ტეილორ სვიფტმა მუსიკალურ ინდუსტრიაში მორიგი ისტორიული აღიარება დაიმსახურა.
საქმე ისაა, რომ ის ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში გაწევრიანების წლევანდელ ლაურეატთა შორის დასახელდა. შედეგად, 36 წლის ასაკში სვიფტი Nashville Songwriters Hall of Fame-ის არსებობის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი, ვისაც წილად ეს პატივი ხვდა.
აღსანიშნავია, რომ მომღერალმა დიდების დარბაზში მოხვედრა უფლებამოსილების პირველივე შესაძლო წელს მოახერხა. წესების თანახმად, სახელგანთქმული სიმღერების კატალოგის მქონე კომპოზიტორს დარბაზში შესვლის კვალიფიკაცია პირველი კომერციული რელიზიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ეძლევა, სვიფტის სადებიუტო სინგლი – Tim McGraw კი ზუსტად 2006 წელს გამოიცა.
ეს მიღწევა სვიფტისთვის წელს უკვე მეორე მსგავსი აღიარებაა — სულ რაღაც ორი თვის წინ, ის ნიუ-იორკში დაარსებულ ეროვნულ სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზშიც შეიყვანეს, სადაც ასევე ყველაზე ახალგაზრდა ქალი მუსიკოსის სტატუსით მოხვდა.
გალა-დაჯილდოება, სადაც სიმღერების ავტორებს დიდების დარბაზში ოფიციალურად მიიღებენ, შემოდგომაზე, ნეშვილში გაიმართება.