გერმანული ავტო კონცერნი Volkswagen-ი, რომელმაც 2024 წლის ბოლოს ხარჯების შემცირების პროგრამა უკვე დააანონსა, შესაძლოა ეკონომიის სტრატეგია კიდევ უფრო გაამკაცროს. გამოცემა Manager Magazin-ის ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობაში განიხილება დამატებითი ხარჯების 20%-იანი შემცირების გეგმა, რომელიც 2028 წლამდე უნდა განხორციელდეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი რამდენიმე საწარმოს დახურვასაც მოიცავს.
წყაროების ცნობით, ახალი მასშტაბური გეგმა დახურულ შეხვედრაზე კონცერნის ხელმძღვანელმა ოლოვერ ბლუმემ წარადგინა. სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოს დამტკიცებულმა სტრატეგიამ მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც კომპანიას დამატებითი ზომების მიღება უწევს. ცვლილებები შეეხება კონცერნში შემავალ ყველა ბრენდს.
ეკონომიკური სირთულეების მიზეზად სახელდება ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების შემცირება, ელექტრომობილების გავრცელების ტემპის არასწორი შეფასება და აშშ-ის პოლიტიკა.
ამასთან, სააგენტო Reuters-თან საუბარში Volkswagen-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2024 წლის შემდეგ კონცერნმა უკვე მოახერხა რამდენიმე ათეული მილიარდი ევროს დაზოგვა, რამაც გარკვეულწილად დააბალანსა გეოპოლიტიკური გამოწვევები.
Volkswagen-ის პროფკავშირის ხელმძღვანელმა დენიელა კავალომ აღნიშნა, რომ 2024 წლის დეკემბერში მენეჯმენტთან გაფორმებული შეთანხმება გამორიცხავს ქარხნების დამატებით დახურვასა და პერსონალის შემდგომ შემცირებას.
ახალი სტრატეგიის საჯარო პრეზენტაცია 10 მარტს არის მოსალოდნელი, როდესაც ოლივერ ბლუმე გასული ფინანსური წლის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გამოვა.