შვედეთში ცხოველთა დაცვის კანონმდებლობა რამდენიმე უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნით განახლდა. ამიერიდან კატების მფლობელები ვალდებული არიან, რომ შინაური ცხოველების დასვენებასა და ფსიქოლოგიურ კომფორტზე იზრუნონ. სიახლის შესახებ ua.news წერს.
ახალი წესების მიხედვით, მფლობელებმა კატებისთვის სპეციალური სივრცე უნდა მოაწყონ, სადაც აუცილებელი იქნება გარკვეული ელემენტები – მაგალითად, საწოლი და კლანჭების სალესი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი ყოველდღიურ რეჟიმს ეხება: კანონი მეპატრონეებს ავალდებულებს, რომ კატასთან დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც ითამაშონ.

ინიციატივის ავტორების განმარტებით, ეს ზომა მიზნად ისახავს ცხოველებში დეპრესიის პრევენციას, რომელიც შეიძლება განვითარდეს მარტოობისა და მოძრაობის ნაკლებობის გამო. შვედმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ კატები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მარტო რჩებიან, ხშირად ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან.
ახალი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ფინანსური ჯარიმები. თუმცა თუ მფლობელის უყურადღებობამ ცხოველს სერიოზული ტანჯვა მიაყენა, საქმე შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდეც მივიდეს და დამრღვევს პატიმრობაც კი დაემუქროს.