“ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ძალიან ცუდი ფაქტები იყო. 27 წელია ძალოვან უწყებებში ვმუშაობ, 9 წელია თანამდებობაზე ვარ და ასეთი შემთხვევა, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც არის ძალიან მძიმე, მე ვიტყოდი, რომ ეს სახელმწიფოზე ძალადობაა.” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა და თქვა, რომ ვერ წარმოიდგენდნენ, ჟურნალისტებზე ასეთი მასიური თავდასხმა თუ მოხდებოდა.
ვახტანგ გომელაურმა სისულელე უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს თვითონ გასცა ჟურნალისტების ცემის ბრძანება და აღნიშნა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში, პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს:
“ასე ორგანიზებულად, აქტიურად, უცებ, სხვადასხვა ადგილზე მოხდა ეს თავდასხმები და არა ერთ ადგილას, მაგალითად პარლამენტის შენობის წინ, რაც ცოტა გასაკვირიც იყო და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. 15-16 ადამიანი დაკავებულია, კიდევ ვაპირებთ. ზღვა მასალა, ძალიან ბევრი ვიდეო, ჩანაწერები, რომელსაც ვსწავლობთ და მინდა, ვთხოვო ყველა იმ ჟურნალისტს, ოპერატორს, რომ გვეთანამშრომლონ უფრო აქტიურად.
გუშინაც განვაცხადე, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი, მითუმეტეს ხელისუფლებაში მყოფი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც ჩემზე თქვეს, თითქოს მე გავეცი ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციელებს არაფერი მოემოქმედათ, ეს სისულელეა, არც მინდა პასუხი გავცე. დარწმუნებული ვარ, ამის თვითონაც არ სჯერათ. პოლიცია სადაც იყო, ყველგან, რაც შეძლეს მაქსიმალური გააკეთეს.
3 200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო გამოძახების 5 ობიექტი, სემდეგ გახდა 8, შემდეგ – 18. ეს ადამიანები ყველგან გადანაწილებულები იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც, სადაც გარბოდა 50 პოლიციელი, მიდიოდა და იქ არაფერი ხდებოდა. ეს ოფისი დაარბიეს, ის ოფისი დაარბიეს, უნდა მიუვარდნენ იქ – ვრცელდებოდა ინფორმაცია და ეს პოლიციური ძალები იყო გაფანტული.
სპეცდანიშნულების რაზმი, რა თქმა უნდა, გამოყენებული იყო. რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ მაინცდამაინც „რობოკოპებში“ უნდა იყვნენ ჩაცმულები. ეს არის სპეციალური ღონისძიების დროს გამოსაყენებელი აღჭურვილობა. ყველგან იყვნენ გადანაწილებულები, ისინი იყვნენ პოლიციელების ფორმაში.” – განაცხადა მან.
შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალადობა, მით უმეტეს, ჟურნალისტებზე ყოვლად მიუღებელია და გმობს:
“არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ მოქალაქეებზეც ძალადობა და მით უმეტეს ჟურნალისტებზე. საპოლიციო ძალა, რაც იყო გამოყვანილი იყო გათვლა, რომ მარშში მონაწილეები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ.
ველოდით 6 საათზე ამ ადამიანების შეკრებას. ზუსტი დრო, სამწუხაროდ, არ გვითხრეს და ზუსტი ადგილი, სად უნდა შეკრებილიყვნენ. თქვეს ფილარმონიასთან, მობილიზებული იყო იქ მოწინააღმდეგეთა ძალები და შესაბამისად, იქ იყო საპოლიციო ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ. იმას, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მოხდებოდა, ვერც წარმოვიდგენდით, ნამდვილად არ გვიფიქრია.” – თქვა გომელაურმა.