რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ საოპერო მომღერალი – სოფო გორდელაძე სტუმრობდა, რომელმაც კარიერაში არსებულ სიახლეებზე, საერთაშორისო წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
Posted by Tata Sadradze on Wednesday, February 25, 2026
სოფო, მოგვიყევი ოპუს კლასიკის უმნიშვნელოვანეს ჯილდოზე, რომელიც წლის საუკეთესო ჩანაწერის კუთხით გადმოგეცათ, რამდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი?
ოპუს კლასიკი მართლაც უმნიშვნელოვანესი, გერმანიის კლასიკურ მუსიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა. ის ძალიან ბევრ კატეგორიაში გაიცემა და ჩვენ 2025 წელს გადმოგვეცა კატეგორიაში წლის საუკეთესო საოპერო ჩანაწერი, ვერდის ოპერაში – „ჟანა დ’არკი“, სადაც მთავარ პარტიას მე ვასრულებ. ჯილდო ასე იყო გაცემული – დირიჟორი, მარკუს ბოში, სოფიო გორდელაძე და ჟანა დ’არკი.
დაჯილდოების ცერემონიალი ბერლინში გაიმართა. უდიდესი პატივი იყო, რადგან ძალიან ბევრ ოპერაში გამოგვარჩიეს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ცოცხალი ჩანაწერი სპექტაკლებიდან, არ არის სტუდიური ჩანაწერი. ძალიან გამორჩეული და მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემთვის ბერლინში, ასეთ მნიშვნელოვან ივენთზე გამარჯვებულის სტატუსით მოხვედრა.
ვისაუბროთ კორეაზე და იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის მონაწილეც იყავი.
კორეა, რა თქმა უნდა, ძალიან ეგზოტიკური ამბავია, არის ძალიან განსხვავებული ქვეყანა, ძალიან განსხვავებული კულტურით. დიდი ხნის წინ, ორჯერ უკვე ვიყავი კორეაში, „ტრავიატა“ ვიმღერე და გასულ წელს, მოვხვდი ძალიან საინტერესო პროექტში, რომელიც კორეულ კლასიკურ სიმღერას ეძღვნებოდა. მე ვიყავი ამ დიდი სატელევიზიო პროექტის ერთ-ერთი ფინალისტი. ჩემს შესრულებას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა მსმენელების მხრიდან, მილიონამდე ნახვა, ძალიან ბევრი მოწონება და ა.შ. , რომ წელს, მხოლოდ კორეელებისთვის გამართულ იგივე პროექტში მხოლოდ მე ვიქნები ერთადერთი უცხოელი, ვინც კიდევ ერთხელ შეასრულებს კორეულ სიმღერას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს.

რთულია კორეული სიმღერის შესრულება?
კი, ძალიან რთულია, განსაკუთრებით ტექსტის დამახსოვრება და სწავლა, მაგრამ ძალიან ლამაზი სიმღერებია. სამი სიმღერა უკვე ვიცი. ახლა, მარტში ორი კონცერტი მექნება კორეაში და ამისთვის ვემზადები. მგონია, რომ კიდევ კარგ რაღაცებს მიქადის კორეა.
გაგვაცანი საკონცერტო სიახლეები.
წელს, პირველად წავალ იაპონიაში და გავმართავ სამ სოლოკონცერტს, იტალიელ დირიჟორთან ერთად, რომელიც ფორტეპიანოზე გამიწევს აკომპანირებას. ძალიან საინტერესო პროგრამა გვექნება. სამწუხაროდ, ბევრი დრო არ მექნება, რადგან დავამთავრებ თუ არა ბოლო კონცერტს, იმ ღამესვე უნდა გავფრინდე, რადგან მეორე დღეს, ამსტერდამში მეწყება რეპეტიციები, საოპერო გალაკონცერტისთვის.
ზაფხულში, რეგენსბურგში უნდა წავიღოთ „ტრავიატა“. წელს, გერმანია, ასე ვთქვათ, საბაზისო ქვეყანა არის ჩემთვის, მაქვს ორი დიდი პროდუქცია – „ტრავიატა“ და „ჯამბაზები“, გარდა ამისა, ძალიან საინტერესო და ჩემთვის მნიშვნელოვანი ვერდის „რეკვიემი“, რომელსაც უკვე მეორედ ვიმღერებ მიუნხენის „ჰერკულესის დარბაზში“ და ასევე, ჩეხეთში.
მინდა, ვახსენო თბილისიც. 21 მარტს, თბილისში, „კახიძის მუსიკალურ ცენტრში“ ვიმღერებ ვერდის „რეკვიემს“ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. საქართველოში სიმღერა ყოველთვის საპასუხისმგებლოა. აღნიშნული ნაწარმოები ჩემთვის ერთ-ერთი საოცნებო იყო, შარშან პირველად ვიმღერე მიუნხენში, „ჰერკულესის დარბაზში“ და წელს, უკვე სამჯერ მიწევს მისი შესრულება და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვემზადები, თან ძალიან მიხარია.

