LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა თოფურიას განსაკუთრებული მოგონება, გია ყანჩელის ზარი და დაუვიწყარი სიტყვები: „მითხრა, მე შენ მოგისმინე და ვფიქრობ, რომ შენ სხვანაირი სიყვარულით და სხვანაირი დამოკიდებულებით შეასრულე ეს სიმღერაო“… „სრული შოკი მქონდა“

211
ნუცა-თოფურია

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნუცა თოფურია სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „მოვალ“ და „ფიქრებში მეორდები“ რადიო პრემიერა შედგა.

ნუცა, განსაკუთრებით რომელი სიმღერა უყვარს მსმენელს შენი შესრულებით ან თავად რისი შესრულება გიყვარს ყველაზე მეტად?

ჩემთვის ძალიან ძვირფასია გია ყანჩელის რეპერტუარი, რადგან ბატონ გიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ისტორია მაქვს.

ყველაზე მეტად გია ყანჩელის რომელ სიმღერას გამოარჩევდი?

რა თქმა უნდა, „ყვითელ ფოთლებს“, რადგან თვითონ ბატონმა გიამ მომცა შესრულების უფლება.

მოგვიყევი აღნიშნული ისტორია.

იმდენად მიყვარს ამ ისტორიის მოყოლა, ყველგან ვყვები, სადაც საშუალება მომეცემა.

19 წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ პროექტში, ძალიან ექსპრომტად შევასრულე „ყვითელი ფოთლები“. როდესაც ეს შესრულება ეთერში გავიდა, ქალბატონმა მარინა ბერიძემ დამირეკა და მითხრა, „ნუცა, გია ყანჩელი დაგირეკავს“. წარმოიდგინეთ, რა მიუწვდომელ რაღაცას მეუბნება. სრული შოკი მქონდა. დილით ვიღვიძებ და ვხედავ გია ყანჩელის სამ გამოტოვებულ ზარს. წარმოიდგინეთ, 19 წლის ნუცასთვის რა ხდება. ვყვირი დაუფიქრებლად, ჩემი ოჯახის წევრები მოვიდნენ, რომ ნახონ, რა ხდება… გადავურეკე ბატონ გიას, ტელეფონს უპასუხეს და ვეუბნები, გამარჯობა, ბატონ გიას სთხოვეთ-მეთქი. ისეთი ახალგაზრდა, პატარა ბიჭის ხმა ჰქონდა ტელეფონში, მეგონა, რომ სხვას ვესაუბრებოდი. ბატონი გია მეუბნება, ნუცა, ჩემო კარგო, თავს არ შეგაწყენო… რომ მელაპარაკებოდა, ისეთი აკანკალებული ხმა მქონდა, ნუცა, თქვენ რა ტირით, მკითხა. ვუთხარი, დიახ, ბატონო გია, ვტირი, რადგან ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე ბედნიერი დღე არის-მეთქი. მითხრა, მე შენ მოგისმინე და ვფიქრობ, რომ შენ სხვანაირი სიყვარულით და სხვანაირი დამოკიდებულებით შეასრულე ეს სიმღერა და რაღაც უნდა გთხოვოო. ძალიან მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა, პრეზიდენტს, პატრიარქს და მე გვაჯილდოებენო და მინდა, რომ ამ დაჯილდოებაზე „ყვითელი ფოთლები“ შენ შეასრულოო. ალბათ, ყველა მიხვდებით, რა ხდებოდა ჩემს თავს, რაღაც საოცრება იყო. შემდეგ, ჩვენ გვქონდა შეხვედრები, რეპეტიციები. იცით, როგორი ადამიანი იყო?! დღეში სამჯერ მირეკავდა და მეკითხებოდა, ხომ ყველაფერი მოგწონს, ხომ ყველაფერი კარგად არისო. სულ იმას მეუბნებოდა, იმღერე ისე, როგორც შენ გემღერებაო. მე კი პატარაობიდან ვმღერი და 9 წლის ასაკში მქონდა ჩემი პირველი პროექტი „ანა-ბანა“, არც კამერები იყო უცნობი, პატარაობიდან ვეჩვეოდით დიდ ადამიანებთან მუშაობასაც, მაგრამ აი ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება.

