აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის მამულში გაიმართა.
დონალდ ტრამპმა თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა.
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ“, – აღნიშნა ტრამპმა ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ვუახლოვდებით, შესაძლოა ძალიანაც“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში“.
ასევე ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება.
მან უარი თქვა შეთანხმებული პირობების პროცენტული მაჩვენებლის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის შეიძლება 95%-ს მიუახლოვდეს.
ტრამპის თქმით, დონბასის რეგიონის ბედი, კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.
„ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას. და ეს დიდი საკითხია“. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ“, – განაცხადა მან.
ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ნდობის გამოხატვისას, ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ძალიან რთულია და უარი თქვა მათი გადაწყვეტის ზუსტი ვადების დასახელებაზე.
„ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში გავიგებთ – ასე თუ ისე“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე სამშვიდობო გეგმის „ყველა ასპექტი“ განიხილეს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს „ საოცარ ადგილას შესანიშნავი შეხვედრისთვის“.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, გუნდებმა განიხილეს „სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი“ და დასძენს, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „90% შეთანხმებულია“. მისივე განცხადებით, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მდგრადი მშვიდობის მიღწევის მთავარი ეტაპია და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა ასპექტზე“, – დასძენს ის.
ზელენსკიმ ტერიტორიულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას დონბასთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
„პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას…რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოა. ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს ძალიან რთული კითხვაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.
