„რა შეიძლება იყოს ხველის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, რატომ არის მნიშვნელოვანი ხველა მშრალია თუ სველი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ხველას და რა დროს არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი, რა განსხვავებაა მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს შორის და როგორია სიმპტომები, რა უნდა ვიცოდეთ „ფარულ ფილტვების ანთებაზე“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-პულმონოლოგმა – თამარ არღანაშვილმა ისაუბრა.
ქალბატონო თამარ, როდესაც იწყება და შემდეგ გრძელდება ხველა, ეს ყოველთვის არის იმის ნიშანი, რომ ვირუსული ინფექციის საწყისია სახეზე? ასევე, რა ინფორმაციას გვაძლევს და რატომ არის მნიშვნელოვანი ხველა მშრალია თუ სველი?
რა თქმა უნდა, ხველა ყოველთვის ინფექციასთან არ არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, სწორედ ბანალური ვირუსული ინფექციები იწვევენ მას. ძალიან ბევრმა სხვა ფაქტორმაც შეიძლება, განაპირობოს ხველის განვითარება, მაგალითად, ასთმამ, ფილტვის ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ, ბრონქოექტაზიამ, შესაძლოა, ხველა სიმსივნის ერთ-ერთი ნიშანიც იყოს. გარდა სასუნთქი გზებისა, ხველა შესაძლოა, რომ კუჭ-ნაწლავიდანაც მოდიოდეს და გასტროეზოფაგური რეფლუქსის შედეგი იყოს. შესაძლოა, ხველა განპირობებული იყოს სტრესით, ასევე მისი მიზეზი შეიძლება იყოს დაბინძურებული გარემო ან თამბაქოს მოხმარება და ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტიპის ხველაა, რადგან ხშირად, მწეველები თვლიან, რომ ეს მათი დაავადების სიმპტომი კი არ არის, არამედ არის უბრალო ჩვევა, რომელიც თამბაქოს მოხმარებასთან ერთად მოჰყვება მათ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხველის ხანგრძლივობას, თუ ადამიანი 3 კვირა და მეტი ახველებს, ეს უკვე არის ნიშანი იმის, რომ შესაძლოა, სასუნთქ გზებში რაღაც სერიოზული პრობლემა იყოს.
რაც შეეხება სველ და მშრალ ხველას, მათ შორის ძირითადი სხვაობა თავად სახელიდანაც ჩანს.
მშრალი ხველის დროს არ არის დამახასიათებელი ნახველი ან ძალიან უმნიშვნელოა ის. ამ ტიპის ხველა, როგორც წესი, ვირუსული ინფექციების საწყის ეტაპზე გვხვდება, ის ასევე შეიძლება, ასთმით, დაბინძურებული გარემოთი იყოს განპირობებული.
სველი ხველის დროს, რომელსაც ჩვენ პროდუქტიულ ხველასაც ვეძახით, დამახასიათებელია ნახველის გამოყოფა, რაც უფრო ქვემო სასუნთქ გზებში არსებულ მწვავე პრობლემაზე, მაგალითად, ფილტვის ანთებაზე, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე მიუთითებდეს, რაც ქრონიკული პროცესია და მუდმივად მიმდინარეობს ფილტვებში.
ნახველის შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ნახველის შეფერილობას, მართალია, მომწვანო ან მოყვითალო ნახველი ერთმნიშვნელოვნად, აუცილებლად არ განაპირობებს ბაქტერიის არსებობას, მაგრამ ჩვენი პირველი კითხვა ყოველთვის არის ის, თუ რა ფერია ნახველი, რადგან ხველა ეს არის აისბერგის ნაწილი, რომელსაც როგორც ექიმი, ისე პაციენტი ხედავს. ამის შემდგომ, იწყება მთელი რიგი კვლევები, რომელთაც უკვე მივყავართ კონკრეტულ დიაგნოზამდე, რომლის მკურნალობაც ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვს თუ არა ბრონქიტს რაიმე ისეთი დამახასიათებელი თვისება, რომელიც თავად პაციენტსაც, არა სამედიცინო განათლების მქონე ადამიანსაც მიანიშნებს მის არსებობაზე?
