„ახლა უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანის დაუღალავი პროტესტი, რათა ყველამ ერთად ვუთხრათ – არა რუსულ კანონს საქართველოში და დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და მომავალი“. – ასე ეხმაურება პოეტი რატი ამაღლობელი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას პარლამენტში.
„ივანიშვილი ახლა ვაჭრობს მთელი ჩვენი ქვეყნის აწმყოთი და მომავლით, მისი უმთავრესი აკვიატება ამ ეტაპზე კუთვნილი ანგარიშებია ევროპაში, „თქვენ თუ მიბლოკავთ ანგარიშებს, მე დასავლურ ინვესტიციებსა და ფინანსურ შემოდინებებს დავბლოკავ ამ ქვეყანაში, მთლიანად ამ ქვეყანას დავბლოკავ და მოვაქცევ იზოლაციაში ცივილიზებული სამყაროსგან” დაახლოებით ასეთია მისი ქორ-ვაჭრული ფიქრები და სვლები.
ამიტომოც აჰკიდა ყოფილ ფილოსოფოსებს, უცნობ-მომღერლებს და არაერთგზის ნამინისტრალ კინორეჟისორებს საკუთარი ანგარიშების ბუღალტერია და მთელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც პირადი ანგარიშების მყეფავ ბუღალტრებად აქცია.
ასე რომ ახლა უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანის დაუღალავი პროტესტი, რათა ყველამ ერთად ვუთხრათ – არა რუსულ კანონს საქართველოში და დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და მომავალი“. – წერს რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.
ამავე თემაზე:
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“