სოფო, რამდენად რთულია პროფესია, რომელიც აირჩიე?
ურთულესი პროფესიაა.
დღეში რამდენ საათს უთმობ შენს პროფესიულ განვითარებას?
როდესაც რეპეტიციები გვაქვს, დღეში 6-7 საათი ვდგავართ სცენაზე და ვმღერით, თუ არ გვაქვს რეპეტიციები და პარტიებს ვსწავლობთ, ამ შემთხვევაშიც, დღეში მინიმუმ რამდენიმე საათი, მაგრამ ჩვენი პროფესია მხოლოდ ეს არ არის, ჩვენი პროფესია არის, როგორც ათლეტის მომზადება, მნიშვნელოვანია ფიზიკური, ფსიქიკური ნერვული, ყველანაირი მზაობა, სულ ჯანმრთელად უნდა იყო, რომ ამ გადაფრენას გაუძლო, რომ ჩამოხვალ, მეორე დღეს იმღერო… ასევე, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია საზოგადოებასთან, სააგენტოებთან, თეატრებთან ურთიერთობა, რაც ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, ეს ყველაფერი კი მოითხოვს ენების ცოდნას, ყველანაირი მზაობას.
რას უკრძალავ საკუთარ თავს?
ახლა და ახლა, ვცდილობ, ნაკლები რაღაცები ავუკრძალო ჩემს თავს, მაგრამ რეჟიმში უნდა იყო სულ. გვიანობამდე სადღაც წასვლა, მეგობრებთან ერთად მხიარულება, თუ მეორე დღეს კონცერტი ან სპექტაკლი გაქვს, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ყელი გეღლება.
კვების მხრივ, სიმღერისთვის არაფერს ვერიდები, ცხარესაც ვჭამ, თხილსაც, ყველაფერს.
უნდა იყო მუდმივად რეჟიმში, გრაფიკში, გაუფრთხილდე თავს და ყელს.

რამდენად გიყვარს ოჯახში ფუსფუსი და დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, რამდენად ახერხებ ამ ყველაფერს?
ძალიან მსიამოვნებს, ეს ჩემთვის ძალიან მომადუნებელი, რელაქსის მომენტია. სამწუხაროდ, წელს ძალიან ცოტა დრო მრჩება სახლში ყოფნისთვის, ახლა, მარტში რომ წავალ, ალბათ, აგვისტომდე ვერ ჩამოვალ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ძალიან ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით, ვცდილობ, რომ ვიცხოვრო.
რა არის შენი ჰობი, რას საქმიანობ თავისუფალ დროს?
ერთი გამორჩეული საქმიანობა არ მაქვს, თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად დროის გატარება, ასევე დროს აუცილებლად ვუთმობ ვარჯიშს, ჩემთვის ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია.