რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი სწორედ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოჰყვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განუცხადა.
„რუსეთის მიმართ უკვე დაწესებულია მთელი რიგი სანქციები და მათ შორის ნაწილი დაწესებულია მას შემდეგ, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოხდა.
რამდენად მოხდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ეს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდება და შეხვედრა იქნება ძალიან მოკლე.
შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ჩვენ პრეზიდენტი პუტინი მოწვეული გვყავს ვაშინგტონში, კონსულტაციების სრული დღე იგეგმება. როგორი იქნება ამ შეხვედრის განრიგი, ამ ეტაპზე არ ვიცით,“ – აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.