LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპერის ოქროს ხმა“ ბათუმში 6-12 ოქტომბერს გაიმართება: „წამყვან აგენტებს, მეცენატებს და იმპრესარიოებს გააერთიანებს, თავად პლასიდო დომინგოს აგენტის ჩათვლით, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ეცდება ახალი ხმებისა და ტალანტების მოძიებას…“

878
თამარ-ივერი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა თამარ ივერიმ შავი ზღვის საერთაშორისო კონკურსზე „ოპერის ოქროს ხმაზე” ისაუბრა, რომელიც 6-12 ოქტომბერს გაიმართება ბათუმში.

პირველ რიგში, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემმა მოსწავლემ, მეცო-სოპრანომ ელმინა ჰასანმა, რომელიც 23 წლის ასაკში საერთაშორისო კონკურსების სამი გრან-პრის მფლობელია, ცოტა ხნის წინ პლასიდო დომინგოს ოპერალიაზე მოიპოვა მეორე ადგილი, სარსუელას პრემია და პუბლიკის სიმპათიის პრიზი. აღსანიშნავია, რომ, ოპერალია, ისეთივე მასშტაბური და პრესტიჟული ღონისძიებაა, როგორიც ოსკარის ცერემონია კინემატოგრაფიაში. კონკურსის პირველი პრემიის მფლობელმა 30 ათასი დოლარი მიიღო ჯილდოდ, ჰასანის პრიზმა კი, 20 ათასი დოლარი შეადგინა, რასაც სარსუელას 10 ათასი დოლარი და მაყურებელთა ჯილდო – „როლექსის“ ფირმის საათი დაემატა.

ბედნიერი ვარ ელმინას გამარჯვებით, რადგან მართლაც საოცრად ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდაა. მისით თავად პლასიდო დომინგო აღფრთოვანდა, რომელმაც ღიად გამოხატა  საკუთარი აღფრთოვანება. დღეს ელმინასთვის მსოფლიოს ყველა პრესტიჟული თეატრის კარი ღიაა. ჩემი წილი მადლობა მეც მივიღე, უამრავმა ნაცნობმა დამირეკა და გაოცებით აღნიშნა, რომ მართალია, ყველამ იცოდა, რომ კარგი მომღერალი ვიყავი, მაგრამ არავის ეგონა, რომ პედაგოგიც ასეთი წარმატებული ვიქნებოდი.

უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ ვაპირებ გამგზავრებას. რამდენიმე შეთავაზება მივიღე, თუმცა დეტალურად ჯერ არაფერს ვიტყვი. ზუსტად ვიცი, რომ ბათუმში დაარსებულ კონკურსს შევინარჩუნებ და მაქსიმალურად ვეცდები სათანადო ყურადღება მივაქციო ჩემს მოსწავლეებს, თუმცა გარკვეული პერიოდით მაინც მომიწევს საქართველოს დატოვება და საზღვარგარეთ გადაბარგება.

მართალია, კონკურსის „ოპერის ოქროს ხმა“ მოწყობის იდეა 2019 წელს გამიჩნდა, მაგრამ პანდემიის გამო გადადება მომიწია. პირველი კონკურსი 2022 წელს ჩატარდა და მაშინვე გადაწყდა, რომ ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ მოეწყობოდა, თუმცა გასულ წელს აგენტების მოსმენები, მასტერკლასები, კონცერტები ჩავატარეთ და შესანიშნავად შევავსეთ ორი კვირა, რათა ჩავარდნა არ გვქონოდა. წელს კონკურსი მეორედ გაიმართება. ჟიური მსოფლიოს წამყვან აგენტებს, მეცენატებს და იმპრესარიოებს გააერთიანებს, თავად პლასიდო დომინგოს აგენტის ჩათვლით, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ეცდება ახალი ხმებისა და ტალანტების მოძიებას. 

