LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვისწავლოთ საკუთარ თავთან დიალოგი – ყველაფერი საირმის მენტალური ჯანმრთელობის ფესტივალის შესახებ

3156
ანა გოგილაშვილი & ნინა ჭიღლაძე

24-27 ოქტომბერს, კურორტ „საირმეში“ მენტალური ჯანმრთელობის მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „დიალოგი“ გახლავთ. ფესტივალის მონაწილეებს ადგილზე უამრავი ვორქშოფი და აქტივობა დახვდებათ. რაც მთავარია, თითოეულ ვორქშოფს სერტიფიცირებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წარუძღვებიან. ფესტივალის მნიშვნელობაზე და ბენეფიტებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში, „სტუმრად ექიმთან“ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის „დიალოგი“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ანა გოგილაშვილმა და კურორტ „საირმეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ნინა ჭიღლაძემ ისაუბრეს.

დეტალური ინფორმაცია mentalfest.dialogi.ge/

ანა გოგილაშვილი: ზოგადად, მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა, მასზე ზრუნვა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ყოველდღიური სტრესი, ქაოსი, რუტინა გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე, აუცილებელია, რომ მასზე ზრუნვა დავიწყოთ.

ჩვენ 2017 წლიდან სხვადასხვა ფორმით ვზრუნავთ, რომ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერება ავამაღლოთ. „დიალოგი“ ყოველთვის მართავს ჯგუფურ სესიებს და ა.შ. , რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ თემით. ბიზნესები და არა მარტო, ცალკეული ადამიანებიც ხშირად ინტერესდებიან იმაზე ზრუნვით, რომ უფრო მეტად მშვიდად გრძნობდნენ თავს მათი თანამშრომლები, რომ იზრუნონ მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც შემდეგ უკვე, აუცილებლად ახდენს გავლენას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

რა ტიპის მენტალური პრობლემის წინაშე დგას ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა, რა არის ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდი გამოწვევა?

ყოველდღიური სოციალური პრობლემები, კომუნიკაცია, ურთიერთობები და ა.შ. ძალიან დიდ გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

განსაკუთრებით აქტუალურია, მაგალითად, შფოთვითი აშლილობების სხვადასხვა ტიპი და სახე, რაზე მუშაობაც საწყის ეტაპზევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შემდეგ, სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები ავიცილოთ თავიდან.

რა ტიპის აქტივობები არის დაგეგმილი მენტალური ჯანმრთელობის ფესტივალზე და რით დაეხმარება ეს ყველაფერი იმ ადამიანებს, ვინც დარეგისტრირდებიან და მონაწილეობას მიიღებენ?

ყოველდღიურად ვხვდებით ხოლმე ძალიან ვერ ვორქშოფს, თუნდაც სოციალურ ქსელებშიც, მაგალითად, ჰოლოტროპული სუნთქვას, სისტემურ განლაგებას, ბგერით თუ მოძრაობით თერაპიას, ნეიროგრაფიკას და ა.შ.

თითოეული თერაპია არის საკმაოდ ღრმა და მოიცავს არა მარტო ინდივიდუალურ თერაპიას, არამედ ჯგუფურ თერაპიასაც, რაც, ასე ვთქვათ, გვეხმარება, რომ აღმოვაჩინოთ ის გაუცნობიერებელი პრობლემები და ტრავმები, რომელთაც საერთოდ ვერ ვხვდებით, რომ გვაქვს და შემდეგ, თერაპიაში დავამუშაოთ.

მაგალითისთვის, ჰოლოტროპული სუნთქვა ერთ-ერთი ღრმა თერაპიაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მას ლიცენზირებული, სერტიფიცირებული ფასილიტატორი უძღვებოდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოგვყავს სპეციალისტები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოდ, ეკოლოგიურად ჩაატარებენ აღნიშნულ თერაპიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვორქშოფი იქნება.

რისკენ არის მიმართული ამ ტიპის სუნთქვა და რა შედეგს აძლევს ის ადამიანს?

ის გაუცნობიერებელი ტრავმების აღმოჩენის და შემდეგ უკვე, მათი დამუშავების შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. აღმოვაჩენთ იმ წარსულ რაღაცებს, რაც აქამდე ვერ გავაანალიზეთ და რაც ხელს ძალიან გვიშლის ურთიერთობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და შემდეგ, ვამუშავებთ.

ადამიანი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას, ფესტივალის ფარგლებში არსებულ ყველა ვორქშოფს დაესწრება თუ ინდივიდუალურად მოხდება მისთვის საჭირო და საინტერესო აქტივობების შერჩევა?

ჩვენი მიზანია, რომ თითოეული შეთავაზება უნიკალური, პიროვნებაზე მორგებული იყოს. გვაქვს რამდენიმე შეთავაზება, სწორედ ამიტომ, შევქმენით კონკრეტული საიტი, სადაც შესაძლებელია ამ შეთავაზებების ნახვა და გაცნობა. არის ერთი ძირითადი პაკეტი, სადაც რამდენიმე ჩამონათვალია, დანარჩენს კი თავად ადამიანი ამატებს, იმის მიხედვით, თუ რა ვორქშოფზე სურს დასწრება.

რას ნიშნავს თქვენს მიერ ნახსენები სისტემური განლაგება და ბგერითი თუ მოძრაობითი თერაპია?

ისინი სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება. ეს შეიძლება იყოს სარელაქსაციოც, მაგალითად, ბგერითი თერაპია და მოძრაობის თერაპია და ეს გვეხმარება იმ შეკავებული ემოციების გამოხატვაში, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიგროვდება.

მაგალითად, ოჯახური სისტემური განლაგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ის ოჯახში არსებული ტრავმების აღმოჩენაში, დამუშავებაში და შემდეგ უკვე, მათზე ზრუნვაში გვეხმარება.

რა იქნება ვორქშოფებზე დასწრების შემდეგ, ინფორმაციების მიღების შემდეგ, რაღაცას ვიგრძნობთ და შევცვლით ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ თუ ეს ყველაფერი უფრო ინფორმაციული ხასიათისაა და შემდეგ უკვე, უფრო ღრმა ტიპის თერაპია გვჭირდება?

საკმაოდ ღრმა ტრანსფორმაციული თერაპიებია. ერთ-ერთ შეთავაზებას ასეც ჰქვია – „სრული ტრანსფორმაცია“, როდესაც უკვე სრულად შეგიძლია აღმოაჩინო საკუთარი თავი, ახალი რესურსები. ეს ყველაფერი ნამდვილად შეცვლის თითოეული იმ ადამიანის ცხოვრებას, ვინც ფესტივალს დაესწრება, შევა თერაპიაზე, ნახავს, მოსინჯავს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა, რომ პიროვნულ ზრდაზე, თავის თავზე ზრუნვა დაიწყოს.

შეზღუდულია ფესტივალზე დამსწრე ადამიანების რაოდენობა?

150-მდე ადამიანს ველოდებით. რეგისტრაცია 10 ოქტომბერს შეწყდება, რადგან ყველა ადამიანისთვის წინასწარ დგება ინდივიდუალური დღის წესრიგი. 24 ოქტომბრამდე ივსება ჯგუფებიც.

ვინ იქნებიან ფესტივალის სპიკერები და როგორ შეარჩიეთ ისინი?

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამოცდილება და ის, რომ ყოფილიყვნენ საერთაშორისო დონის ფასილიტატორები, რომლებსაც ექნებოდათ შესაბამისი განათლება და ლიცენზია,  რათა აბსოლუტურად ყველა ვორქშოვი ძალიან რესურსული და უსაფრთხო ყოფილიყო. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეირჩა ჩვენი ფასილიტატორები და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ძალიან კარგად და სხარისხიანად გაუძღვებიან თითოეულ ვორქშოფს.

რამდენად დატვირთული იქნება დღის წესრიგი? რადგანაც „საირმე“, ის ადგილია, სადაც შესაძლებელია, გადასარევად დაისვენო, საინტერესოა, რამდენად იქნება შერწყმული დასვენება და პრობლემებზე აქტიური მუშაობა?

კურორტი „საირმე“ ზუსტად ამ პრინციპით შეირჩა. როდესაც ადგილი ვნახეთ, ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენი მონაწილეები შეძლებდნენ არა მარტო რაღაც კონკრეტული თერაპიული გამოცდილების მიღებას, არამედ დასვენებასაც. შეთავაზებაში შედის სპა პროცედურები, აუზით, საუნით სარგებლობა, ასევე არის ცალკე პაკეტი, სადაც შედის იოგა, დასვენება, შეხვედრების მოსმენა და ა.შ.

აღნიშნეთ, რომ ეს ფესტივალი ყველასთვის არის, მაგრამ არის თუ არა კონკრეტული სამიზნე აუდიტორია, რომელთაც განსაკუთრებით მოუხდებოდათ ასეთ ვორქშოფებში მონაწილეობა?

ეს კონკრეტული ფესტივალი არ არის მოზარდებისთვის, ეს არის 18 წელს ზევით პირებისთვის, რომელთაც სურთ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, ვისაც უნდათ, რომ თავის ცხოვრებაში სიახლე შეიტანონ და დაიწყონ საკუთარ თავზე ზრუნვა, ისევ საკუთარი თავისთვის.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და მათზე საუბარი, დღესდღეობით, სამწუხაროდ, მაინც სტიგმად რჩება. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს ფესტივალი ერთ-ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანებმა დაინახონ მენტალურ ჯანმრთელობაზე ლაპარაკის აუცილებლობა და მეტიც, უფრო ღიად დაიწყონ თავიანთ პრობლემებზე საუბარი?

იმდენად ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით, რომ ის სტიგმა, რომელიც ახლაა შემორჩენილი, ვფიქრობ, იმდენად მძაფრი არ უნდა იყოს.

ბოლო წლებში, ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდნენ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვით და ამ კუთხით, საკმაოდ დადებითი სტატისტიკა გვაქვს. ადამიანები ცდილობენ, იზრუნონ ამ ყველაფერზე.

ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი ცენტრის ყველაზე დიდი მისია და მიზანია, რომ ეს შემორჩენილი სტერეოტიპები და სტიგმები რაღაცნაირად ავირიდოთ თავიდან და რომ ადამიანებმა დაიწყონ აღნიშნულ თემებზე საუბარი და საკუთარ თავზე ზრუნვა.

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „დიალოგი“ უშუალოდ მოიცავს თუ არა იმ მიმართულებებს, რომელზეც თქვენ ფესტივალზე აპირებთ მუშაობას და კიდევ რა ტიპის დახმარებას უწევს ის ადამიანებს?

ჩვენ ცენტრში  ადამიანებს ვთავაზობთ, როგორც ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას, როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, ასევე ვთავაზობთ ჯგუფურ თერაპიებსაც. ახლა, მიმდინარე პროექტი, რაც გვაქვს, არის ოჯახური სისტემური განლაგების ვორქშოფი, სადაც ვმასპინძლობთ იმ ადამიანებს, რომელთაც კონკრეტული პრობლემების დამუშავება, თავიანთი ქეისის განხილვა ა.შ. სურთ. მოკლედ, მრავალი მიმართულებით ვვითარდებით. მაგალითად, წინა წელს, გვქონდა ღია შეხვედრა, რომელიც ჩვენი კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი იყო და რომლის ფარგლებშიც, 200-მდე ადამიანს ვუმასპინძლეთ და ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობაზე ვისაუბრეთ. ეს იყო ზუსტად იმისთვის, რომ ადამიანებს უფრო მეტი გაეგოთ მენტალურ ჯანმრთელობაზე.

რა ფორმით გავდივართ რეგისტრაციას, რომ ფესტივალზე დასწრება შევძლოთ?

როგორც აღვნიშნე, შეიქმნა სპეციალური საიტი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ნახონ ფესტივალის დეტალები, ღირებულება და ა.შ. აღნიშნულ საიტზევე ავსებენ სარეგისტრაციო ფორმასაც. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ჩვენ თავად ვუკავშირდებით მათ და ვაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. ასევე, ძალიან მალე biletebi.ge-ზეც შეძლებენ ამ ყველაფრის შეძენას.

ნინა, ანას რომ ვკითხეთ, რატომ შეირჩა „საირმე“ საფესტივალო სივრცედ, გვითხრა, რომ ნახეს, თუ არა ადგილი, სხვა ვარიანტი არ იყო. გამომდინარე იქიდან, რომ „საირმე“ ყოველთვის დატვირთულია, კურორტს ყველა სეზონზე ჰყავს მომხმარებელი, საინტერესოა, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ გვერდზე გადადოთ რაღაც საქმეები და ასეთ მასშტაბურ ფესტივალს უმასპინძლოთ?

ნინა ჭიღლაძე: ჩვენი კურორტი არის კომპლექსური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სიჯანსაღე, ჯანმრთელობა. ჩვენი ცხოვრების სწორი მიმდინარეობისთვის მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ როგორც კი შევიტყვეთ „დიალოგის“ იდეის შესახებ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ამ ინიციატივაში ავყევით და გადაწყდა, რომ მენტალური ჯანმრთელობის ფესტივალი 24-27 ოქტომბერს „საირმეში“ გაიმართება. სიამოვნებით ვუმასპინძლებთ აბსოლუტურად ყველას. ჩვენი სივრცე ათვისებული იქნება ფესტივალის მონაწილეებისთვის. მათ უამრავი საინტერესო თერაპია ელით. კურორტი „საირმე“, თავის მხრივ, უნიკალურია ლოკაციით, კლიმატით, რაც დამატებითი ბენეფიტი იქნება ფესტივალის მონაწილეებისთვის, რომ რეალურად იპოვონ საკუთარი თავი, გაჯანსაღდნენ და თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

