რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ბაბი კირკიტაძე და გელა გნოლიძე სტუმრობდნენ, რომელთაც 19 და 21 ივლისს დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს და ახალი სიმღერა „მე და შენ“ შესთავაზეს მსმენელს.
(ბაბი კირკიტაძე) ყველას მოეწონა, ვინც სიმღერა მოისმინა, ბევრმა ზაფხულის ჰიტიც კი უწოდა, რაც ძალიან სასიხარულოა.
(გელა გნოლიძე) „მე და შენ“ თავისით და აბსოლუტურად ბუნებრივად შეიქმნა. ალბათ, ტელემაყურებელმა შეამჩნია, რომ გარკვეული პერიოდი არსად გამოვდიოდით. მცირე პაუზით ვისარგებლეთ, რადგან ძალიან გვინდოდა ზაფხულისთვის განსაკუთრებული სიმღერის შექმნა. მიხარია, რომ ჩანაფიქრის განხორციელება შევძელით. ძალიან მოგვწონს ახლი კომპოზიცია და იმედია მსმენელსაც მოეწონება.
ჩვენი სიმღერები მეტწილად ირინა სანიკიძესთან თანამშრომლობით იქმნება. უნიკალური ადამიანია, რადგან ყოველთვის ზუსტად ისეთ ტექსტს წერს, როგორიც წარმოსახვაში მქონდა. ძალიან მაგარი ტექსტი დაგვიწერა ბოლო სიმღერაზეც, რისთვისაც ყველა დიდად ვემადლიერებით.
(ბაბი კირკიტაძე) ჩვენი კონცერტები 19 და 21 ივლისს გაიმართება. 19-ში წილკანში, „შუაგულში“ ვუმასპინძლებთ მაყურებელს „ღამის შოუს“ მთელ გუნდთან, გიორგი გაბუნიასთან, ჯიმი აბესაძესა და სხვებთან ერთად, 21-ში – ჩემს დაბადების დღეზე კი, ბათუმში „მონოჰოლში“ მოვაწყობთ საღამოს. ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა ჩემს დაბადების დღეზე კონცერტების მოწყობა და ძალიან მიხრია, რადგან უამრავ ხალხთან ერთად აღვნიშნავ და ყოველთვის კარგი ემოციებით ვივსები.
(გელა გნოლიძე) ბათუმში მართლაც გრანდიოზულ კონცერტს გავმართავთ და ძველ, თუმცა განახლებულ ჰიტებთან ერთად ორი ახალი სიმღერის პრემიერას შევთავაზებთ პუბლიკას. აქტიურად ვემზადებით ორივე კონცერტისთვის, რადგან ძალიან მოგვენატრა ჩვენი მსმენელი. სახალისო ისტორია შეგვემთხვა ერთ-ერთ კონცერტზე. საუნდჩეკის გავლისა და ინსტრუმენტების მომზადების შემდეგ, „მონოჰოლის“ დარბაზში გამოვედი. სცენაზე ვარდებით სავსე რამდენიმე უზარმაზარი ქოთანი დამხვდა. წარმოდგენა არ ჰქონდა არავის ვინ მოიტანა ან ვის ეკუთვნოდა ამდენი ვარდი. დიდხანს ვეძებდი „დამნაშავეს“, საბოლოოდ გაირკვა, რომ ბაბის მიულოცეს დაბადების დღე. მაღალი ქოთნების და უფრო მაღალი ვარდების ულამაზესი სანახაობა მოეწყო სცენაზე, თუმცა მათ ფონზე ჩვენ დავიკარგეთ და საერთოდ აღარ ვჩანდით. მოგვიანებით ყვავილები კონცერტზე მოსულ მაყურებელს დავურიგეთ და ყველა ძალიან გავახარეთ.
ძალიან მიყვარს ჩვენი ბენდის ყველა წევრი, ერთი ოჯახივით ვართ. მომწონს, როცა ყველა ერთად ვქმნით რაიმე ახალს, პუბლიკა კი, იწონებს და სწრაფად იტაცებს ჩვენს მორიგ ნამუშევარს. უამრავი მადლობის წერილი მიმიღია, მეტიც, ჩვენი სიმღერები ზოგს სიყვარულის ახსნაში, ზოგს დაქორწინებაში ეხმარება. ალბათ, სწორედ ესაა ჩვენი პოპულარობის საზომი და ნამდვილი დაფასება.
(ბაბი კირკიტაძე) ბედნიერი ვარ, რომ ძალიან უყვარს მსმენელს ჩვენი ბენდი. ერთ-ერთ კონცერტზე, რომელიც „მუსიკოსთა პარკში“ მოეწყო, სწორედ სცენაზე დგომის დროს ვიგრძენი რამხელა ბედნიერებაა, როცა შენს გვერდით ასეთი ადამიანები არიან. მახსოვს, სწორედ კონცერტის წინ დაიწყო საშინელი წვიმა, დაგვისველდა აპარატურა და ინსტრუმენტები, შეუძლებელი გახდა კონცერტის ჩატარება. გელა იძულებული გახდა სცენაზე გასულიყო და მსმენელისთვის ეთქვა კონცერტის გადადების შესახებ, თუმცა ისეთი ოვაციებით შეხვდნენ, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. იძულებით გავედით სცენაზე ჩვენც და მუსიკის გარეშე დავიწყეთ სიმღერა. მთელი 20 წუთი ვმღეროდით, „მუსიკოსების პარკის“ სტაფმა – არაჩვეულებრივმა ადამიანებმა კი, უზარმაზარი ცელოფნები მოიტანეს, რომლებიც ჩვენს თავზე გაჭიმეს და მთელი კონცერტი ხელით ეჭირათ. ფანტასტიკური კონცერტი იყო და არასდროს დამავიწყდება, მსმენელს არც უფიქრია წასვლა, პირიქით, ნელ-ნელა სულ უფრო მეტი შემოგვემატა.
გელა ყოველთვის ძალიან მტკივნეულად განიცდის, როცა ბენდის გოგოებზე არასასიამოვნო კომენტარები იწერება. ერთი პერიოდი ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა ჩემზე, რასაც გელა ჩემზე მეტად განიცდიდა. მართალია, პოპულარობას ჭორებიც თან ახლავს, მაგრამ ძალიან რთულია ყველა იმ სიბინძურის მოთმენა და შეგუება, რომელსაც უმიზეზოდ ავრცელებენ ადამიანები. საბედნიეროდ, ის პერიოდი წარსულს ჩავაბარე, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობრები – ბენდის წევრები მხარში ამომიდგნენ და არ მიმატოვეს. თუმცა, სწორედ მაშინ მივხვდი, ვინ იყო ნამდვილი მეგობარი და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ყველამ უნდა დავიცვათ ზღვარი და ელემენტარული ზრდილობა.
ღამის შოუს ბენდი – „მე და შენ“