ხველის შეფასების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობა. ბანალური ვირუსული ინფექციის დროს ხველის ხანგრძლივობა 7-დან 10 დღემდეა და როგორც წესი, მისი ინტენსივობა თანდათან იკლებს. თუ სახეზეა მწვავე ბრონქიტი, ხველა უფრო უფრო შემაწუხებელი და უფრო ძლიერია, ასევე მას თან ახლავს დაჭიმულობა, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, კუნთების ტკივილი. ამ დროს, პაციენტმა და ექიმმა შესაძლოა, რომ მსტვინავი სუნთქვაც შენიშნონ. ყველაზე ყურადსაღებია ხველის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, როცა დროის გასვლასთან ერთად ინტენსივობა კი არ მცირდება, არამედ პირიქით, იზრდება. თუ ხველის ხანგრძლივობა იზრდება, ეს პაციენტს უნდა მიანიშნებდეს, რომ ეს არ არის ბანალური ინფექცია. როგორც წესი, ბანალურ ინფექციას ახასიათებს ტემპერატურული რეაქციაც, რაც ბრონქიტის დროს, მხოლოდ საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს გამოხატული.
როგორც უკვე ვთქვი, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ხველის ხანგრძლივობას და არ უნდა უგულებელვყოთ, როცა ის ხანგრძლივდება.
რა განსხვავებაა მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს შორის და როდის არის აუცილებელი პულმონოლოგის ჩართვა?
როგორც წესი, მწვავე ბრონქიტი არის დაავადება, რომელიც თვითლიმიტირებადია, თუნდაც ეს დაჭიმულობა, ხველა, რაც პაციენტს აწუხებს, გარკვეული პერიოდის შემდგომ გადის.
ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში, სასუნთქ გზებში არის მიმდინარე ცვლილებები, რაც სამწუხაროდ, შეუქცევადი პროცესია. ქრონიკული ბრონქიტის დროს, შესაძლოა, ხველა გრძელდებოდეს სამი კვირა და მეტი, შესაძლოა, ეს წელიწადის განმავლობაში იყოს სამი თვე. თუ პაციენტი ყოველ წელს მიდის ექიმთან, თუ მას ყოველ წელს აქვს ბრონქიტის დიაგნოზი, ხშირად აქვს ფილტვების ანთება, ეს უკვე ქრონიკული ბრონქიტის არსებობაზე მიანიშნებს. ამ დროს, რა თქმა უნდა, გარდა ხველისა, აუცილებლად იქნება ნახველიც, ქოშინიც, სუნთქვის უკმარისობაც, რაც ამ განგრძობითი ხველის შემდგომი პროცესია. სამწუხაროდ, ქრონიკული ბრონქიტი არის დაავადება, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არა განკურნებადია. პლუს, მას თან ახლავს კიდევ სხვა ცვლილებები ფილტვში, რაც შემდგომ ერთიანდება ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაში. ხშირია, რომ პაციენტს ასთმის დიაგნოზის უფრო ეშინია, ამ დროს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ბევრად უფრო საშიშია. ამ დროს, ჩვენი მიზანია შევამციროთ დაავადების შემდგომი პროგრესირება და გავაუმჯობესოთ პაციენტის ცხოვრების ხარისხი. სამწუხაროდ, თუ ეს დიაგნოზი დაისვა, აღარ იხსნება, ამიტომ თუ კი თქვენი ხველა გრძელდება 3 კვირას და მეტს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
ბრძანეთ, რომ ხველის შეფასებისას, ძალიან მნიშვნელოვანია ხანგრძლივობა, მაგრამ საინტერესოა, რა ინფორმაციას გვაძლევს ხველის ტიპი, მაგალითად, ხანდახან ადამიანები უჩივიან შეუპოვარ ხველას, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებითაც კი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხველა არც თუ ისე შემაწუხებელი, ასე თუ ისე ასატანია. რაზე მიანიშნებს, თუ ხველა არის სპაზმური, გაუსაძლისი?
