მარტში ბრენდი Tank, რომელიც კონცერნ Great Wall Motor-ს ეკუთვნის, ახალ მოდელს წარადგენს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ბრენდის ხელმძღვანელმა, გუ იუკუნმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა CarNewsChina ავრცელებს.
ამ ეტაპზე ავტომობილის შესახებ ოფიციალური დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის „ძვირად ღირებული ყველგანამავალი“-ის სეგმენტში პოზიციონირდება. კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მოდელი გლობალური ბაზრებისთვის შეიქმნება და მხოლოდ ჩინეთისთვის განკუთვნილი არ იქნება.
არაოფიციალური ვარაუდებით, სიახლე შესაძლოა ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატით აღიჭურვოს და გარკვეული მანძილის გავლა მხოლოდ ელექტროძრავით შეძლოს. თუმცა მწარმოებელს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
ცნობილია ისიც, რომ ეს პრემიერა ბრენდის ერთადერთი სიახლე არ იქნება. ჩრდილოეთ ჩინეთში აქტიურად ტესტავენ განახლებული Tank 300-ის პროტოტიპს – საუბარია გახანგრძლივებულ ვერსიაზე, რომელსაც 3.0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავი ექნება.