პარიზის მახლობლად გაიხსნა 1,5-კილომეტრიანი ავტობანის მონაკვეთი, სადაც ელექტრომობილებს შეუძლიათ დამუხტონ აკუმულატორები პირდაპირ მოძრაობისას, სიჩქარის შემცირების გარეშე. ერთდროულად დამუხტვა რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს, ავტობუსს და სატვირთო მანქანას შეუძლია. სიახლის შესახებ Indian Express-ი წერს.
როგორ მუშაობს ეს გზა?
ასფალტის ქვეშ განთავსებულია სპილენძის კოჭები, რომლებიც წარმოქმნიან მაგნიტურ ველს და ის ენერგიას ელექტრომობილებს გადასცემს.
ზუსტად ამავე პრინციპით მუშაობს უსადენო სატენები, რომლებსაც სმარტფონებისთვის ვიყენებთ. და რადგან კოჭები ქმნიან მაგნიტურ ველს და არა ელექტრულ დენს, ამ გზის გამოყენება უსაფრთხოა ნებისმიერ ამინდში – თუნდაც ძლიერ წვიმაში ან ყინვაში.
ტექნოლოგიის წყალობით, ავტომობილები შეძლებენ მეტი მანძილის გავლას, დროის დაზოგვას, რომელიც დამუხტვაზე იხარჯებოდა და აღარ იქნება საჭირო გრძელ გზაზე დამატებითი აკუმულატორების ტარება.
უფრო მეტიც, თუ ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ტექნოლოგია ფართოდ გავრცელდება, ელექტრომობილები გაიაფდება, რადგან აღარ დაეჭირდებათ ისეთი მოცულობის ბატარეები, როგორიც დღეს აქვთ, როცა ერთი დამუხტვიდან მეორემდე დიდ გზას უნდა გაუძლონ.
ავტობანს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – სამგზავრო საფარი სისტემას ცვეთისა და დაზიანებისაგან იცავს.