LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეფროლითიაზი

118
ნეფროლითიაზი


ნეფროლითიაზს ანუ თირკმლის კენჭებს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. დაავადება ეხება საშარდე გზის ნებისმიერ ნაწილს, თირკმლიდან შარდის ბუშტამდე. ხშირად კენჭი იქმნება, როცა შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები კრისტალიზირდება და ერთმანეთს ეკვრის. თირკმლის კენჭის გავლა საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ უმეტესად არ იწვევს მუდმივ დაზიანებას. სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგჭირდეთ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი და დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რათა კენჭმა გაიაროს. სხვა შემთხვევებში, კენჭების დაცობის დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც. თირკმლის კენჭები იქმნება, როცა შარდში დიდი რაოდენობით კრისტალის–წარმომქმნელი ნივთიერებებია, როგორიცაა კალციუმი, ოქსალატი და შარდმჟავა. შარდში არსებული სითხე არასაკმარისია ამ ნივთიერებების განსაზავებლად. ამავდროულად, შარდში აღინიშნება კრისტალების დაგროვების საწინააღმდეგო ნივთიერებების ნაკლებობა, რაც ქმნის იდეალურ გარემოს კენჭის ჩამოყალიბებისათვის.

თირკმლის კენჭის ტიპის განსაზღვრა გვეხმარება მიზეზის დადგენასა და შემდგომში რისკის შესამცირებლად ადეკვატური ზომების მიღებაში. ეს ტიპებია:
კალციუმ-ოქსალატის კენჭები. ოქსალატი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ (ხილი, ბოსტნეული, თხილი, შოკოლადი). ოქსალატი ღვიძლშიც წარმოიქმნება. კვების ფაქტორები, D ვიტამინის ჭარბი რაოდენობა, ნაწლავის ოპერაცია, მეტაბოლური დაავადებები იწვევენ კალციუმის ან ოქსალატის კონცენტრაციის მომატებას შარდში.
სტრუვიტის კენჭები ჩნდება ინფექციის დროს, როგორიცაა საშარდე გზების ინფექცია. ამ ტიპის კენჭები მალე იზრდება და დიდი ზომისაა, ზოგჯერ უსიმპტომოა და არ იძლევა გამაფრთხილებელ ნიშნებს.
შარდმჟავას კენჭები ხშირად იმ ადამიანებში ჩნდება, რომლებიც ვერ იღებენ საკმარის სითხეს ან კარგავენ მას, ასევე ცილის მაღალი შემცველობის დიეტაზე მყოფებსა და ნეკრესის ქარით დაავადებულებში. გარკვეული გენეტიკური ფაქტორები ზრდიან შარდმჟავას კენჭების გაჩენის ალბათობას.
ცისტინის კენჭები ჩნდება მემკვიდრეობითი დაავადების დროს, რომელიც იწვევს თირკმლიდან დიდი რაოდენობით ამინომჟავების გამოყოფას.

თირკმლის კენჭი შესაძლოა უსიმპტომო იყოს, სანამ არ დაიძვრება და გამოვა შარდსაწვეთში კენჭის გავლის დროს, ვითარდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: ძლიერი ტკივილი გვერდებში, წელში, ნეკნებს ქვემოთ ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილიდან საზარდულისკენ ვრცელდება. ტკივილი ტალღური ხასიათისაა და იცვლის ინტენსივობას, ტკივილი შარდვის დროს, ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი, მღვრიე ან განსაკუთრებით უსიამოვნო სუნის შარდი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, შარდვის ხშირი სურვილი, გაძლიერებული შარდვა, სიცხე, შეციება, მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა. ტკივილი შესაძლოა შეიცვალოს, გავრცელდეს სხვა მიმართულებით, ამ დროს კენჭი მოძრაობს და იწვევს სიმპტომების ამ ცვლილებებს. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: ძლიერი ტკივილი, ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება, ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სიცხე და შეციება, სისხლი შარდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები