ამ კვირის განახლებული მონაცემებით, ტეილორ სვიფტის ახალი სიმღერა – I Knew It, I Knew You Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა.
ანიმაციური ფილმის – Toy Story 5 საუნდტრეკი არტისტის მე-15 ჰიტი გახდა, რომელმაც საკულტო ჩარტის ლიდერი პოზიცია დაიკავა. ამ შედეგით სვიფტი იმ მცირერიცხვოვან არტისტთა შორისაა, რომელთაც Hot 100-ის 67 წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი ნომერ 1-ელი სიმღერა აქვთ. თემატურ სიაში ,,ბითლზისა” და მერაია ქერის შემდეგ, სვიფტი მესამეა.
ამასთან, ეს არის ტეილორ სვიფტის მე-9 სიმღერა, რომელიც ჩარტში პირდაპირ პირველ ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით მან არიანა გრანდეს გადაასწრო და ქალ შემსრულებლებს შორის ყველაზე მეტი დებიუტით ჩარტში, პირველი ადგილი დაიკავა. ეს უკანასკნელი და სვიფტი ამ მხრივ წინა კვირას გათანაბრდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მესამეა ისტორიაში, როცა ,,დისნეის” ანიმაციური ფილმის საუნდტრეკი ჩარტის პირველ ადგილზე, გამოსვლიდან სადებიუტო კვირაში მოხვდა.
აქამდე ეს მხოლოდ „ალადინის“ A Whole New World-მა და „ენკანტოს“ We Don’t Talk About Bruno-მ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტმა Disney-სა და Pixar-ის ანიმაციისთვის – Toy Story 5 ორიგინალი სიმღერა – I Knew It, I Knew You, რომლის სამი განსხვავებული ვერსია შეიქმნა, 5 ივნისს გამოუშვა. ლეგენდარულ კომპოზიტორ, რენდი ნიუმენის შემდეგ სვიფტი გახდა სიმღერის ავტორი, რომელმაც საკულტო ფრენჩაიზის ისტორიაში ორიგინალური მუსიკალური წვლილი შეიტანა.
ტეილორ სვიფტი ანიმაციური ფილმის – ,,სათამაშოების ისტორია 5” მსოფლიო პრემიერაზე