ნინო ჩხეიძე ახლახან მონაკოში იმყოფებოდა, სადაც კერძო მიწვევით ჩაფრინდა, კორპორაციულ წვეულებაზე.
ნინომ მონაკოში უკვე მეხუთედ იყო და აღნიშნავს, რომ დასასვენებლად და ბედნიერების შესაგრძნობად მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
ნინო მონაკოში მეგზურობას fortuna.ge-ს მკითხველსაც გაუწევს.
ნინო ჩხეიძე:
მონაკოში ვიყავი მეხუთედ ალბათ, მიყვარს იქ ჩასვლა. პირველ რიგში, ძალიან კარგი კლიმატი და სიტუაციაა. ან მეგობრებთან ერთად ჩავდივარ, ან კერძო მიწვევით. ახლაც კერძო მიწვევით ვიყავი. იქიდან გამომდინარე, რომ წელს არ დამისვენია საერთოდ, კიდევ სამი დღე დავრჩი.
როცა მონაკოს ვსტუმრობ, დღისით ფეხით დავდივარ ძალიან ბევრს, დღეში ათ კილომეტრს. მონაკოდან ხშირად გადავდივართ კანში, ნიცაში… ისეთი ადგილია, რომ ყველაფერი ახლოსაა და ნამდვილად არ მოიწყენთ. მიყვარს საღამოობით მოედანზე „გრანდ კაფეში“ დაჯდომა, სადაც შეგიძლია ყავა აიღო და დატკბე იმით, რა ლამაზი ხალხი მოძრაობს. ახლაც ძალიან დადებითად დავიმუხტე. პირველად წავედი მარტო ამ კაფეში და უბრალოდ, ვტკბებოდი ხალხის ბედნიერებით. ყველა ფოტოს იღებდა, შეყვარებულები დადიოდნენ. ყველა ადგილი არის ლამაზი, ფოტოებიც გამოდის საოცარი.
ახლა ვუყურებ ფოტოებს, სადაც სხვადასხვა კაბით ხარ წარმოდგენილი. მოგზაურობის წინ ფიქრობ ხოლმე, რა უნდა წაიღო თან შენი გარდერობიდან თუ სპონტანურად ალაგებ ჩემოდანს?
როცა მივდივარ სამოგზაუროდ და ვალაგებ ჩემოდანს, ვიცი, ყოველდღე რა უნდა ჩავიცვა, ყველაფერი აწყობილი მიმაქვს. ამ შემთხვევაშიც ასე მქონდა წაღებული, დღეების მიხედვით.
ეს ოქროსფერი კაბა შეკერილია ჩემი დიზაინით. მინდოდა, ზაფხულისთვის გამორჩეული ყოფილიყო. ერთი პერიოდი გახსოვს, ფუშფუშა და მძიმე კაბებით გამოვდიოდი, ახლა გადავწყვიტე, სტილი შევიცვალო, კაბები, რომლებსაც მოვიხდენ, იყოს უფრო მსუბუქი, როგორც ვიზუალურად, ასევე ნაკლები მატერიით შეკერილი. ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე და ყველამ აღნიშნა, რომ ჩემი შეცვლილი იმიჯი მოეწონათ.
„ჰოტელ დე პარიზი“ არის ულამაზესი სასტუმრო, არ მეგულება ადამიანი, რომელიც მონტე კარლოში ჩავა და იქ ფოტოს არ გადაიღებს. მის გვერდით არის კაზინო, სადაც მსოფლიოს ცნობილი ადამიანები სტუმრობენ სპეციალურად. სხვათა შორის, 4 წლის წინ ამ კაზინოს წინ მე და გიორგიმ გადავიღეთ და ეს ფოტო მოხვდა მონაკოს ჟურნალის საიტზე. თუ მოეწონებათ შენი ფოტოები, თავადაც გადააქვთ. ეს ყვითელი კაბა კი, რომელიც ამ ვიდეოში მაცვია, არის შეძენილი, ჩემი დიზაინით შეკერილი არ არის.
ეს კაბა არის „ზიმერმანის“, რომელიც შევიძინე იტალიაში, საკონცერტოდ, მაგრამ გამომადგა ფოტოგადაღებისთვის. დიდად არ ვწყალობ ლეოპარდს, მხოლოდ ერთი ქურთუკი მაქვს. მომწონს, თუმცა ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად.
რა არის შენი შემდეგი სამოგზაურო ლოკაცია?
მივემგზავრები ბელგიაში, სადაც ასევე კონცერტი მაქვს.
რომელ ქვეყანაში არ ხარ ნამყოფი?
სხვათა შორის, ინდოეთში არ ვარ ნამყოფი და ჩემი ოცნებაა… რატომღაც მეშინია. ვიცი, რომ აცრები მჭირდება. ამბობენ, რომ გამიჭირდება კლიმატის გამო, ამიტომ ფეხს ვითრევ… ჯერჯერობით ინდოეთში გამგზავრება ოცნებად მრჩება…