ფსიქოზი თუ ნევროზი, როდის ხდება მკურნალობა აუცილებელი?!
ამის შესახებ გადაცემაში, „პაციენტი“ ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი (გოგი) ნანეიშვილი საუბრობს:
„ფსიქოზი არის რეგისტრი, როდესაც ადამიანი არაადექვატურია, ის იმდენად ჩართულია თავის განცდებში, რომ აქ უკვე სხვა რეგისტრის ფსიქიკური აშლილობებია, აი მაგალითად ჰალუცინაციები, ბოდვა, ცნობიერების შეცვლა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ადამიანისთვის გარე სამყარო სხვანაირია, განსხვავდება იმისგან რაც რეალურად არის, ამიტომ მისი ადაპტაცია ამ გარემოსთან არაადექვატურია სხვებისთვის. ესაუბრება ვიღაცას, რომელიც არ არსებობს, აგრესიას იჩენს ვიღაცის მიმართ, რადგან მიაჩნია, რომ ის რაღაცა ცუდს უკეთებს, თუმცა ეს რეალობაში არ არის. ამიტომ ტერმინი ნევროზი და ტერმინი ფსიქოზი, ახლა გამოიყენება როგორც რეგისტრი. რიგ შემთხვევებში, ნევროზის რეგისტრით დაავადებული ადამიანი, თუ ეს არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა, შესაძლოა დარჩეს ფსიქიატრიული დახმარების გარეშე. ამიტომ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ფსიქიატრების მიერ მოცემული რეკომენდაცია, რომ თუნდაც დეპრესია რომ ავიღოთ, დეპრესიის სხვადასხვა რეგისტრებია. დეპრესიის დროს უნდა დავიწყოთ ჯერ ფსიქოთერაპიით. თუ შევძელით ფსიქოთერაპიის საშუალებით სიტუაციის მოგვარება, ძალიან კარგი, თუ არა და მაშინ უკვე უნდა ჩავრთოთ ფსიქიატრი, რომლის ფუნქცია არის უკვე მკურნალობა“, – ამბობს გოგი ნანეიშვილი.
