პოლონური კომპანია clone Robotics უახლოეს მომავალში წარადგენს მსოფლიოში პირველ რობოტს, რომელიც ადამიანის აგებულებას დეტალურად იმეორებს. სიახლის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Jedynka.polskieradio წერს.
გუნდში, რომელიც პროექტზე მუშაობს, ათობით ინჟინერი და ანატომი შედის. მათ ადამიანის სხეულის თითოეული ელემენტი დააპროექტეს: დაწყებული ძვლებით და სისხლძარღვებით, შიდა ორგანოებით დამთავრებული. რობოტს აქვს ხელოვნურად შექმნილი ნერვული სისტემა, რომელიც იმპულსებს გადასცემს.
ტრადიციული რობოტებისგან განსხვავებით, რომლებიც გადაადგილებისთვის ძრავას იყენებენ, პოლონური რობოტი ელექტრო ტუმბოს დახმარებით გადაადგილდება. ტუმბო მოძრაობაში მოიყვანს ხელოვნურ კუნთებს, რომლებიც ზუსტად ისე შეიკუმშებიან როგორც ადამიანის ნამდვილი კუნთი. რობოტის მართვას თავის თავზე ნეირო ქსელი აიღებს. პროექტის ავტორთა თქმით, ასეთი მიდგომის დამსახურებით რობოტის გადაადგილება იქნება ძალიან ბუნებრივი, ზუსტი და მოქნილიც კი.
პირველ ადამიანურ რობოტს სავარაუდოდ 2026 წლისთვის გამოუშვებენ და მისი მთავარი ფუნქცია სახლის საქმეებში დახმარება იქნება, თუმცა მეპატრონეებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მათთვის ნებისმიერი უნარის სწავლება შეეძლებათ.