ტურისტებისთვის საუკეთესო 100 ქალაქს შორის ყველაზე სუფთა ქალაქი პოლონეთში მდებარეობს და ეს კრაკოვია. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია Radical Storage-ის რეიტინგში, რომელიც 70 000-ზე მეტი ონლაინ მიმოხილვის ანალიზის საფუძველზე შეადგინეს.
კრაკოვში ნამყოფი ტურისტების 98,5% კმაყოფილია ქალაქის სისუფთავითა და მოვლილობით, ქუჩებში ნაგვის არარსებობით და კომფორტული საზოგადოებრივი სივრცეებით. თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არ არის – რეიტინგის ავტორების აზრით, კრაკოვის უნაკლო რეპუტაციაზე დიდი გავლენა მოახდინა ქალაქის მაღალმა შეფასებამ თავად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პოლონეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქების კეთილდღეობას – დაწყებული ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებით და დასრულებული საზოგადოებრივი სივრცეების მოვლით.
ევროკავშირის ანგარიშის – „ცხოვრების ხარისხი ევროპულ ქალაქებში“ მიხედვით, კრაკოვის მცხოვრებლების 80%-ზე მეტი სრულად კმაყოფილია ქალაქის ბაზრებით, მოედნებითა და საფეხმავლო ზონებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივების მხრიდან მაღალი შეფასება პირდაპირ აისახება ქალაქის იერსახესა და ატმოსფეროზე ტურისტებისთვის.
კრაკოვის ცენტრის კომპაქტური და სასეირნოდ მოსახერხებელი განლაგებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს – ტურისტებისთვის სისუფთავე განსაკუთრებით თვალშისაცემია, როცა ისინი ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებში დადიან და არა ავტობუსის ფანჯრიდან აკვირდებიან მას.
მსოფლიოს ხუთ ყველაზე სუფთა ქალაქს შორის კიდევ ერთი პოლონური ქალაქი მოხვდა – ვარშავა. ქალაქის ხელისუფლება რეგულარულად ატარებს ტრადიციად ქცეულ დასუფთავების აქციებს, რომლებშიც თავად მოსახლეობაც აქტიურად მონაწილეობს, ბოლო წლებში მონაწილეთა რაოდენობა მესამედით გაიზარდა.
ყველაზე ბინძურ ქალაქად კი ბუდაპეშტი დასახელდა – ტურისტების 40%-მა ის მოუწესრიგებლად შეაფასა.
ტოპ-5 ყველაზე სუფთა ქალაქი მსოფლიოში
- კრაკოვი (პოლონეთი)
- შარჯა (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
- სინგაპური (სინგაპური)
- ვარშავა (პოლონეთი)
- დოჰა (კატარი)
ტოპ-5 ყველაზე ბინძური ქალაქი
- ბუდაპეშტი (უნგრეთი)
- რომი (იტალია)
- ლას-ვეგასი (აშშ)
- ფლორენცია (იტალია)
- პარიზი (საფრანგეთი)