LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაუმარტივა ინგა ბერაძეს რთული წლები დედამთილ-მამამთილმა და რა ტრაგედიები გამოიარა მან: „მას ძალიან ბევრჯერ უთქვამს, შენმა სიმღერამ გადამატანინა უმძიმესი წლებიო…“

455
ინგა და გიგი

ინგა ბერაძე ძალიან პატარა იყო, როდესაც მთელმა საქართველომ გაიცნო. მისი კარიერა, ფაქტობრივად, 3 წლის ასაკიდან დაიწყო. ინგას შვილი კი 4 წლის იყო, როცა უკვე მასთან ერთად დადგა სცენაზე და მათი დუეტიც ყველამ განსაკუთრებულად შეიყვარა. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინგა ბერაძე საკუთარ ცხოვრებისეულ ამბებს იხსენებს.

პატარა ასაკში დიდი ტრაგედია გადაიტანეთ...

– დიახ, მამა რომ გარდამეცვალა, ძალიან პატარა ვიყავი. თან, ეს ზუსტად ახალი წლის პერიოდში მოხდა, 2 იანვარს, ბედობა დღეს. სუფრა გვქონდა გაშლილი, სტუმრებთან ერთად მოილხინა, იმღერა, უცებ შეუძლოდ გახდა და გული გაუჩერდა. ეს დიდი ტრავმა იყო ჩვენი ოჯახისთვის. უდიდესი ტრაგედია მოხდა. მამა ძალიან ახალგაზრდა, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ, დედამ ძალიან ბევრი წელი გაატარა სირთულეებთან პირისპირ, მარტოობაში, მაგრამ მას არაფერი დაუკლია ჩემთვის და ჩემი დისთვის. დედამ მოახერხა, რომ ჩვენ უდარდელი ბავშვობა გვქონოდა. დედა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და მე და ჩემს დას გვეუბნებოდა ხოლმე, სამივე ერთად გავიზარდეთო. ძალიან ძლიერი ქალბატონი იყო, თავგამოდებული დედა და ბებია. სამი წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა. მაშინ ძალიან ბევრი ვიტირე და დღემდე ვტირი, მაგრამ სახლში არა, ჩემს ცრემლებს არავის ვაჩვენებ. სასაფლაოზე მივდივარ, ამბებს ვუყვები და თან ვტირი.

მას ძალიან ბევრჯერ უთქვამს, შენმა სიმღერამ გადამატანინა უმძიმესი წლებიო. დედა ჩემი დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყო. მისი დამსახურებით, მართლა ძალიან კარგად მახსენდება ბავშვობა. ყველაზე ლაღი და ბედნიერი პერიოდი იყო, მიუხედავად იმისა, რაც გადავიტანეთ. ახალგაზრდობასა და სტუდენტობის წლებიც ძალიან კარგი და შთამბეჭდავი მქონდა. მე მთელი ცხოვრებაა ვმღერი და ასე იყო სტუდენტობის წლებშიც. კონცერტები, გასტროლები, კონკურსები – ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს.

– ოჯახი საკმაოდ პატარებმა შექმენით და როგორ მოახერხეთ ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება?

– ნამდვილად პატარები ვიყავით, 18-19 წლისები. ჩვენი მშობლები გვეხმარებოდნენ, მაგრამ მამაჩემის მსგავსად, მშობლები ჩემს მეუღლესაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაეცვალა. ჩვენი დაქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ჯერ დედა დაკარგა, შემდეგ – მამა, სრულიად ახალგაზრდები. მათ ოჯახშიც დიდი უბედურება დატრიალდა და კიდევ ერთი დიდი ტრაგედია გამოვიარე. თუმცა, შევძელით, ყველაფერს გავმკლავებოდით. ჩემი მეუღლე ძალიან ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანია. მე უფრო კონცერტებით ვიყავი დაკავებული, გასტროლებზე დავდიოდი, ოჯახს მეუღლე განაგებდა. როგორც ტიპურმა ქართველმა კაცმა ხელში აიღო ოჯახის სადავეები და ყველაფერს ძალიან კარგად გაუძღვა. ყველანაირად მიწყობდა ხელს და დღემდე ასეა, ძალიან მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

დაქორწინებიდან რამდენიმე წელი შვილი არ გვყავდა და ამანაც მოგვცა საშუალება, უფრო კარგად გაგვეცნო ერთმანეთი ოჯახურ ურთიერთობაში და თან, საქმეზე ვყოფილიყავით ორიენტირებული. ეს წლები, თითქოს, ცოტა რთული იყო, მაგრამ იმდენად არაჩვეულებრივ ოჯახში შევედი, ჩემი მეუღლე ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია, მშობლებიც საოცარი ჰყავდა, ძალიან შემიყვარეს, მეც ძალიან მიყვარდნენ და მათი დამსახურებით გამიადვილდა ოჯახური ცხოვრების დაწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g