ნიკო ნანიტაშვილმა ახლახან თეატრალური სახელოსნო „ბრავოს“ ბაზაზე საკუთარი საცეკვაო სტუდია გააკეთა ლიზი ჭიჭიაშვილთან ერთად, რომელსაც მასავით ძალიან უყვარს ცეკვა. 1-ლი ოქტომბრიდან „ბრავოში“ პირველი ჯგუფი უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას. ნიკოსთვის პედაგოგიური საქმიანობა ახალია, თუმცა ცეკვა მისი ცხოვრების თანმდევია და ყოველთვის სანანებელი ჰქონდა, რომ აქტიურად არ მიჰყვა ქორეოგრაფობის გზას – ახლა სწორედ ამ სურვილის ასრულების დრო დადგა.

ნიკო ნანიტაშვილი:
უკვე 9 წელია, გლდანში არსებობს თეატრალური სახელოსნო „ბრავო“, საბავშვო თეატრია, რომელიც რეჟისორმა კობა გოგიძემ დააარსა და იზრდებიან პატარა მსახიობები. რამდენიმე თვის წინ შემეხმიანა და მკითხა, პატარა არტისტებთან თუ ვიმუშავებდი სასცენო მოძრაობასა და ქორეოგრაფიაზე, რაც სპექტაკლებში გამოდგება, იგულისხმებოდა არა მხოლოდ ქართული ცეკვა. მე შევთავაზე, თუ იქნებოდა საშუალება და თუ ჰქონდა იმ ზომის სარეპეტიციო დარბაზი, რომ ქართული ცეკვის სტუდია გამეკეთებინა. „ბრავოს“ ტერიტორიაზე, გარდა იმისა, რომ ვმუშაობ მსახიობებთან, გავხსენი ხალხური ცეკვის სტუდია – „ბრავო“.
ეს იდეა სულ გქონდა?
სულ მქონდა ეს იდეა. ქორეოგრაფობა მსურდა თავიდანვე, ბებიამ, ბაბუამ, ოჯახის წევრებმა არ გინდა ქორეოგრაფობაო. მერე ჩავაბარე ბიზნესსა და მართვაზე, მერე ჩუმად გადავაბარე თეატრალურში. ნელ-ნელა გავაგებინე ჩემებს, რომ არ ვარ ბიზნესმენი და ვარ მსახიობი (იცინის), მაგრამ ცეკვა ჩემთვის სულ მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგ ფორმაში დავანებე ცეკვას თავი, მუშაობისა და სწავლის გამო. სულ მქონდა ამის დანაკლისი, რომ ცეკვა არ იყო ჭარბად წარმოდგენილი ჩემს ცხოვრებაში. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაც საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება იყო, რომ კვლავ შემიძლია ცეკვა. დღესაც გამოწვევად ვიღებ პედაგოგიურ საქმიანობას, რაც ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში, მაინტერესებს, რამდენად კარგი პედაგოგი ვიქნები და რამდენად კარგად ვასწავლი. ის წლები, რაც ქართულ ცეკვაში გავატარე და რაც ჩემში ჩემმა მასწავლებლებმა, ქორეოგრაფებმა ჩადეს, მინდა, გადავცე ბავშვებს და ვასწავლო ის ქართული ხალხური ცეკვა, რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა.
მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა როდის გაქვს?
თეატრის ბავშვები უკვე გავიცანი. პირველ ოქტომბერს გავაკეთებ პირველ შეხვედრას მშობლებთან და მოსწავლეებთან. ერთი ჯგუფი უკვე შეიკრა, დარბაზი ისეთი დიდი არ არის, რომ ყველა ერთ ჯგუფში დავატიო, მაგრამ ალბათ, დასაწყისისთვის ასე უფრო კარგია, რადგან ყველას თავისი წილი ყურადღება ექნება. პირველ გაკვეთილს პირველ ოქტომბერს ჩავატარებ. იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტ ბავშვს მოვიზიდავთ.

