აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებმა საკმაო ხანს ისაუბრეს ტელეფონით და გარკვეული შეთანხმების გარდა იმაზეც შეთანხმდნენ, რომ კვირას კიდევ ერთხელ დაილაპარაკებენ. დონალდ ტრამპი ამის შემდეგ უკრაინის ლიდერსაც ესაუბრა და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. უკრაინა გამოხატავს მზადყოფნას მშვიდობისთვის, მთავარია რეალურად რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი და რამდენად შეასრულებს დადებულ პირობას.
სანამ აშშ და რუსეთი ერთმანეთში აგვარებენ უკრაინის საკითხს, ამასობაში ევროპაც ფხიზლობს.
ბრიუსელში ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ, ხოლო ლონდონში შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელები და განიხილავენ ვის რა ფუნქცია დაეკისრება სამშვიდობო ჯარების უკრაინაში განთავსების შემთხვევაში, თუმცა ჯერ უპირველესია შედგეს შესაძლოა შეთანხმება მიუხედავად არსებული სკეპტიციზმისა.
ევროპაში მოსკოვის არ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ პუტინს სურს ომის გაგრძელება და არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების.
სწორედ ეს საკითხები განიხილა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
„მთავარი ყურადღება ისევ და ისევ უკრაინისკენაა მიმართული, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩართულობასა და ძალისხმევაზე, რათა ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმება იქნეს მიღწეული და გრძელვადიანად მოხერხდეს მშვიდობის დამყარება.
ცხადია, დიდი მოლოდინი იყო ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მიმართ. როგორც ტრამპმა მანამდე თქვა, ამ ყველაფერს დიდი სამუშაო უძღოდა წინ. მოსკოვში იყო ჩასული თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უოტკოფი, რომელიც პუტინს 8-საათიანი ლოდინის შემდეგ შეხვდა. მისი მეშვეობით პუტინმა საკუთარი გზავნილები მიაწოდა ტრამპს. მომდევნო აუდიენცია 23 მარტს ჩაინიშნა.
პუტინთან საუბრის მთავარი შედეგი ალბათ არის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შეწყვეტის შესაძლებლობა. შესაძლებლობა იმიტომ, რომ საუბრის დასრულების შემდეგ რუსებმა უკრაინის მიმართულებით გაუშვეს დრონები, რაკეტები. კრემლმა ცინიკური განცხადება გაავრცელა, რომ უკვე გაშვებული იყო და რომ პუტინმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, რის გამოც რუსებს მოუწიათ საკუთარი დრონების ჩამოგდება.
მაგრამ შეიძლება პუტინის ნდობა? რუსებმა მეორე დღესაც განახორციელეს იერიშები, უკრაინული მხარე ანადგურებს მათ დრონებს, ხოლო თავად მხოლოდ სტარტეგიულ და სამხედრო ობიექტებს უტევს.
მეორე შეთანხმება რაც შედეგებში იყო გამოტანილი გახლავთ, რომ 175 ტყვე გაიცვლებოდა და ეს გაცვლა უკვე მოხდა. პუტინმა კეთილის ნების გამოხატულებად ასევე გადასცა 22 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო.
ზელენსკი მიესალმება ტრამპის ძალისხმევას, მხარს უჭერს 30-დღიან შეთანხმებას და მზად არის მიავლინოს უკრაინელი ექსპერტები, სამხედროები, ენერგიტიკოსები, ინფრასტრქტურის სპეციალისტები საუდის არაბეთში, სადაც ამერიკელ კოლეგებთან გამართავენ შეხვედრებს.
მოკლედ უკრაინული მხარე მზადაა მშვიდობისთვის, განსხვავებით პუტინისგან, რომელიც ითხოვს, რომ შეწყდეს უკრაინის სამხედრო დახმარება.
ასევე შედგა ტრამპისა და ზელენსკის საუბარი და ორივემ კმაყოფილება გამოხატა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კარგი კომუნიკაცია. თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინელი ლიდერის თხოვნა იყო, პატრიოტის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება, რაზე ტრამპმა უპასუხა, რომ აუცილებლად მოიძიებს რა საშუალებები არსებობს ევროპაში, რომელიც შესაძლოა სწრაფად იქნეს მიწოდებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ F16 ახალი ბასტია ჩავიდა უკრაინაში. ასე რომ, სამხედრო დახმარების მხრივ ყველაფერი გამართულად მიდის.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პუტინთან საუბრის წინ განიხილეს ტერიტორიების დათმობისა და აღიარების საკითხი. ტრამპთან საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კარგად ესმის ზელენსკის პოზიცია, რომ უკრაინა არ დათმობს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომლის თქმით, ბერლინის ახალი კედელი უკრაინაში არ იმუშავებს.
რუსული მხარე ერთ-ერთ საკითხად ავრცელებს მოთხოვნას, რომ უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმი როგორც რფ-ს შემადგენელი ნაწილი და კიდევ 4 სუბიექტი (დონბასი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი). თუმცა საინტერესოა, რომ არცერთ ამ რეგიონზე რუსეთს სრული კონტროლი არ აქვს. ზაპოროჟიე და ხერსონი უკრაინელების ხელშია და წარმოუდგენელია გამოვიდნენ და დაუთმონ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გაჩნდა ტრამპისა და ზელენსკის საუბრის შემდეგ და ესაა ატომური ელექტროსადგურის აშშ-ის მმართველობაში გადაცემის თემა. ეს უზრუნველჰყოფს უკრაინის უსაფრთხოებას. ზელენსკის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შეიძლება იყოს საუბარი და უკრაინა მზად არის ამ საკითხის განხილვისთვის.
მოკლედ, ტრამპი არ ღალატობს თავის სტილს, რომ მიღწეული მშვიდობისთვის აუცილებლად წამოიღოს რაიმე ხელშესაღები ამერიკისთვის, რაც იქნება ამომრჩევლების წინაშე დაპირებების რეალიზება”.
ფოტო: ndtv
gzeromedia