LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულზე შექმნილი სიმღერა უცნაურად დაემთხვა იმ პერიოდს, როცა მე და სალომე შეხვედრას, ურთიერთობას და ყველაზე ჯადოსნური მომენტებს ვიწყებდით ჩვენს ცხოვრებაში“ – გიორგი ცხადაძე „არტ-FM“-ში

521
გიორგი-ცხადაძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FMგიორგი ცხადაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ახალი სიმღერა „მე და შენ“ შესთავაზა მსმენელს.

„მე და შენ“

მიხარია, რომ სიმღერას „მე და შენ“ კარგი გამოხმაურება აქვს. როგორც ჩანს, მისი ტექსტი ბევრისთვის აღმოჩნდა ნაცნობი და ახლობელი. ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთეთ და პროდიუსინგშიც ძალიან გაგვიმართლა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ნაფიქრი და ნამღერი მსმენელმაც მოიწონა და შეიყვარა, რადგან ძალიან სასიამოვნოა, როცა პუბლიკას საკუთარ გრძნობებს უზიარებ და მისგანაც ანალოგიურ პასუხს იღებ. პატარა ბავშვივით ვხარობ, როცა მოტოთი მგზავრობისას, ჩემი სიმღერა მესმის სხვა მანქანებიდან.

„მე და შენ“ ჩემი ბავშვობის უმნიშვნელოვანეს წლებს, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდს მიეკუთვნება, როცა სიმღერას ჯერ გიორგი ტიგინაშვილი, მერე თიკა ჯამბურია ასრულებდა და მეც სულ აკვიატებული მქონდა. სიყვარულზე შექმნილი სიმღერა უცნაურად დაემთხვა იმ პერიოდს, როცა მე და სალომე შეხვედრას, ურთიერთობას და ყველაზე ჯადოსნური მომენტებს ვიწყებდით ჩვენს ცხოვრებაში.

„მე და შენ“ ცოტა ხნის წინ გავიხსენეთ და მისი ახალი ჟღერადობით ჩაწერა გადავწყვიტეთ, რადგან სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც არასდროს ძველდება და ყოველთვის აქტუალურია. ძალიან დიდი მადლობა გიორგის, სწორედ მას ეკუთვნის ეს სიმღერა და ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მის გაცოცხლებას ვაპირებდით. 

რა თქმა უნდა, მოვიკითხავ სალომეს, ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს. ყველა ჩემი წარმატება პირველ რიგში მისი დამსახურებაა, რისთვისაც დიდად ვემადლიერები. აქტიურად მონაწილეობდა ამ სიმღერის ჩაწერაშიც, ყველა დეტალს აკონტროლებდა – არანჟირებით დაწყებული, ვიდეოთი დამთავრებული. ყოველთვის ვითვალისწინებ სალომეს რჩევებს, მართალია, მუსიკოსი არაა, მაგრამ ბრწყინვალე მსმენელია და რჩევებიც ყოველთვის სასარგებლო აქვს.  

გიორგი ცხადაძე & ეკატერინე გოგლიძე – „მე და შენ“

თეატრი

თეატრი მთელი ცხოვრებაა ჩემთვის, რადგან სწორედ თეატრია ის ადგილი, სადაც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიხარია ყოფნა. მსახიობობა პირველ რიგში განსხვავებული პერსონაჟების მორგების და სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას გაძლევს, ამიტომ ყოველთვის საინტერესოა ექსპერიმენტები.

ბედნიერი ვარ, რომ ბოლო დროს ახმეტელის თეატრის ყველა სპექტაკლი ანშლაგით იმართება. უამრავი მაყურებელი გვსტუმრობს, რამდენიმე სპექტაკლზე ისე სწრაფად გაიყიდა ბილეთები, რომ უბილეთოდ დარჩენილები სოციალურ ქსელში მთხოვდნენ დახმარებას და სპექტაკლზე შეყვანას. გადაჭედილი იყო დარბაზი როცა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ დავდგით, ძალიან ნოსტალგიური სპექტაკლია, დიდი ხანია არ დადგმულა და როგორც ჩანს, ბევრს წარსული, საკუთარი ახალგაზრდობა გაახსენა.

სამომავლო გეგმები

ახალი სპექტაკლისთვის მზადება უკვე დავიწყეთ, პრემიერა სავარაუდოდ იანვრის თვეში შედგება. რეჟისორი უცხოელი იქნება და იმედია ბევრ სიახლეს ჩამოგვიტანს. ფილმებზე სამუშაოდ ნაკლებად მიწვევენ, მართალია, რამდენიმე კარგი შეთავაზება მივიღე, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა. ძალიან მიყვარს სერიალები, ამიტომ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ახალ პროექტებში, თუმცა დღეს მთელ ჩემს დროს თეატრსა და მუსიკას ვუთმობ. საავტორო სიმღერებზე ვმუშაობ, რომელთაც ძალიან მალე შევთავაზებ მსმენელს და იმედი მაქვს ყველას მოეწონება.

ოჯახი

ნენეზე და სალომეზე საუბარი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ნენე რამდენიმე თვის იყო, როცა მასთან ერთად გადავწყვიტე ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიმღერის „გიორგობისთვის“ გაკეთება. ძალიან მიყვარს ის „კოსმიური ხმები“, რომელთაც პატარები გამოსცემენ, მე გიტარაზე ვუკრავდი, ნენე კი, „მღეროდა“. უცნაურია, მაგრამ რამდენიმე ნოტი ზუსტად დასვა, ძალიან მომეწონა და მოგვიანებით ვიდეოც გადავიღე. პირველი კონცერტი „ბასტი-ბუბუს“ წყალობით მოვაწყვეთ ფილარმონიაში, რითაც ორივე ძალიან ვამაყობთ, ახლა კიდევ ერთ სიმღერაზე ვმუშაობთ, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g