ნიგერიის მცხოვრებმა თავი დუბაის პრინცად გაასაღა და რუმინელ მეწარმე ქალს 2,5 მილიონი დოლარი გამოსტყუა. ამის შესახებ Ghana Web იუწყება.
თაღლითი ნზუბე ჰენრი იკედჯი რუმინელ ქალს, ლაურას, სოციალური ქსელის – LinkedIn-ის მეშვეობით გაეცნო. ნიგერიელმა თავი დუბაის პრინც ჰამდან იბნ მუჰამედ ალ მაქტუმად გაასაღა და ლაურას ჰუმანიტარულ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა.
მალე მათი ურთიერთობა ვირტუალურ რომანში გადაიზარდა. იკედჯიმ ქალს პროექტში ინვესტიციის განხორციელება სთხოვა და თანხის გადარიცხვისთვის ის „ფინანსურ მმართველს“ გააცნო, რომელიც თითქოს ლონდონში საქმიანობდა. ლაურას წვდომა მისცეს ყალბ საბანკო ანგარიშზე, სადაც თითქოს 200 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო ჩარიცხული.
როდესაც ლაურა თანხის გამოტანას შეეცადა, მას საკომისიოს გადახდა მოსთხოვეს. საბოლოოდ მან თაღლითებს 2,5 მილიონ დოლარზე მეტი გადაურიცხა, სანამ ეჭვი გაუჩნდებოდა, რომ ატყუებდნენ.

კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროექტის (OCCRP) გამოძიებამ აჩვენა, რომ თანხის ნაწილი იკედჯის თანამზრახველის ანგარიშიდან დიდ ბრიტანეთში მის პირად ანგარიშზე, ნიგერიაში, გადაირიცხა. თავად იკედჯი, რომელიც სოციალურ ქსელებში მდიდრულ ცხოვრებასა და ვიდეოებს აქვეყნებს, ჟურნალისტებთან საუბრისას თაღლითობაში მონაწილეობას უარყოფდა.
OCCRP-მ ამ დანაშაულის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.