24 წლის თელაველმა გიორგი მოსიაშვილმა ბავშვობის ოცნება სამი წლის წინ აიხდინა. საკუთარი მისწრაფებები, საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება და ოჯახის ძალისხმევა ბიზნესად აქცია და ასე შექმნა სივრცე „სუ თელავია“. ოჯახური ბიზნესი დღეს 2 ფილიალს და 10 დასაქმებულ ადამიანს მოიცავს. თელავში, კოსტავას N6-ში შექმნილი ზღაპრული გარემოს, მოსიაშვილების სტუმართმოყვარეობისა და ახალი მიზნების შესახებ გიორგი მოსიაშვილმა ვრცლად „ფორტუნასთან“ ისაუბრა.
ბავშვობის ოცნება და თავშეყრის საყვარელი ადგილი
„ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს საქმიანობა. სულ ვიცოდი, რომ ერთ დღესაც მექნებოდა ჩემი კაფე ან რესტორანი. ამ საქმეზე ვიყავი სულ კონცენტრირებული, რომ გამეკეთებინა ჩემი ბიზნესი. სამ წელზე მეტია, რაც გვაქვს კაფე თელავში. თავდაპირველად, დედამ გააკეთა საოჯახო სასტუმრო, მეც ვეხმარებოდი, ჩართული ვიყავი ტურისტებთან ურთიერთობაში, მარკეტინგში, ვაკეთებდი კახეთის ტურებს, მთლიან სერვისს ვთავაზობდი – კვების, სასტუმროს და კახეთის ღვინის ტურებს. ჩვენი ოჯახი ყოველთვის სტუმარმასპინძლობით გამოირჩეოდა. ჩვენი სახლი მეგობრების, ახლობლების თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო. თავიდან მხოლოდ საუზმე გვქონდა სასტუმროში. შემდეგ უცხოელებმაც გვირჩიეს, რომ გაგვეკეთებინა კაფე“, – გვიყვება გიორგი.
როგორც „სუ თელავიას“ მფლობელი ამბობს, თელავის შემდეგ მეორე ფილიალი თბილისში რამდენიმე თვეა გაიხსნა. სივრცეში სტუმრებს როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ.
„ბავშვობიდანვე მაინტერესებდა კულინარია. დედაც კარგი კულინარია და სულ მასწავლიდა. რეცეპტები ჩემი და დედას მიერ არის შედგენილი და ჩვენი მზარეულები ამ რეცეპტებით მუშაობენ“, – ამბობს გიორგი.
უცხოური გამოცდილება
გიორგი რამდენიმე თვით საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მუშაობის გამოცდილება დაუგროვდა. უცხოური პრაქტიკის შემდეგ მშობლიურ ქალაქში კაფეს გახსნა საბოლოოდ გადაწყვიტა და ამაში ოჯახის წევრები და მეგობრები დაეხმარნენ.
„როდესაც სასტუმროს ვამუშავებდით, სტუმრებისგან მქონდა შემოთავაზება, რომ ჩინეთში ქართულ რესტორანში მემუშავა მზარეულად. 6 თვის განმავლობაში იქ ვმუშაობდი. რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ თელავში მსგავსი სივრცე არ არსებობდა. კოვიდის დროს სასტუმრო გავაჩერეთ, გადავერთეთ კვებაზე და გავხსენით ჩვენი რესტორანი. დღეს თელავისა და თბილისის ფილიალებში ჯამში 10 ადამიანი გვყავს დასაქმებული“, – ამბობს კვების ობიექტის დამფუძნებელი.
ხედი, საკვები, გარემო… ადგილი, რომელიც შეგიყვარდებათ
გიორგი გვიყვება, რომ ქართველი სტუმრების გარდა, მათთან ხშირად უცხოელი ტურისტებიც დადიან. კავკასიონის ულამაზესი ხედები, მეგობრული გარემო, გემოვნებიანი მუსიკა და უგემრიელესი კერძები არის ის მთავარი მახასიათებლები, რაზეც დამსვენებლები მუდმივად აკეთებენ აქცენტს და დადებით რეკომენდაციებს ტოვებენ. ეზოს, რომელიც სრულ ჰარმონიას ქმნის, ძირითადად, გიორგი და დედა უვლიან.
„საკვების გარდა, ჩვენთვის დახვედრა და სტუმარმასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი ეფექტი შეექმნას მომხმარებელს, რომ არა რესტორანში, არამედ სახლში მოვიდა. ძალიან პატარა დეტალებით გვაქვს სივრცე შექმნილი, რაც მას კომფორტულს და განსხვავებულს ხდის. ერთხელ მოსვლის შემდეგ უყვარდებათ ეს სივრცე და მეორედ და მესამედ მოსვლის სურვილი მაშინვე უჩნდებათ. უცხოელი სტუმრებიც ხშირად რეკომენდაციებით გვსტუმრობენ. ხედი, საკვები, გარემო – ეზოს, ძირითადად, მე და დედა ვუვლით, ახლა უკვე თანამშრომლებიც გვეხმარებიან. ისე შემიყვარდა მცენარეები და მათზე ზრუნვა, როცა დრო მაქვს, სულ ვცდილობ, თავად მოვუარო ეზოს.
სტუმრებისგან ძირითადად დადებითი შეფასებები გვაქვს, კარგი მუსიკა, გარემო, მეგობრული გუნდი. ეს მხოლოდ საკვები ადგილი არ არის, ეს არის ადგილი, რომელიც შეგიყვარდებათ. სივრცეში ძველ 70-იანებისა და 80-იანების გემოვნებიანი ჰიტები, გარემოსაც უხდება და განსატვირთად მოსული ადამიანებისთვისაც სასიამოვნო მოსასმენია.
თელავის ფილიალში რეკლამის გარეშეც მოდიან ადამიანები, მომხმარებელი სტაბილურად სულ დადის ჩვენთან. არ ვაფუჭებთ ხარისხს, სულ მოძრაობაში ვართ, რომ ყველა დეტალი წესრიგში იყოს. თელაველები ხშირად გვსტუმრობენ, დასვენების დღეებში თბილისიდან ჩამოდიან ადამიანები, მარტის შემდეგ ნოემბრამდე კი უცხოელი ტურისტებიც დადიან. ქალაქის ცენტრშია ჩვენი სივრცე, კავკასიონის ხედები გვაქვს და უცხოელებს ძალიან იზიდავთ“, – გვიზიარებს გიორგი.
„ქეითერინგ სერვისი“ და ახალი მიზნები
„სუ თელავია“ სტუმრებს დაბადების დღეების და ნათლობის გადასახდელადაც მასპინძლობს. გიორგის უფრო დიდი გეგმები აქვს და სურს, რომ ე.წ. „ქეითერინგ სერვისი“ განავითაროს.
„თელავში „ქეითერინგის“ სრულ სერვისს ვერც ერთი კომპანია ვერ სთავაზობს, ეს პრობლემა სულ იყო. ჩვენ შევთავაზეთ კომპანიებს, წარმატებით ამუშავდა, არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას ვუმასპინძლეთ, ტურისტული კომპანიის გახსნა გავაკეთეთ. თბილისშიც და კახეთშიც ამ მიმართულებით გვსურს განვითარება“, – ამბობს „ფორტუნასთან“ „სუ თელავიას“ დამფუძნებელი.