აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და რიგ სხვა პროდუქტებზე საბაჟო გადასახადები 15%-დან 25%-მდე იზრდება. თავისი გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ კორეა აჭიანურებს ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების დამტკიცებას. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ კი უპასუხა, რომ ტარიფების გაზრდის შესახებ ოფიციალურად არ გაუფრთხილებიათ.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ რადგან სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანომ „არ მიიღო ჩვენი ისტორიული სავაჭრო შეთანხმება, რაც მისი პრეროგატივაა“, ის ზრდის საბაჟო გადასახადებს ავტომობილებზე, ხე-ტყეზე, ფარმაცევტულ პროდუქციაზე, ასევე ყველა საპასუხო ტარიფს – 15%-დან 25%-მდე. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეა „არ ასრულებს შეთანხმების პირობებს“.
კორეის მთავრობამ საპასუხო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ-ს გააცნობს თავის პოზიციას – ქვეყანა „ინარჩუნებს ერთგულებას ტარიფებთან დაკავშირებული შეთანხმებების მიმართ“.
„რადგან გაზრდილი ტარიფების ძალაში შესასვლელად აუცილებელია ადმინისტრაციული ნაბიჯები, მათ შორის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნება, ჩვენი მთავრობა გეგმავს აშშ-ს აცნობოს, რომ მზად არის შეასრულოს ტარიფებთან დაკავშირებული შეთანხმებები და სიტუაციას მშვიდად უპასუხოს“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ კორეის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი კიმ ჩონ გვანი აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება.
გასული წლის ზაფხულში ვაშინგტონსა და სეულს შორის სავაჭრო სფეროში შეთანხმება შედგა, ხოლო შემოდგომაზე მისი პირობები ოფიციალურად დადასტურდა. სამხრეთ კორეამ თავის მხრივ აიღო ვალდებულება, აშშ-ში 350 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს: მათგან 200 მილიარდი დოლარი „რეალური ფული“ უნდა იყოს, ხოლო დარჩენილი 150 მილიარდი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გემთმშენებლობის სფეროში ჩაითვალოს. ამასთან, ინვესტიციებისთვის დაწესდა ზედა ზღვარი – წელიწადში მაქსიმუმ 20 მილიარდი დოლარი. აშშ კი დათანხმდა, რომ კორეულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადებს 25%-დან 15%-მდე შეამცირებდა.