პირველ რიგში, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ არანაირი ხველა არ არის ასატანი, ამას უბრალოდ, ჩვენ ადამიანები ვეგუებით და ვამბობთ, რომ არ მაწუხებს იმდენად, რომ ღამე გამეღვიძოს, არ არის დღის განმავლობაში გაუსაძლისი და ა.შ. ეს სწორი არ არის. სამწუხაროდ, სასუნთქ გზებს გარდა ხველისა, ბევრი სხვა მექანიზმი არ აქვს, რომ არსებული რაღაც პრობლემის შესახებ ხმა მოგვაწვდინოს. მაგალითად, ფილტვებს არ ახასიათებს გულის მხრივ ტკივილი, ამიტომ თუ პაციენტი ელოდება იმას, რომ ოდესღაც ტკივილის იგრძნობს და მერე მივა ექიმთან, მანამდე კი უბრალოდ მოითმენს ხველას, ეს ძალიან ცუდია, რადგან ხველა არის პირველი ნიშანი, რომელსაც სასუნთქი სისტემა გვაძლევს, როცა რაღაც პრობლემაა. ამის შემდგომ, მოდის სუნთქვის უკმარისობა, რომლის დროსაც, შესაძლოა, დაგვიანებულიც იყოს ექიმთან ვიზიტი.
რაც შეეხება თვითონ ხველის ტიპს, შემაწუხებელი ხველა, როცა თითქოს ამოსუნთქვაც კი უჭირს ადამიანს, შესაძლოა, ალერგიული ფაქტორითაც იყოს განპირობებული. როდესაც სასუნთქი გზები შევიწროებულია, როცა საკმარისი ჰაერი არ ჩადის სასუნთქ გზებში და იწყება სპაზმური, შეტევითი ხველა, რა თქმა უნდა, ამის ატანა უფრო მეტად უჭირთ პაციენტებს. ხველა შესაძლოა განპირობებული იყოს ალერგიული ფონით, მაგალითად, მცენარეების ყვავილობის სეზონით, მტვერთან კონტაქტით და ა.შ.
ბუნებრივია, ექიმთან ვიზიტისას, კეთდება მთელი რიგი კვლევები და ამის შემდეგ, იწყება მიზანმიმართული მკურნალობა, არა მხოლოდ ხველის, როგორც სიმპტომის სამკურნალოდ, არამედ, რა თქმა უნდა, ძირითადი, ხველის გამომწვევი დაავადების სამკურნალოდ.
ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც პაციენტები უშვებენ არის ის, რომ ამბობენ – „10 წელია ვახველებ“, მაგრამ ამას დიდად არ აქცევენ ყურადღებას, არ აწუხებთ და ცხოვრობენ ამ ხველასთან ერთად, რადგან ეს არის ერთი და იგივე ინტენსივობის ხველა და არ არის იმ ტიპის ხველა, რომელიც თითქოს ახრჩობს. მსგავსი ტიპის ხველაც სასუნთქ გზებში არსებულ ძალიან სერიოზულ ცვლილებებზე მიუთითებს და ეს ერთ მნიშვნელოვნად ქრონიკული პროცესით არის განპირობებული. თუ კი თქვენი სასუნთქი სისტემა გაძლევთ ნიშანს და გახველებთ, ეს რაც არ უნდა მოსათმენი იყოს, ეს არ არის უბრალოდ სიმპტომი, უბრალოდ ჩვევა, რომელიც გაივლის და არ არის პრობლემა. ეს არ გაივლის და როდესაც მას სხვა სიმპტომები დაემატება, სამწუხაროდ, შეიძლება, რომ უკვე ძალიან გვიან იყოს.
შესაძლოა, რომ გახანგრძლივებული ხველა, რომელიც გასცდა 3 კვირას, ფილტვების ანთების მთავარ სიმპტომს წარმოადგენდეს? არსებობს ასეთი ტერმინიც „ფარული ფილტვების ანთება“, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ის არ გამოგვეპაროს?
ხშირად არ ხდება ასე, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ფილტვების ანთება ფარულად მიმდინარეობს. ფარულობაში იგულისხმება ის, რომ სახეზე არ არის ის კლასიკური ნიშნები, რაც ზოგადად, ფილტვების ანთებას ახასიათებს, მაგალითად, ტემპერატურული რეაქცია, უფრო მეტად გაძლიერებული ნახველი და ა.შ. ის არის ერთადერთი სიმპტომით, ხველით წარმოდგენილი, რაც არც თუ ისე შემაწუხებელია.
ჩუმი ჰქვია იმიტომ, რომ წარმოდგენილი არ არის კლასიკური სიმპტომები, მაგრამ აუცილებლად იქნება რაღაც სხვა ტიპის სიმპტომები, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დამახასიათებელი ადამიანისთვის. ასეთი ტიპის ფარული ანთებითი პროცესი უფრო ხანდაზმული, 65 წელს ზევით ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი ან იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ისედაც შესუსტებული და დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა.
ფარული ანთებითი პროცესი კონკრეტულ ადამიანთან სხვადასხვა სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს, შეიძლება, პაციენტს უჭირდეს გამოღვიძება, საწოლიდან წამოდგომა, რადგან იმაზე სუსტად გრძნობდეს თავს, ვიდრე წინა დღეებში გრძნობდა. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დეზორიენტაციას, პაციენტი ვერ იკავებდეს თავს, მიდრეკილი იყოს დაცემისკენ, შეიძლება, იყოს მადის დაქვეითება, გულმავიწყობა, რომელიც მანამდე არ იყო გამოხატული. ამ არა კლასიკური სიმპტომატიკით ორგანიზმი გვაძლევს ნიშანს, რომ რაღაც სტანდარტულად არ არის და მაჩვენებელი გადახრილია. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უმჯობესია მივიდეთ ექიმთან, მოვასმენინოთ ფილტვები და საჭიროების შემთხვევაში, კვლევები, ფილტვის ფუნქციური შეფასება, სისხლის ანალიზი გავიკეთოთ.
აღნიშნული პროცესი ცოტა სხვანაირად გამოიხატება ახალგაზრდა, ჯანსაღი ორგანიზმის მქონე პაციენტებში. ყველას გაგვიგია ასეთი ტერმინი „ფეხზე გადავიტანე პნევმონია“, თუმცა ამ შემთხვევაში, აუცილებლად იქნება, რაღაც გარკვეული სიმპტომები, მაგალითად, დაბალი ტემპერატურა. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხდება სტანდარტულიდან გადახვევა, ბუნებრივია, უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია და განსაზღვრა, რეალურად რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.
სოციალურ ქსელებს და ფორუმებს რომ გადავხედოთ, პაციენტები ხშირად ჩივიან ფილტვების ანთების დიაგნოსტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, წერენ, რომ რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების შემდეგ, საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება, რადგან გაჭირდა დიაგნოსტირება. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი, რატომ შეიძლება, ვერ დაინახოს რენტგენოლოგიურმა კვლევამ ფილტვების ანთება? ასევე, ბოლო დროს, ექიმები ხშირად იძლევიან 3D განზომილების რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების რეკომენდაციას, რამდენად მნიშვნელოვანი და მეტად ინფორმაციულია აღნიშნული კვლევა?
ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როდის ხდება კვლევის ჩატარება, თუ ჩვენ დღეს მოგვცა ტემპერატურული რეაქცია და მაშინვე გავიქეცით და რადიოლოგიური კვლევა ჩავიტარეთ, შესაძლოა, ეს დრო არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც პროცესი იყოს განვითარებული და შესაბამისად, არც გამოჩნდება. როდესაც კარგად ჩამოყალიბებული ფილტვების ანთება, იგივე პნევმონიაა, ეს, რა თქმა უნდა, ჩანს რენტგენოლოგიურად. აღსანიშნავია, რომ ხშირად, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ სიტუაციაში, ფილტვის ქსოვილის დაზიანება რენტგენოლოგიურად წააგავს პნევმონიის სურათს, მაგრამ როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ვაფასებთ მას, იქ არ არის ანთებითი პროცესი ან არის უკვე გადატანილი ანთებითი პროცესი ან მიმდინარეობს სხვა ფიბროზული ცვლილებები, ქრონიკული პროცესები მიმდინარეობს ფილტვში, რაც გვაძლევს ანთების მსგავსს სურათს. როდესაც სრულყოფილად ხდება რენტგენოლოგიური შეფასება, ფილტვების მოსმენა, შესაბამისი სისხლის ანალიზების ჩატარება, რა თქმა უნდა, იქ თვალსაჩინოა ანთებითი სურათი, შესაბამისად, დიაგნოზის დასმა და შემდგომი მკურნალობა, გაცილებით უფრო მარტივი ხდება.
ვახსენეთ ჰაერის უკმარისობა და მინდა, ამ თემაზეც ვისაუბროთ. როგორ განვასხვაოთ ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სუბიექტურია თუ ობიექტური? ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ძლიერი სპაზმური ხველის დროს, შიში გიპყრობს და გაქვს შეგრძნება, რომ ჰაერი არ გყოფნის. არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რომლითაც განვსაზღვრავთ, რეალურია თუ არა ჰაერის უკმარისობა?
სუნთქვის უკმარისობა, როგორც წესი, არის სიმპტომი, რომელიც ხველას მოჰყვება ხოლმე. სამწუხაროდ, ის ძალიან შემპარავი ნიშანია, ხშირად იმდენად ნელა ეპარება ადამიანს, რომ ის ვერც კი ამჩნევს, თუ სუნთქვის უკმარისობა აქვს. ამას ვერ ამჩნევს, რადგან ადამიანი ადაპტირდება ნებისმიერ გარემოში. ისე, რომ ვერ იაზრებს, ადამიანი ცვლის ჩვეულ ცხოვრების სტილს, ნაკლებად იტვირთება ფიზიკურად, ნაკლებს დადის ფეხით, ნაკლებს ვარჯიშობს, საერთოდ აღარ იყენებს კიბეებს. ვიზიტისას რომ ჩავეკითხებით ხოლმე პაციენტს, თუ როგორი იყო მათი ცხოვრება 2 წლის წინ, მხოლოდ ამის შემდეგ აანალიზებენ, რომ მაგალითად საერთოდ აღარ დადიან კიბეებზე და ა.შ.
არსებობს სუნთქვის უკმარისობის შეფასების ობიექტური შკალები, დავუშვათ, კითხვარი, რომელსაც ჩვენ პაციენტს ვაძლევთ, რომელშიც სხვათა შორის, ერთ-ერთი კითხვა ასეთია, შეუძლია თუ არა მას იმავენაირი ფიზიკური აქტივობა, როგორიც მისივე ასაკის მეზობელს, რომელთან ერთადაც, მაგალითად, ყოველდღე დადიოდა კუს ტბაზე, მაგრამ დღეს აღარ დადის, რადგან შეამცირა თავისი ფიზიკური აქტივობა.
რა თქმა უნდა, ასეთი შეტევითი ხველის დროს, ისედაც არის შეგრძნება, რომ საკმარისი რაოდენობით ჰაერი არ ჩადის ფილტვებში და ამას სხვადასხვანაირად აღნიშნავენ ხოლმე პაციენტები, ზოგი ამბობს, რომ სრულად ვერ შეივსო ჰაერით ფილტვები, რომ საკმარისი რაოდენობით ვერ ამოისუნთქა და შეგრძნება აქვს, რომ უფრო მეტი ჰაერი რჩება ფილტვებში ან ამბობენ, რომ აქვთ ხშირი სუნთქვა, რადგან არ ჰყოფნით ჰაერის ის რაოდენობა, რასაც ისუნთქავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლოა, ფსიქოგენურიც იყოს და არ მოდიოდეს სასუნთქი გზებიდან. ასევე, პრობლემა შეიძლება იყოს კარდიოლოგიური, ფილტვიდან წამოსული. ამ ყველაფრის განსასაზღვრად ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდი გახლავთ ფილტვის ფუნქციური შეფასება. გარდა იმისა, რომ ჩვენ ყურით ვუსმენთ ფილტვს და ვუყურებთ ვიზუალურად, ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან კვლევას, პირომეტრიას. ფილტვის ფუნქციური შეფასებისას, ვსაზღვრავთ, რეალურად რამდენად არის ბრონქოობსტრუქცია, რამდენად არის შევიწროებული ბრონქის სანათური, რეალურად, რამდენად ორგანულია ეს პრობლემა და რამდენად არის წამოსული ამ შევიწროებიდან.
შესაძლოა, სუნთქვის უკმარისობა ნევროლოგიური პათოლოგიითაც იყოს განპირობებული. რაც ყველაზე მთავარია, ის შეიძლება, ერთდროულად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზით იყოს განპირობებული, ამიტომ ექიმთან დროული ვიზიტი და მიზანმიმართული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია.
ხველა ხშირად ალერგიულ ფონთან არის დაკავშირებული, როგორც ბრძანეთ, მას ხშირად იწვევს დაბინძურებული გარემოც. რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ ადამიანებს, რომელთაც აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე დაეწყოთ ხველა და ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ბალახთან, მცენარესთან თუ ცხოველის ბეწვთან კონტაქტმა, რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს?
პირველ რიგში, ადამიანი უნდა დააკვირდეს, როდის, რასთან კონტაქტისას ეწყება ხველა. ყურადღება უნდა მიაქციოს, რამდენად ემთხვევა ხველა კონკრეტულ სეზონს, კონკრეტული მცენარეების ყვავილობას. სხვათა შორის, „იმუნოლოგიის ცენტრს“ აქვს მცენარეების ყვავილობის კალენდარი და გიკვირდებათ, მაგრამ საქართველოში ზოგიერთი ხე-მცენარის ყვავილობა იანვრიდან იწყება და ძალიან დიდხანს გრძელდება.
როგორც უკვე ვთქვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, ჰაერის დაბინძურებას და ა.შ. გასათვალისწინებელია სამუშაო გარემოც, ხომ არ უწევს ადამიანს სამშენებლო მტვერთან შეხება, ხომ არ მუშაობს ტექსტილის ქარხანაში, ქვანახშირის მაღაროში, სადაც ისედაც არის პირობები იმისთვის, რომ სასუნთქი გზები დაზიანდეს და მოწმენდილ ცაზე, ყოველგვარი ვირუსის და რესპირაციული ანთებითი პროცესის განვითარების გარეშე დაიწყოს ხველა.
რა თქმა უნდა, ხველის ასევე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორია მწეველობა, მათ შორის, მეორეული მწეველობაც. ახლა, თითქოს არის მიდგომა, რომ სტანდარტული სიგარეტი ძალიან მავნებელია და ე.წ. „ვეიპი“, ელექტრო სიგარეტი არ არის მავნებელი. სამწუხაროდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ორივე მათგანი მავნებელია, მეტიც, მათი მიწოდების ხელსაწყო ისეთია, რომ კვამლი ბევრად უფრო ღრმად ჩადის ფილტვებში და კიდევ უფრო მეტად აზიანებს სასუნთქ სისტემას. ნებისმიერ მოსაწევი საშუალება, მათ შორის, მარიხუანაც, ძალიან მავნებელია სასუნთქი გზებისთვის. მავნებელია საკვების მომზადების პროცესში წარმოქმნილი ორთქლიც. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება პროფესიონალი მზარეულებისთვის პროფესიული დაავადებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, თუ რას ვსუნთქავთ, ასევე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტთან ვიზიტი და არსებული პრობლემის დროული დიაგნოსტირება.
როდესაც სახეზე გვაქვს ვირუსული ინფექცია და ამით განპირობებული ხველა, რით შეიძლება შევამსუბუქოთ მდგომარეობა, თუ შეიძლება, თვითნებურად გამოვიყენოთ რაიმე ტიპის საინჰალაციო, ანტიჰისტამინური საშუალება ან რაიმე მედიკამენტი? ვიცით, რომ ექიმებს ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ამოსახველებელ სიროფებთან და მათ თვითნებურად გამოყენებასთან.
როგორც უკვე ვისაუბრეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხველა მშრალია თუ სველი, რისი იდენტიფიცირებაც, სამწუხაროდ, ძალიან უჭირთ ხოლმე პაციენტებს. ბავშვების შემთხვევაში, კიდევ უფრო რთულია, გავიგოთ, მშრალია თუ სველი ხველა.
ექიმებს უარყოფითი რეაქცია აქვთ სიროფების უბრალოდ, თვითნებურად გამოყენებაზე, რადგან თუ არის სველი და არა მშრალი ხველა და პაციენტმა მიიღო ხველის დამთრგუნველი საშუალება, ამით ნახველს, რომელიც წარმოიქმნა და რომელიც ნორმალურ პირობებში იქიდან უნდა გამოვიდეს, ხველის დათრგუნვით, ვტოვებთ სასუნთქ გზებში და ვქმნით არაჩვეულებრივ გარემოს იმისთვის, რომ ეს ბანალური ვირუსული ინფექცია ბაქტერიულად გადაკეთდეს და წამოვიდეს ისეთი ბაქტერიები, რომლებიც შეიძლება რეზისტენტული იყოს სასუნთქი გზების მიმართ. ამ ნახველის დაგროვებით, შეიძლება, რომ ანთებითი პროცესი განვავითაროთ.
თუ ხველა არის მშრალი და ამ დროს, პირიქით, სველი ხველის სამკურნალო საშუალებას ვიღებთ, ხველას ვაძლიერებთ და კიდევ უფრო გაუსაძლისს ვხდით მდგომარეობას, რადგან ასეთი პრეპარატები ნახველისგან გათავისუფლებას უწყობენ ხელს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხველას მიუდგეთ როგორც სიმპტომს და არა როგორც დაავადებას, რადგან ეს არ არის დაავადება, ეს არის გარკვეული დაავადების სიმპტომი. თუ ჩვენ მხოლოდ სიმპტომს ვუმკურნალებთ, ეს დაავადება თავისთვის გაგრძელდება, გართულდება და კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სასუნთქ გზებს. შესაბამისად, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს, განვსაზღვროთ თუ რასთან გვაქვს საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ შესაბამისი მედიკამენტები.
რაც შეეხება საინჰალაციო საშუალებებს, უფრო მეტად საშიშია სპაზმური ხველის მომხსნელი საინჰალაციო ან სპრეის სახით წარმოდგენილი საშუალებები, მაგალითად ვენტოლინის ჯგუფი, რომელსაც შევისუნთქავთ, რომელიც იმ წუთას, მოხსნის ამ სპაზმურ ხველას, მაგრამ ის მთლიანობაში შედეგს არ გვაძლევს. გარდა ამისა, აღნიშნულმა პრეპარატებმა კარდიოლოგიური კუთხით შეიძლება მოგვცეს გართულება და სიცოცხლისთვის საშიში იყოს, ამიტომ ნებისმიერი პრეპარატი, მათ შორის საინჰალაციოც ექიმმა უნდა შეარჩიოს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას, პაციენტის დიაგნოზს და მნიშვნელობა აქვს ხელსაწყოსაც. ხელსაწყო მარტივად აღქმადი და გამოსაყენებელი უნდა იყოს პაციენტისთვის.
რაც შეეხება პულმიკორტს, ის სტეროიდული საშუალებაა, რომელიც ბაზისურ სამკურნალო საშუალებად შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ისიც აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ.
უფროსების და ბავშვების შემთხვევაში, რა პერიოდი, დროის რა მონაკვეთი შეგვიძლია, დავაკვირდეთ ხველას, ბავშვებთან უფრო სწრაფად შეიძლება, განვითარდეს სხვადასხვა პროცესები, მაგალითად, ფილტვების ანთება?
