LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი იმედგაცრუებულია, მაგრამ სანქციების წინააღმდეგია: ერთვება თუ არა გერმანია ომში

109
Russia Ukraine Putin Trump

მსოფლიოს პოლიტიკური ყურადღება კვლავ უკრაინისკენ არის მიმართული, სადაც სამწუხაროდ გრძელდება საომარი მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, მაგრამ რუსეთის ქმედებები ამის საშუალებას არ იძლევა. დასტურად გამოდგება ის ფაქტიც, რომ რუსეთი კვლავ აქტიურად მიმართავს ავიაიერიშებს.
ამასობაში ძალიან საინტერესო და ყურადსაღები განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა. ფრიდრიხ მერცი არ გამორიცხავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემას, რასაც რუსული მხარე, არც მეტი არც ნაკლები, გერმანიის ომში აშკარა ჩართვას უწოდებს. გარდა ამისა, ნატო აპირებს თავდაცვის ხარჯების აქამდე უპრეცედენტო მასშტაბებამდე გაზრდას. ომის გეოგრაფია კი იზრდება და რუსული სარაკეტო სისტემები ბელარუსის ტერიტორიაზეც განთავსდება.
თავის მხრივ პუტინის მოქმედებით იმედგაცრუებას არ მალავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თუმცა რუსეთის მიმართ სანქციებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან ვითარება კიდევ არ დაიძაბოს. მოლაპარაკებების რესურსი ჯერ კიდევ რჩება და მორიგი რაუნდი წესით სტამბოლში გაიმართება.

ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 90 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 56-ის ჩამოგდება მოახერხეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქს ავიაბომბებით დაესხა თავს, შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ათ დასახლებულ პუნქტზე 397 დარტყმა მიიტანა.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს.
„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია“, – განაცხადა მერცმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რადიუსის შეზღუდვა არ იქნება და ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, სრულად დაიცვას თავი, მათ შორის საკუთარი ტერიტორიის გარეთ მდებარე სამხედრო სამიზნეებისგან.

„თუ სწორად გავიგე, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ თავიდანვე იგულისხმებოდა უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოების დაფინანსება, გერმანიის პირდაპირი ჩართულობა ამ ომში უკვე აშკარაა, იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები საბოლოოდ გამოიტანენ სწორ დასკვნას და შეწყვეტენ ამ სიგიჟეს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული უარყოფს რუსეთის ბრალდებას, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის უპილოტო აპარატების წარმოებაში ინვესტიციის ჩადებით, ომის წაქეზებაა.
„ეს ომი შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს, თუ რუსეთი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს“, – აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რომ მოლაპარაკების მიმდინარეობისას ქალაქები იბომბება და ხალხი იღუპება.
„ჩვენ მალე გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა ის. თუ – გვატყუებს, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ. ბატონი უიტკოფი ფანტასტიურ საქმეს ასრულებს, ძალიან ძლიერად მუშაობს მათთან. ჩანს, რომ რაღაცის გაკეთება სურთ, მაგრამ ვიდრე დოკუმენტი არ გაფორმდება, ვერ გეტყვით. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე ღამეში, ხალხი დაიღუპა, როდესაც ჩვენ მოლაპარაკების მოწოდებით გამოვედით. ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპს შეკითხვა დაუსვეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზეც, რაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესზე უარყოფითად იმოქმედებს.
„ვფიქრობ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სამშვიდობო შეთანხმებას დააზარალებს. ეს ჩემი ომი არ არის, ეს ბაიდენის ომია, ეს ზელენსკის ომია და პუტინის ომია. ეს ტრამპის ომი არ არის. მე აქ ვარ ერთი რამისთვის, რომ ვცადო ამის დასრულება, რომ გადავარჩინო ხუთი ათასი სიცოცხლე კვირაში და ბევრი ფული“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„ორეშნიკის“ რუსული სარაკეტო სისტემა ბელარუსში წლის ბოლომდე განთავსდება, მისი განლაგების ადგილები უკვე განსაზღვრულია, – ამის შესახებ ბელარუსის უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ალექსანდრე ვოლფოვიჩმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ლავროვი რუბიოს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ესაუბრა.
მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის მიზანს უკრაინის კონფლიქტის სწრაფ დასრულებასთან დაკავშირებით და გამოხატა ვაშინგტონის მზაობა, ხელი შეუწყოს მხარეთა პოზიციების დაახლოებას.

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამბობს, რომ მოკავშირეები მომავალ თვეს სავარაუდოდ, შეთანხმდებიან თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5 პროცენტამდე გაზარდონ. ამ დროისთვის ამ პროცენტიანი ნიშნულისთვის ჯერ ნატოს არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია.
უკვე დიდი ხანია შეერთებული აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუჰამედ სინვართან ერთად მოკლულია „ჰამასის“ მაღალი რანგის რამდენიმე პირი.
მუჰამედ სინვარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში მაისის შუა რიცხვებში გავრცელდა.
მუჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა მისი უფროსი ძმა იაჰია სინვარი მოკლა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს უახლოეს მომავალში, შესაძლოა უკვე ოთხშაბათს, დაასრულოს ახალი წერილობითი შეთანხმება, რომელიც შეიძლება, გახდეს საფუძველი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმებისთვის. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

ღაზაში გაერო-ს საწყობი გაძარცვეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
შემთხვევის დროს საწყობში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. გაერო-მ ისრაელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაზარდოს საკვების მიწოდება, რათა „ხალხი დარწმუნდეს, რომ შიმშილით არ მოკვდება“.
გაერო-ში აცხადებენ, რომ დახმარების ის რაოდენობა, რომლის მიწოდებასაც ისრაელი უშვებს, ჰგავს „სამაშველო ნავის გაგზავნას ჩაძირულ გემთან“.
ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება 19 მაისს განაახლეს. მას შემდეგ ღაზაში დახმარების 876 სატვირთო მანქანა შევიდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ არ ჩაშალოს აშშ-ის ხელმძღვანელობით ირანის ბირთვულ საკითხზე მჭიდრო მოლაპარაკებები.ტრამპის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
“დიახ, ასეთი რამ ვუთხარი. ეს არ არის გაფრთხილება. მე ვთქვი, რომ ვფიქრობ, ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა მიზანშეწონილი ახლა, რადგან ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტასთან“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ირანთან ძალიან კარგ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ახლა ვფიქრობ, რომ მათ გარიგების დადება სურთ. და თუ შევძლებთ გარიგების დადებას, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ევროკავშირის საბჭომ მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც სირიის წინააღმდეგ ყველა ეკონომიკურ შემზღუდავ ზომას ხსნის. სანქციები იხსნება უსაფრთხოების საფუძვლებზე დაფუძნებული შემთხვევების გარდა.
ევროკავშირის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სირიელი ხალხის მხარდაჭერას ახალი, ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი ქვეყნის გაერთიანებასა და აღდგენაში.

ფოტო: npr

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g