10 ოქტომბერს ელმინა ჰასანის ინიციატივით გაიმართება საოპერო მომღერლების საქველმოქმედო კონცერტი ოთარ ჯორჯიკიას, ალუდა თოდუას და სესილ არბელის მონაწილეობით, 12 ოქტომბერს კი, კონკურსის ფინალი მოეწყობა, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ სამივე პრემია ოქროს სტატუეტი იქნება, რადგან კონკურსს „ოქროს ხმა“ ჰქვია. კონკურსი ფესტივალის „ბათუმის რაფსოდიას“ ფარგლებში გაიმართება, რომელმაც QUEEN-ის ცნობილი ჰიტის წყალობით შეიძინა სახელი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და აჭარის კულტურის სამინისტროებს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, ბათუმის მერიას, ბატონ არჩილ ჩიქოვანს და რა თქმა უნდა, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც მხარში ამოუდგა ჩვენს წამოწყებას და მხოლოდ მისი წყალობით გახდა შესაძლებელი კონკურსის მოწყობა. 

ზოგადად, საოპერო მომღერლობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, რადგან უზარმაზარი თანხა იხარჯება მოგზაურობასა და საკონცერტო კოსტიუმებზე. ვფიქრობ, პედაგოგი ვალდებულია, წინასწარ აუხსნას მოსწავლეს ყველა სირთულე და ის ილუზიები გაუქროს, რომლებიც მხოლოდ ზიანს მოუტანენ. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს რისი პოტენციალი აქვთ და რისი იმედი უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ზოგჯერ პირიქითაც ხდება. მაგალითად, ერთმა ჩემმა მოსწავლემ, რომელსაც გარკვეული წარმატებები ჰქონდა, თვითონ თქვა უარი კარიერის გაგრძელებაზე, რადგან მიხვდა, რომ ძალიან მძიმე ტვირთი იყო ვერ მოერეოდა. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, თუმცა არც მიფიქრია გადარწმუნება, რადგან ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს საკუთარი გზა.

სამწუხაროდ, ჩვენს პროფესიაში მხოლოდ ნიჭი და ლამაზი ხმა საკმარისი არაა, რადგან შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა. ძალიან რთულია რამდენიმე სპექტაკლის ერთ დონეზე შესრულება, ხმის და ენერგიის შენარჩუნება. ამასთანავე, ძალიან ხშირად გვიწევს მოგზაურობა, პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ჩემოდნებზე ვზივართ, ვმღერით ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ განწყობაზე, რადგან არავის აინტერესებს რამდენად დაღლილი ან უგუნებოდ ხარ. გამართლება ჩვენს სფეროში ნაკლებად საიმედოა, რადგან ერთხელ ნებისმიერს შეიძლება გაუმართლოს, კარიერის შენარჩუნებას კი, წლების მანძილზე სჭირდება მუშაობა.

ქალისთვის მომღერლობა უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცისთვის, რადგან ქალს ოჯახის მოვლის ვალდებულებაც აქვს. ტყუპები როცა შემეძინა იძულებული გავხდი პაუზა ამეღო, რადგან წარმოუდგენლად მომეჩვენა ბავშვების გასტროლებზე ტარება და მათთან ერთად მუდმივად სასტუმროებში ცხოვრება. რა თქმა უნდა, კარიერაზე ხელის აღება არ ღირს, მაგრამ პრიორიტეტების განსაზღვრა და საგასტროლო გრაფიკის შემსუბუქება მაინც საჭიროა.

ბოლო დროს ძალიან შეიცვალა საოპერო ხელოვნება, ბევრი სპექტაკლი მხოლოდ ყურადღების მიქცევისა და სკანდალის მოწყობისთვის იდგმება, რაც ძალიან შეურაცხმყოფლად მიმაჩნია, როგორც ავტორისთვის, ისე პუბლიკისთვის. საბედნიეროდ, მსგავს დადგმებში მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ძალიან რთულია საკუთარი აზრის და სურვილების გამოთქმა, როცა კონტრაქტის პირობებით ხარ შეზღუდული.

ყოველთვის მინდოდა ტოსკას როლის შესრულება, რადგან ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი. რთული, ამიტომ საინტერესო შესასრულებელია აიდაც, თუმცა თავად პერსონაჟი ნაკლებად მხიბლავს. ზოგადად, პუჩინის ქალბატონები უფრო მომწონს, რადგან ვერდი უფრო მამაკაცების კომპოზიტორი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g