ვისაუბროთ „ანა-ბანაზეც“.

ეს იყო ჯადოსნური პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი 9 წლის, არ მყავდა პედაგოგი და ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიმეღო, არადა „ანა-ბანას“ რომ ვუყურებდი, სულ ჩემს თავს წარმოვიდგენდი. ბებოსთან ერთად ჩუმად დავრეკე და დავრეგისტრირდით, დედა რომ მოვიდა, დავახვედრეთ ამბავი, რომ კასტინგზე უნდა წავეყვანე. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ მე ეს პროექტი მოვიგე. რამდენიმე გამარჯვებული ვიყავით, მაგრამ გრანპრი მე მერგო.

ახლა თუ გაქვს კონკურსებში მონაწილეობის სურვილი, თუნდაც საზღვარგარეთ?

მე ვარ ის ადამიანი, ვისთვისაც კონკურსი არ არის, არ არის ჩემთვის კომფორტული. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ისე გადიან კონკურსებზე, რომ „აი ყველაზე მაგარი ვარ“, მე ვერასდროს ვერავინ მათქმევინებდა მაგას. ვერ აღვიქვამდი ვერც ჩემს კონკურენტებს, არ ვაპირებდი არავისთან შეჯიბრს, არავის გაგდებას.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მოვალ“.

ინოლა ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორია, მის სიმღერებს საკმაოდ ხშირად ვასრულებ და რატომღაც, ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს – „ძალიან გიხდება ინოლა“. ეს სიმღერა „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთ ტურზე ვიმღერე და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩემს ალბომსაც „მოვალ“ ჰქვია. ეს კონკრეტული შესრულება არის ჩემი სოლო კონცერტიდან, რომელიც „მარჯანიშვილის თეატრში“ გაიმართა, ლაივ ჩანაწერია.

როგორია სამომავლო გეგმები, თუ მუშაობ ახალ სიმღერებზე?

ვისურვებდი, რომ ის პერიოდი, როდესაც ჩემს პირველ სოლო ალბომზე და სოლო კონცერტზე ვმუშაობდი, განმეორდეს. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ შეიძლება, დაიგეგმოს ეს ყველაფერი. ახალი სიმღერები აუცილებლად იქნება.

მოგვიყევი სიმღერაზე „ფიქრებში მეორდები“, როგორ დაიგეგმა ამ სიმღერის ახალი ვერსია?

ვმონაწილეობ სერიალში „მარჯვენა სანაპირო“ და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მომღერალს ვთამაშობ (იცინის). ვთამაშობ ანის, რომელიც ერთ-ერთ კაფე-ბარში მღერის. ამ სიმღერის ჩაწერის იდეა თომა მაჩიტაძეს და ალეკო მალხაზიშვილს ეკუთვნით.  სიმღერა ჩვენივე სტუდიაში ჩავწერეთ, ძალიან ექსპრომტად. სიმღერამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც კი სერიალში ეს სცენა გავიდა, მართლა ძალიან დიდი გამოხმაურება იყო, რომ „ვსქროლავდი“, ყველგან მე ვიყავი. შეიძლება მოიწადინო, ახალ სიმღერას გადააკვდე, ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ექსპრომტად ჩაწერილი მოეწონოს მსმენელს. ამ სიმღერაშიც მეტყობა დამოკიდებულება, როგორ მიყვარს და ალბათ, ეს დაინახა და იგრძნო მსმენელმა. ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე ამ სიმღერასთან დაკავშირებით.

ნუცა თოფურია – მოვალ

ნუცა თოფურია – ფიქრებში მეორდები

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები