საფრანგეთის სამხრეთში მდებარე გარის დეპარტამენტში საქველმოქმედო ორგანიზაცია ხანდაზმული ადამიანების სატელეფონო მხარდაჭერის პროგრამის დაწყებას გეგმავს. Blue Win-ის ინფორმაციით, ინიციატივა იმ პენსიონერებს ეხება, რომლებიც მარტოობისგან იტანჯებიან. ექიმების თქმით, ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადღესასწაულო პერიოდში.
დეპარტამენტის ბევრ სოფელში მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც არაერთი პენსიონერი მეგობრებისა და მეზობლების გარეშე დარჩა. ასეთ პირობებში მოხალისეების ყოველდღიური ზარები მათთვის ხშირად კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებად იქცევა.
პროგრამის მიზანია ხანდაზმულების სოციალური იზოლაციის შემცირება რეგულარული, თბილი და მზრუნველი საუბრების საშუალებით, რომელიც მათ სიხარულს მოუტანს, თუნდაც დისტანციურად.
მოხალისეებს სპეციალურად გაწვრთნის საქველმოქმედო ორგანიზაციის გუნდი. პირველი სატელეფონო ზარი გაცნობით ხასიათს ატარებს – პენსიონერები შეძლებენ გამოთქვან თავიანთი სურვილები და ისაუბრონ იმაზე, თუ რას ელიან ამ ურთიერთობისგან. შემდგომ ეტაპზე კი მათ სთხოვენ, გაიხსენონ საკუთარი ცხოვრების ისტორიები და გამოცდილება სხვებს გაუზიარონ. პროგრამის ავტორების თქმით, ეს საუბრის ყველაზე საინტერესო ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული კარანტინის პერიოდში საფრანგეთში უკვე მოქმედებდა მსგავსი მოხალისეობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მსურველები ტელეფონით უკავშირდებოდნენ ხანდაზმულ ფრანგებს, რათა მათ მარტოობის გადალახვაში დახმარებოდნენ.