატრალური ნიჭი აშკარად ჩანდა. ეს პროფესია იყო ერთადერთი, სადაც ვხედავდი ჩემს თავს. რომ გავიზარდე, მერე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის მიმართულება, რაც მჭირდებოდა, როგორც პროფესია. თუმცა ახლაც, სადღაც გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობ, რომ მაინტერესებს და მომინდებოდა სპექტაკლში მონაწილეობა. ძალიან ბევრი მსახიობი მეგობარი მყავს, მათ რომ ვუყურებ, ვხვდები, რამხელა სიამოვნებას იღებენ ამ საქმით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში შეამჩნიეთ ჩემი იუმორი და სამსახიობო ნიჭი, გამიხარდება, თუ აღმოვჩნდები იმ სივრცეში, რაც ბავშვობიდან მაინტერესებდა. უნივერსიტეტში ვყოფილვარ თეატრალურ დასში და ვიცი დაახლოებით, რა გჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც ერთი სპექტაკლი ითამაშო. მოკლედ, არა მარტო მიფიქრია მსახიობობაზე, არამედ, ახლა, როცა გესაუბრებით, აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიაზე დღემდე ვფიქრობ…

როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის მერე – სად იქნები და რა გექნება გაკეთებული?

გულწრფელი რომ ვიყო, 10 წლის მერე თავი არ წარმომიდგენია, ჩემი ტვინი ვერ ალაგებს ამ ამბავს, რომ წარმოვიდგინო, დაახლოებით როგორი ვიქნები. ვიტყოდი, რისი იმედი მაქვს წლების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ კარიერულად ვიქნები ჩამოყალიბებული, დალაგებული და შემდგარი და მექნება ყველანაირი შესაძლებლობა, მქონდეს ის, რაც მინდა და მჭირდება, ის, რისთვისაც ვიბრძვი და ვშრომობ. იმედი მაქვს, მუსიკალური სამყარო კიდევ უფრო მეტად შემოიჭრება ჩემში და უფრო მეტ რამეს გავაკეთებ. რაც ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან მთავარია, როგორც ადამიანი, შვილი, ძმა და როგორც თუნდაც პარტნიორი, ვიქნები სანდო და ღირსეული, ეს არის მგონი, ყველაზე სწორი სიტყვა. წლების განმავლობაში იმდენ ფიქრს, აზრს და ცოდნას დავაგროვებ, იმედი მაქვს, ახლოს მაინც მივალ ჩამოყალიბებულ და იდეალურ მე-სთან.

magti 5g