შვედეთში ჩატარებულმა ორწლიანმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა დადებითად მოქმედებს როგორც თანამშრომლების პროდუქტიულობაზე, ისე კომპანიების შედეგებზე.
კვლევის მიხედვით, სამუშაო დროის შემცირების მიუხედავად, თანამშრომლების პროდუქტიულობა 13%-ით გაიზარდა, საერთო სამუშაო უნარიანობა – 10%-ით, ხოლო კრეატიულობა – 25%-ით. პარალელურად, სტრესის დონე თითქმის 20%-ით შემცირდა, ძილის ხარისხი გაუმჯობესდა და შფოთვის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო.
ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სექტორის კომპანიები – ენერგეტიკის, კონსალტინგის, ლოგისტიკისა და სოციალური მომსახურების სფეროებიდან. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო საათების შემცირებამ თანამშრომლების ანაზღაურებაზე გავლენა არ მოახდინა.
დადებითი ცვლილებები განსაკუთრებით აშკარა აღმოჩნდა მაღალი სტრესის მქონე სფეროებში, როგორიცაა სოციალური მომსახურება, სადაც თანამშრომლები ხშირად ემოციურ გადაღლასა და პროფესიულ გადაწვას განიცდიან.
კომპანიებმა სარგებელი მიიღეს ასევე ადამიანური რესურსების მართვის კუთხით – შემცირდა კადრების გადინება, გაუმჯობესდა სამუშაო გარემო და გუნდებში თანამშრომლობა. თანამშრომლები უფრო სწრაფად მუშაობდნენ და უფრო ხშირად იღებდნენ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს.

ამ შედეგების მისაღწევად კომპანიებს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია დასჭირდათ: შემცირდა და გამოაკლდა არაეფექტური შეხვედრები, ხოლო თანამშრომლები გათავისუფლდნენ რიგი რუტინული ამოცანებისგან, რაც მათ საშუალებას აძლევდა კონცენტრირებულიყვნენ მთავარ პრიორიტეტებზე.
ექსპერიმენტის წარმატების ფონზე, ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვას უკვე სხვა კომპანიებიც განიხილავენ როგორც ეფექტურ მენეჯმენტურ სტრატეგიას. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც, რაც მიუთითებს, რომ სამუშაო დროის ოპტიმიზაცია თანამედროვე ბიზნესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტენდენციად ყალიბდება.