LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემოდგომის თბილისი“ –  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელსაც დაუვიწყარ საღამოებს გვპირდება, სტარტს 14 სექტემბერს აიღებს

427
თეკა კახიძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ თეკა კახიძე სტუმრობდა, რომელმაც  ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ ისაუბრა და კონცერტის პროგრამა გაგვიზიარა. როგორც გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, ფესტივალზე მისულ მსმენელს, მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავები, გამორჩეული საგუნდო და სიმფონიური ნაწარმოებები, დიდი იუბილეები და პრემიერები ელის.

თეკა, მოგვიყევით ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“.

წელს, ფესტივალი ოცდამეცამეტედ ტარდება. ფესტივალი 14 სექტემბერს ჩაეშვება. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, ქალბატონი ელისო ვირსალაძე გვეწვევა და „თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან“ ერთად, გამართავს კონცერტს, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ქალბატონი ელისოს თბილისში გამოსვლა ყოველთვის ძალიან დიდი მოვლენაა. ბილეთები უკვე აღარ არის, თუმცა ვინც შეძენა მოახერხა, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ქალბატონი ელისო ბეთჰოვენის მესამე საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს, ასევე შესრულდება ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია. ეს საღამო მთლიანად გენიალურ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს მიეძღვნება.

16 სექტემბერს, საკმაოდ ცნობილი, აკადემიური, შერეული გუნდი „კანტემუსი“ გვეწვევა, უნგრეთიდან. გუნდი ძალიან მრავალფეროვან პროგრამას წარგვიდგენს. შესრულდება როგორც უნგრელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ასევე კლასიკოსების და თანამედროვეების საგუნდო ნაწარმოებები. ასეთი გუნდების კონცერტებით თბილისში განებივრებულები არ ვართ. ყველას ვურჩევდი, მოვიდნენ და მოისმინონ.

წლევანდელი ფესტივალი დახუნძლული გამოვიდა ქართველი მუსიკოსების იუბილეებით. 5 საიუბილეო კონცერტი გვაქვს.

21 სექტემბერს, გვაქვს შალვა მშველიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი. აქ მისი საგუნდო და სიმფონიური ნაწარმოებები შესრულდება. დირიჟორები დავით მუქერია, არჩილ უშვერიძე იქნებიან.

28 სექტემბერს, ბატონ გია ყანჩელის 90 წლისთავს აღვნიშნავთ. შესრულდება „ლარგო“, სიმფონია N5 და ლეგენდარული „სტიქსი“. სოლისტად ახალგაზრდა, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი ალტისტი, იორგი კოვალევი  წარდგება. კონცერტი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით გაიმართება.

3 ოქტომბერს, ცოტათი უფრო შერეული სტილის კონცერტია. შესრულდება ნოდარ მამისაშვილის, მერაბ გაგნიძის, სოსო ბარდანაშვილის  და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები. ძალიან საინტერესო პროგრამაა. გვეწვევა ბატონი სოსო, რადგან მისი ნაწარმოების პრემიერაა. ასევე, ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოების „ფიროსმანი“ პრემიერა შედგება, რომელსაც „აფხაზეთის კაპელა“ და ასევე, სოლისტი ინსტუმენტალისტები შეასრულებენ. ბატონი ზვიადი თავად უდირიჟორებს ამ ყველაფერს.

11 ოქტომბერს, სულხან ცინცაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტი გვაქვს. ბატონი სულხანი ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორია, ამიტომ ჩვენ მის კინომუსიკას გვერდს ვერ ავუვლიდით. პირველ განყოფილებაში იქნება სუიტა ბალეტიდან „რივარესი“, მეორე განყოფილებაში იქნება საორკესტრო სუიტა კინოფილმებიდან – „ჭრიჭინა“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ბაში აჩუკი“, „ჩრდილი გზაზე“, „თოჯინები იცინიან“, „ჯარისკაცის მამა“.

18 ოქტომბერს, ფესტივალზე გამოვა ვალერიან შიუკაშვილი, ჩვენი ცნობილი პიანისტი, მას თანხლებას გაუწევს „თბილისის სიმფონიური ორკესტრი“, ლუციუს ჰემერის დირიჟორობით. შესრულდება მოცარტის 23-ე კონცერტი და ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია.

22 ოქტომბერს, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტს გამართავენ ანსამბლები „რუსთავი“ და მართვე. კონცერტში გამოყენებული იქნება გარკვეული ვიდეომასალა ბატონი ანზორის და მისი მოღვაწეობის შესახებ.

ფესტივალი 25-26 ოქტომბერს დასრულდება, ერთნაირი კონცერტებით. მსმენელთა ძალიან დიდი სურვილით და მოთხოვნით განმეორდება ჯანსუღ კახიძის საიუბილეო საღამოები, რომლებიც ჩვენ მაისში გვქონდა. კონცერტში მონაწილეობას იღებს ვახტანგ კახიძე, რომელიც ჰყვება, უკრავს, დირიჟორობს, ასევე ვოკალური კვარტეტი „რანინა“, „თბილისის სიმფონიური ორკესტრი“, ანსამბლი „რუსთავი“. გაჟღერდება რამდენიმე ისეთი სიმღერა, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა. იქნება ვიდეომასალა ბატონი ჯანსუღის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან, იქნება საინტერესო ისტორიები. სახალისო და ცოტა სევდიანი საღამო იქნება, რადგან სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი მისი გარემოცვიდან ცოცხალი აღარ არის. 

ყველაზე რთული რა იყო ფესტივალის ორგანიზებისას?

რა თქმა უნდა, უცხოელ შემსრულებლებთან მოლაპარაკების პროცესი ყოველთვის რთულია, რადგან ძალიან დაკავებულები არიან და ბევრი საორგანიზაციო დეტალია, განსაკუთრებით, როცა დიდ კოლექტივთან გვაქვს საქმე. რაღაც მოულოდნელობა ყველა ფესტივალზე ხდება, ამისგან დაზღვეული არავინაა.

თეკა, უნდოდა მამას, რომ მუსიკოსი გამოსულიყავი?

არ მაძალებდა, მაგრამ რა თქმა უნდა, გარკვეული სურვილები ჰქონდა, მაგრამ პიანისტი ჩემგან არ გამოვიდა, რადგან ცოტა სცენის შიში მქონდა. საბოლოოდ, მუსიკის ისტორიის განხრით წავედი.

ოდესმე თუ გამოსულხარ სცენაზე?

კი, მიმღერია, ოჯახურ ღონისძიებებში ვიღებდი მონაწილეობას (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g