საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსახლეობას მოუწოდებს, საახალწლოდ სახლში ცოცხალი ნაძვი შეიტანონ, ქოთნით. ილია მეორემ ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ასევე, პატრიარქი ამბობს, რომ სხვადასხვა მცენარის ნერგების გამოყვანა ყველამ უნდა ისწავლოს.
„თუ მცენარე მოჭრილია, იგი მომაკვდავია, მაგრამ თუ ფესვთა სისტემა აქვს და ცოცხალია, სიცოცხლე შეაქვს ნებისმიერ ადგილზე და შემომქმედს გვახსენებს.
თქვენ იცით, რომ ათი წლის წინ აქ, წმინდა სამების ეკლესიის ტერიტორიაზე, დაარსდა საქართველოს საპატრიარქოს გამწვანების კოლეჯი; ხელმძღვანელები არიან ბატონი ზურაბ შევარდნაძე და დედა თეკლე. აი, ამ ათი წლის განმავლობაში მათ ბევრი რამ გააკეთეს და მინდა დავლოცო მათი ღვაწლი, მათი საქმიანობა.
ასევე მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ისწავლოთ ნერგების გამოყვანა, როგორც ხის, ისე სხვადასხვა მცენარისა.
მოდის ახალი წელი და თქვენ, ბუნებრივია, სურვილი გაქვთ, რომ ნაძვის ხე გქონდეთ. ხშირ შემთხვევაში სახლში მიაქვთ მოჭრილი, მკვდარი ნაძვის ხე, სასურველი კია, რომ შეიტანოთ ნაძვის ხის ნერგი, ნაძვის ნერგი ქოთნით.
საქართველო გამორჩეულია და მდიდარია იმითაც, რომ ჩვენ წიწვოვანი მცენარეების მრავალი სახეობა გვაქვს. ამით სარგებლობენ უცხოეთის ქვეყნები და მიაქვთ ჩვენი თესლი, ამრავლებენ და ყიდიან ყველგან. მაგ: სოჭის ხე, რომლითაც მდიდარია რაჭა. რაჭიდან მიაქვთ თესლი, განსაკუთრებით დანიაში და იქიდან კი მთელს მსოფლიოში ავრცელებენ. თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ. დაუკავშირდით დედა თეკლეს და ბატონ ზურაბს და ისწავლეთ და ასწავლეთ სხვებსაც მისი გამოყვანა.
სიცოცხლე უნდა შევიდეს ყველა ოჯახის საცხოვრებელში,“ – განაცხადა პატრიარქმა.