LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალი ფუტკარაძე: „ალბათ, ყველა ქალი ფიქრობს, ვინ უნდა იყოს მისი შვილის მამა, როგორი მეუღლე იქნება მამაკაცი, რომელსაც აირჩევს. დათომ კი საკმაოდ ბევრი რთული გამოცდა ჩააბარა ამ ურთიერთობაში…“

829
დათო ლიკლიკაძე

სალი ფუტკარაძე ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის მეუღლე გახლავთ. დათოს, თავისი იუმორის წყალობით, მთელი საქართველო იცნობს, მაგრამ ახლა მისი მეუღლისგან გავიგებთ, როგორი მეოჯახეა ის და როგორ დაიწყო მათი ისტორია. ინტერვიუ ჟურნალმა „თბილისელებმა“ გამოაქვეყნა.

სალი ფუტკარაძე:

ჩემზე გავლენა, პირველ რიგში, ალბათ, იმ ფაქტორმა მოახდინა, რომ დათო ძალიან კარგი მეგობარი იყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდე და დათო ნამდვილად არის კომფორტული ადამიანი. მეორე – იმიტომ რომ, ალბათ, ყველა ქალი ფიქრობს, ვინ უნდა იყოს მისი შვილის მამა, როგორი მეუღლე იქნება მამაკაცი, რომელსაც აირჩევს. დათომ კი საკმაოდ ბევრი რთული გამოცდა ჩააბარა ამ ურთიერთობაში და ასე შეიქმნა ჩვენი ოჯახი. ოჯახის შექმნამდე პერიოდს განსაკუთრებით რომანტიკულ ურთიერთობას ვერ დავარქმევ, ვერც იმას ვიტყვი, რომ საოცრებებს აკეთებდა და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. ადრე ნათქვამი მქონდა: ადამიანმა, რომელსაც მეგობრად ვუყურებ, თუ სიყვარული ამიხსნა, ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩემზე, ასეთ ადამიანს ვეღარც მეგობრად აღვიქვამ და ვერც თაყვანისმცემლად-მეთქი. დათოს ეს სიტყვები კარგად ახსოვდა და ისე იყო დათრგუნული, რომ ვერც კი ბედავდა თქმას, რომ ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა (იცინის).

– საბოლოო ჯამში გაბედა კიდეც და ყველაფერი კარგად დასრულდა. ხელი განსაკუთრებულად გთხოვათ?

– სხვათა შორის, არა. ზოგადად, მე არ ვარ რომანტიკული ბუნების ადამიანი. არ მხიბლავს დადგმული სცენები და ეს დათომ ძალიან კარგად იცის. მართალი გითხრათ, არც სიურპრიზებზე ვგიჟდები. შესაბამისად, მისი ქმედებებიც ემთხვეოდა ჩემს გემოვნებას.

– ცოლქმრობაში განსხვავებული აღმოჩნდა?

– მე ვარ ადამიანი, რომელსაც ურჩევნია, წინასწარ იცოდეს, რას უნდა ელოდოს ადამიანისგან თუ ამა თუ იმ მოვლენისგან. აქედან გამომდინარე, ასე თუ ისე, ყველაფერი განსაზღვრული მქონდა. არ შემიძლია ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც საკუთარ სურვილებსა და აზრებს მოგახვევს თავს და იძულებულს გხდის, ამ პირობებში იცხოვრო მასთან. პატივს ვცემ ჩვენს ურთიერთობას, რადგან მეც და დათოც დავრჩით ისეთ ადამიანებად, როგორებიც ქორწინებამდე ვიყავით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია. ორივეს გვაქვს ჩვენი სამეგობრო წრე, ასევე, გვყავს საერთო მეგობრებიც. გვაქვს ჩვენ-ჩვენი საქმე და მე დათოსთვის, არც კარიერული განვითარების და არც ინტერესების მხრივ, ხელი არ შემიშლია, ისევე, როგორც მას არ შეუშლია ჩემთვის ხელი არაფერში. ჩვენი ოჯახი შეიქმნა, მაგრამ ჩვენ იმავე ადამიანებად დავრჩით, როგორებიც ვიყავით. არაფერი არ შეგვიზღუდავს განვითარებისა და ინტერესების მხრივ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g