პირველი გაკვეთილის წინ როგორი ემოციები გაქვს?
ასე თითქოს უკვე მივეჩვიე, აღარ ვღელავ, მაგრამ რადგან ახალი სტატუსია, როგორც პედაგოგის, მშობლებთან გასაუბრებას ვფიქრობ ჩემი გეგმების შესახებ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რამდენიმე მშობელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მათი შვილები დიდი ხანი სწავლობდნენ სხვა სტუდიებში, არც მიკითხავს, სად, მაგრამ ვერაფერი ისწავლეს. მე კი შევეცდები, რომ ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო. რეალურად მეც მშობელი ვარ, ჩემი შვილი ბალეტზე დამყავს თუ სიმღერაზე, მათ ადგილას ვაყენებ ჩემს თავს. მშობლისთვის არ არის ადვილი თანხის მოძიება, რომ შვილი წრეზე ატაროს, ამიტომ მაქსიმუმს გავაკეთებ. ქართული ცეკვა ყოველთვის არის და იქნება საყვარელი ყველა ოჯახისთვის. ჩემთვის ცეკვა ახალი საქმე არ არის, მაგრამ პედაგოგიკა ძალიან ახალია, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. 6-დან 14 წლამდე გვაქვს მიღება. მოზარდა მაყურებელთა თეატრში პატარებთან აქტიური შეხება მაქვს, მაგრამ ეს მაინც სხვა მიმართულებაა.
საცეკვაო სტუდიის გარდა, შენს ცხოვრებაში სხვა სიახლეც ხომ არ არის?
ჯერჯერობით არაფერი. მარჯანიშვილის თეატრში „კარმენი“ გამოვუშვით. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ. ერთი სპექტაკლი უკვე გავაფორმე მოზარდში ქორეოგრაფიულად, ახლა მეორეს ვაფორმებ და კიდევ ერთ სპექტაკლზეა საუბარი.
ხშირად მხვდება ვიდეოები, სადაც შენს შვილთან ერთად ცეკვავ…
სხვათა შორის, ჩემს გოგონასთან ბევრჯერ მქონია მცდელობა, რომ ქართულ ცეკვებზე მიმეყვანა, მაგრამ თავად აირჩია ბალეტი, ძალიან უყვარს და გიჟდება. რამდენიმეჯერ ვთხოვე, ქართულზეც ხომ არ მივიდეთ-მეთქი, მაგრამ ბალეტზე აქვს შეჩერებული ყურადღება. იქ მისვლისას სულ გახარებულია და ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ეს მთავარია, ხვალ შეიძლება მოინდომოს ქართული ცეკვა, ზეგ ჰიპ-ჰოპი.

პატარას რაც შეეხება, ჯერ მხოლოდ ოჯახის წევრების ცემა-ტყეპაზეა გადასული, სპორტზე მინდა წავიყვანო, რადგან ძალა ერჩის (იცინის) ბაღში მიყვანის მცდელობები გვაქვს, მაგრამ მოჯაჭვულია დედიკოსა და მამიკოზე და ვცდილობთ, ისეთი ბაღი გამოვუნახოთ, სადაც მივა. ჩემს საქმიანობას, პედაგოგიურს ძალიან დიდი დრო დასჭირდება, კარგი გამოხმაურებაა და ეტაპობრივად, შეიძლება, სამოყვარულო ჯგუფებიც დავამატოთ, ამიტომ მე სულ გასული უნდა იყო, ჩემი მეუღლეც, ბაღი ამიტომ გვინდა. რაც შეეხება გოგონას, უკვე დიდია 10 წლისაა, მაგრამ იმდენად მოწესრიგებულია და პასუხისმგებლობიანი, რომ მიკვირს… თვალი გავახილე და უცებ დიდი შვილი მომევლინა, დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, ჩემს ასაკში მყავს უკვე 10 წლის გოგონა და 3 წლის ბიჭი.
როგორი მამა ხარ?
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როგორც მამა, კარგი ვარ. რიგ შემთხვევებში, ზედმეტად ფეთიანი, დედაზე მეტადაც კი. გაასმაგებული მაქვს შინაგანად პასუხისმგებლობა. არ წაიქცე, იქიდან ჩამოდი… ხანდახან რომ დავფიქრდები, ზედმეტი ხომ არაა… ორივეჯერ მშობიარობას დავესწარი, ორივეს მოვლენას პირადად შევესწარი, თავიდანვე ისე მქონდა გულში, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი შვილებისთვის, მათთან ყოფნა, დაბანა, ჭამა და ა.შ. რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. კი, ადამიანი იღლები, შესაძლოა, რაღაცებზე ნერვები აღარ გყოფნიდეს, მაგრამ შვილებს რომ ხედავ, ყველაფერი ლაგდება…
შენ და ანოს გაქვთ თქვენ ორისთვის ცალკე დრო?
მეტ-ნაკლებად ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ განმარტოებით – ნაკლებად. ძირითადად, ბავშვებთან ერთად მივდივართ ხოლმე სასეირნოდ, არის ხოლმე პატარ-პატარა გამონათებები. კარგა ხანია, ძიძაც აღარ გვყავს, მარტო გაპარვა აღარ გამოდის, ეს ტექნიკურად ცოტა რთული შესასრულებელი გამოდგა. ელისაბედი დიდი გოგოა, ალექსანდრეც გაიზრდება და წავა ბაღში. ძიძა თავისი გეგმების გამო წავიდა, სამი წლის ჯერ კიდევ არ იყო ალექსანდრე და ცოტა რთული იყო სხვა ძიძის მოძებნა. ერთი კარგი ადამიანი მოვძებნეთ, მაგრამ მასაც ოჯახური ამბები დაემთხვა და ვეღარ გააგრძელა. სიმართლე რომ გითხრათ, მას შემდეგ აღარ დავიწყეთ ძებნა, ანომაც გამონახა საშუალება, რომ ხშირად ყოფილიყო სახლში, თუმცა გვინდა, რომ ალექსანდრე ბაღს მიეჩვიოს.

თავისუფალი დრო თუ გრჩება, რომელიც მხოლოდ შენთვისაა განკუთვნილი და ამ დროს რისი კეთება გიყვარს?
ჩემთვის განტვირთვა არის თევზაობა, ბუნებაში წასვლა. არის მომენტი, როცა გადავაგდებ ტელეფონს, შემიძლია, მთელი დღე ვიჯდე, მაგრამ ამ მომენტში მშვიდად, წყნარად ვარ. ვარ ჩემთვის. გართობის თემა არის ფეხბურთი, რომელიც ძალიან მიყვარს. ამ ბოლო დროს თამაშის დროს ტრავმებსაც ვიღებ, რადგან აღარ ვარ პატარა. ფეხბურთის ყურებაც ძალიან მიყვარს. დასვენებას და ლაქშერულ ცხოვრებას არ ვარ მიჩვეული, მინიმალურითაც ვკმაყოფილდები, ამის დროც ნაკლებადაა, სათევზაოდ დიდი ხანია, არ ვყოფილვარ…
წლების შემდეგ, როგორ ფიქრობ, რანაირი იქნება შენი ცხოვრება?
ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება მივიღე. სატელევიზიო სივრცეშიც ვიყავი, ახლაც, ამ დრომდე, „ნიკოს ბენდი“ აქტიურად დადის საზღვარგარეთ, ღმერთს მადლობა, რომ აინტერესებს ხალხს, როცა კონცერტები გამოჩნდება, ძალიან მიხარია ხოლმე.

ახლა, როცა პედაგოგიურ საქმეში გადავინაცვლე და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, 34 წლის ვხდები აგერ 3 ოქტომბერს, მგონია, რომ ამ ეტაპისთვის საკმარისი გამოვიარე, საქმეშიც და ოჯახურ სიტუაციაშიც. ნატახტარში სააგარაკე სახლი შევიძინე, რომელიც ამ დრომდე ბოლომდე ვერ გავაკეთე. ეს იყო არსებული ძველი სახლი, მთლიანად გამოვშიგნე და გადავაკეთე, არსებულის გადაკეთება უფრო რთულია, ვიდრე ახლის აშენება და ეს მართალი ყოფილა. ამოჩემებული მქონდა, რომ ჩემი საკუთარი ჭერი მქონოდა. 70% გაკეთებულია, ახლა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით პაუზა მაქვს, ზოგჯერ ჩემი ხელით ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს, როცა იქნება, იქნება, მთავარია, რომ არის და ღმერთმა მომცა ეს შესაძლებლობა…
ღმერთმა იცის, 10 წლის მერე სად ვიქნები, მაგრამ იმედია, ვიქნები ჯანმრთელად და ჩემს ოჯახთან ერთად, მყუდრო სივრცესა და გარემოში…