თბილისში, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, 2025 წლის 4 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1983 წელს დაბადებული რ.რ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.