ამ ზაფხულს საფრანგეთში მელიებისთვის თავშესაფარს ააშენებენ. დაწესებულება ტყის ტერიტორიაზე განთავსდება და 500 კვადრატული მეტრის ფართობზე იცხოვრებენ ის მელიები, რომლებიც საბურავის ქვეშ მოყვნენ, მონადირის ხაფანგით დაზიანდნენ, ანდაც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი არიან.
მელიებს სპეციალურად მომზადებული მოხალისეები და ვეტერინარები მოუვლიან.
ცხოველებისთვის შექმნილი პირობები მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივთან. ერთადერთი რის უფლებასაც მელიებს არ მისცემენ არის ნადირობა, რათა მათ შორის კონკურენცია აირიდონ თავიდან. მათ მოხალისეები დღეში რამდენჯერმე გამოკვებავენ.
თავშესაფარი წელიწადში რამდენიმე დღით გაიხსნება ვიზიტორებისთვისაც, მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის. თუმცა, მელიებზე დაკვირვება მხოლოდ დისტანციურად იქნება შესაძლებელი, რათა მათი სიმშვიდე არავინ დაარღვიოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საფრანგეთში სპილოების თავშესაფარიც გაიხსნა. სახლი იმ ცხოველებისთვისაა განკუთვნილი, ვინც წარსულში ცირკში მოღვაწეობდა.