როგორც წესი, ბავშვების და დიდების შემთხვევაში, ჩვენ სხვადასხვა გენეზის ქრონიკულ პათოლოგიებს ვეძებთ. მოზრდილების შემთხვევაში ეს არის მწეველობით დაზიანებული ფილტვები, ქრონიკული ბრონქიტები, სიმსივნე და ა.შ.
ბავშვების შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს უცხო სხეულის გადაცდენას და ამან გამოიწვიოს ასეთი გახანგრძლივებული ხველის არსებობა, რომელიც რა თქმა უნდა, შემდგომ, შეიძლება, რომ ანთებაში გადაიზარდოს.
ბავშვების შემთხვევაში, ასევე ძალიან აქტუალური პრობლემაა ყივანახველა, გახანგრძლივებული ხველა, რომელსაც წამოყივლების მსგავსი ხმა ახასიათებს. შესაბამისად, ბავშვებთან აუცილებლად უნდა ვივარაუდოთ ყივანახველას არსებობაც. ამ შემთხვევაში, პედიატრის დროულ ჩართულობას და იმას თუ რა პრეპარატს და როდის ჩართავს სპეციალისტი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ დაავადებას ტყუილად არ ეძახიან 100 დღიან ხველას.
სხვა ტიპის ქრონიკულ დაავადებებს ვეძებთ ხანდაზმულების შემთხვევაში და მათთან სხვა ტიპის კვლევები გვჭირდება.
როგორც ბრძანეთ, იმისთვის, რომ ხველას ვებრძოლოთ, მნიშვნელოვანია, დავადგინოთ გამომწვევი მიზეზი, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თუ არის რაიმე ისეთი უვნებელი საშუალებები, რომლებიც მდგომარეობას ცოტათი შეგვიმსუბუქებს, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია?
როდესაც ხველა ჩვეულებრივი ბანალური ვირუსის ფონზე ვითარდება, რა თქმა უნდა, ყველაზე უსაფრთხო და კარგი არის დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სამკურნალო საშუალებების დასანიშნად კი, როგორც უკვე ვთქვით, აუცილებელია ექიმის შეფასება, ხველის ტიპის დიფერენცირება, სისხლის ანალიზის გაკეთება.
ყველაზე ცუდი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება არის ანტიბიოტიკების უნორმო, ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება, რაც კატასტროფულად დამაზიანებელია არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ ზოგადად, პოპულაციისთვის, რადგან ის ზრდის ისეთი ბოროტი ბაქტერიების რაოდენობას, რომლებზეც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს.
ასეთი პაციენტების დიდ ნაწილს არგუმენტად აქვთ ის, რომ როგორც კი ანტიბიოტიკის მიღება დაიწყეს, სიმპტომები შეუმსუბუქდათ…
სიმპტომები უმსუბუქდებათ, რადგან ანტიბიოტიკების მიღებას ისეთ პერიოდში, მეხუთე-მეექვსე დღეს იწყებენ, როდესაც ვირუსი უკვე ისედაც გადის ორგანიზმიდან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, დაემთხვეს და პაციენტთან იყოს ბაქტერიული ფონი და სწორედ ამიტომ, ანტიბიოტიკის მიღებიდან 24 საათში, მას შეუმსუბუქდეს სიმპტომები.
აუცილებელია სისხლის ანალიზის გაკეთება, C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა, ფილტვების მოსმენა, ეს ექიმს საშუალებას მისცემს, სწორად გირჩიოთ მედიკამენტი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ანტიბიოტიკი ნებისმიერ ბაქტერიულ დაავადებაზე არ გამოიყენება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ექიმმა სწორად შეგირჩიოთ შესაბამისი მედიკამენტი. უმჯომბესია, მკურნალობის ტაქტიკა სპეციალისტმა განსაზღვროს.
გვახსოვდეს, რომ არასდროს უგულებელვყოთ ხველა.