გამომდინარე იქიდან, რომ კურორტისთვის ერთ-ერთი ამომავალი წერტილი და მთავარი მისია არის გაჯანსაღებაზე ზრუნვა, ჩვენ დაარსების დღიდან აქტიურად ვაკვირდებით ტენდენციებს, იმას თუ რა ხდება სამედიცინო სფეროში. ჩვენდა საბედნიეროდ, რამდენადაც აქტუალურია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, იმდენად აქტიურად არის საზოგადოება ჩართული პრობლემის მოგვარებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად ჩავრთულიყავით „დიალოგის“ ინიციატივაში და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ დიდ საქმეში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ერთჯერადი არ იქნება.

„საირმე“ რომ მრავალმხივ უნიკალური ადგილია და რომ ის დადებითად მოქმედებს, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. როგორ მიგაჩნიათ, რა პერიოდი უნდა დაყოს ადამიანმა კურორტზე, რა დრო შეიძლება დასჭირდეს მას იმისთვის, რომ გარკვეული შედეგი მიიღოს?

პირველ რიგში, საზოგადოებას ვურჩევდი, რომ განსაკუთრებული ყურადღებით შეარჩიონ ლოკაცია, თუ სად დაისვენებენ, რადგან 21-ე საუკუნეში, ჩვენი ცხოვრება იმდენად დატვირთულია სხვადასხვა ასპექტებით, რომ ის მცირე დრო, რასაც დასვენებას ვუთმობთ, მაქსიმალურად კომპლექსური და გაჯანსაღებისკენ მიმართული უნდა იყოს.

რაც შეეხება „საირმეს“ განსაკუთრებულობას, უპირველესად უნდა დავასახელო გარემო, რომელიც აბსოლუტურად მოშორებულია ქალაქის ხმაურისგან, რომელიც უნიკალურია კლიმატურად, ლანდშაფტურად. ასევე, აღსანიშნავია მდინარე, რომლის ხმაც ცალკე თერაპიაა ჩვენი დამსვენებლებისთვის. ზოგადად, საირმეში დასვენება გრძელვადიანი ხასიათისაა, ეს არის 7, 10, 14 დღე. ჩვენ გვყავს დამსვენებლები, რომლებიც ერთ თვესაც კი ატარებენ კურორტზე და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებით სარგებლობენ.

მენტალური ჯანმრთელობის ფესტივალის ჭრილში ეს სამდღიანი ეფექტი განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება, რადგან ფესტივალი უამრავი სხვადასხვა თერაპიით არის დახუნძლული, მოწყობილია უამრავი სივრცე და ა.შ. ამ ყველაფერს ემატება „საირმის“ მინერალური წყლების კურსი, რომლითაც მონაწილეებს შეუძლიათ, რომ ისარგებლონ. ასევე, აღსანიშნავია სპა ცენტრი და პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც მაქსიმალურად დარელაქსდებიან მონაწილეები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი წყლების შემადგენლობაში შედის ლითიუმი, რაც მენტალური მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალური მინერალია. ეს ყველაფერი კომპლექსურად იდეალურ მოცემულობას გვაძლევს, რომ ფესტივალის მონაწილეებმა რეალურად იგრძნონ შედეგი.

გარდა ამისა, კურორტი თავისი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, ბევრი დამატებითი სერვისით სარგებლობის საშუალებას იძლევა. მაგალითად, წელს, დავამატეთ პადელის კორტები და მონაწილეებს თავისუფალ დროს შეუძლიათ, რომ პადელით გაერთონ. ასევე, გვაქვს პროფესიონალური სასროლეთი, ზიპლაინი. მონაწილეებს შეუძლიათ ცხენებით ტყეში გასეირნება. შესაბამისად, ემოციური გადატვირთვა ამ დამატებითი სერვისებითაც შეგვიძლია, რომ გამოვიწვიოთ.

როგორია ოქტომბერი „საირმეში?

ულამაზესი. მოგეხსენებათ, ზოგადად, შემოდგომა საქართველოში რამდენად ლამაზია და იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ სასტუმროს ირგვლივ ერტყმის შერეული, წიწვოვან-ფოთლოვანი ტყე, საირმეს ამ კუთხით კიდევ  განსაკუთებით გამოვყოფდი. იმდენად ბევრი ფერის ტონია, რომ ეს კიდევ ცალკე თერაპიად შეგვიძლია, რომ დავასახელოთ. შემოდგომა ის სეზონია, რა დროსაც აუცილებლად უნდა ეწვიო “საირმეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები